ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

თამაში ერთ მომენტში შეცვალა - დი ლორენცო ხვიჩას მადლიერია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბერლინის „უნიონი’’ შინ „ნაპოლისთან’’ 0:1 დამარცხდა. ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს, გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ქართველმა გარემარბმა ბრწყინვალედ იმოქმედა, საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის მცველს აჯობა და რასპადორის რეალური მომენტი შეუქმნა.

Football Italia დი ლორენცოს კომენტარს შემდეგი სათაურით აქვეყნებს: „დი ლორენცო კვარაცხელიას მადლიერია მისი მაღალი სათამაშო ხარისხის გამო’’

„ნაპოლის'' კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო: „რთული თამაში იყო. გარკვეულ მომენტებში გაგვიჭირდა, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. ასეთ თამაშებში საჭიროა მომენტები, როცა ფეხბურთელები მაღალი დონის ხარისხს აჩვენებენ. თანაგუნდელების მადლიერი ვარ, ვინც თამაში ერთ მომენტში შეცვალა.

სტუმრად თამაში უფრო რთულია, თუმცა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს. 

გასულ სეზონში არავინ ელოდა ასეთ შედეგს, მეტოქეები ჩვენს თამაშს სწავლობენ და ახლა უკეთ ვართ მომზადებულნი''.

ხვიჩა წინააღმდეგ თამაშის წესი არაერთხელ დაირღვა, ორ შემთხვევაში მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველი გარემარბი ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო, Sofascore-მა 7,8 დაუწერა. ბურთს 72-ჯერ შეეხო, 48 პასიდან 43 ზუსტად შეასრულა (90 პროცენტი). მინდორზე 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. დრიბლინგის 9 მცდელობიდან 5 წარმატებული იყო. ბურთი 15-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები