მას ყოველთვის ვერ შეაჩერებ - უნიონის მწვრთნელი კვარაზე
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბერლინის „უნიონი’’ შინ „ნაპოლისთან’’ 0:1 დამარცხდა. ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს, გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ქართველმა გარემარბმა ბრწყინვალედ იმოქმედა, საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის მცველს აჯობა და რასპადორის რეალური მომენტი შეუქმნა.
მატჩის შემდეგ ბერლინის „უნიონის'' მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია „გუშინ ვთქვი, რომ ფლანგების მეშინოდა, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ. ზონები ჩავკეტეთ, მეტოქეს პასების გაკეთების არეალი შევუზღუდეთ. გაშვებული გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას ხარისხი ვიხილეთ, ვნახეთ როგორ აჯობა მცველს. მას ყოველთვის ვერ შეაჩერებ. ვიცოდით რომ „ნაპოლი’’ ძალიან ძლიერი გუნდია და მეტოქის ფეხბურთელების შეჩერებას ვცდილობდით’’.
ხვიჩა წინააღმდეგ თამაშის წესი არაერთხელ დაირღვა, ორ შემთხვევაში მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველი გარემარბი ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო, Sofascore-მა 7,8 დაუწერა. ბურთს 72-ჯერ შეეხო, 48 პასიდან 43 ზუსტად შეასრულა (90 პროცენტი). მინდორზე 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. დრიბლინგის 9 მცდელობიდან 5 წარმატებული იყო. ბურთი 15-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა.
3 ტურის შემდეგ C ჯგუფში „ნაპოლი'' 6 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს'' 3 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „ბრაგას'' 3 ქულით უსწრებს. „უნიონი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში „ნაპოლი'' „უნიონს'' მიიღებს (8 ნოემბერი, 21:45).