„სწრაფად უნდა გაიზარდოს“ | ტურინულმა გამოცემამ საზონოვზე დაწერა
ტურინულმა გამოცემამ, Toro-მ „ტორინოს“ ქართველ ფეხბურთელს, საბა საზონოვს სტატია მიუძღვნა. ავტორი საკადრო პრობლემების გამო, „გრანატას“ დაცვის ხაზში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზონოვს მეტი სათამაშო დრო ექნება, მაგრამ სწრაფად უნდა გაიზარდოს.
„ივან იურიჩის ტორინოს რთული პერიოდი უდგას. გრანატას მცველმა, პერ სხურსმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და გუნდს დიდი ხანი ვერ დაეხმარება. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტორინოს დაცვის ქვაკუთხედი გახლდათ და მწვრთნელს მოუწევს, ფონს მის გარეშე გავიდეს. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, დაცვის ხაზის მეორე ლიდერი, ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმის გამო ისევ ვერ თამაშობს, ტამეზემ კი დამატებითი ტესტები უნდა ჩაიტაროს და გაირკვეს მისი დაზიანება სერიოზულია თუ არა. ტორინოს უკანახაზს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება და იურიჩმა წამალს მიაგნო, რომლის სახელიც საბა საზონოვია.
კლუბში არსებული საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, საზონოვს მომდევნო შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო მიეცემა, მაგრამ, სწრაფად გაზრდა მოუწევს, რათა ინტერთან მატჩში გამოჩენილი ხვრელები შეავსოს. მარკუს ტურამს ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა და ბევრად გაუმარტივდა თამაში მეორე ნახევარში, როცა მას დინამო მოსკოვის ყოფილი ფეხბურთელი მეურვეობდა. მოედანზე მყოფი საზონოვით (თუმცა უმთავრესი მიზეზი ბუონჯორნოსა და სხურსის არყოფნაა) ჩანს, რომ ტორინომ სრულად დაკარგა ბალანსი და სოლიდურობა, რომლებითაც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ, 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელს მოუწევს, სწრაფად გაიზარდოს, რათა დაეხმაროს დაცვას, რომელიც ერთ-ერთი ბურჯის გარეშე დარჩა“, - წერს ტურინული გამოცემა.
ცნობისთვის, 21 წლის ქართველმა მცველმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი „ლაციოსთან'' შედგა, როცა თამაშში 26-ე წუთზე ტრავმირებული ალესანდრო ბუონჯორნოს ნაცვლად ჩაერთო. „ვერონასთან'' სასტარტოში ითამაშა, თუმცა ტრავმის გამო 27-ე წუთზე შეცვალეს. საბამ ტრავმის გამო „იუვენტუსთან'' შეხვედრა გამოტოვა, შემდეგ ვარჯიში განაახლა და „ინტერთან“ ითამაშა.