„მთავარი როლი რომეოსა და ჯულიეტას ქალაქში“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა ტრადიციას არ უღალატა და იტალიის სერია A-ს გასული ტურის შეჯამება შემოგვთავაზა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც „ვერონასთან“ სტუმრად გამართულ მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა და დუბლი გაიფორმა. სტატიის ავტორი იტალიელი ჟურნალისტი, ალვიზე კანიაცო გახლავთ და იგი „კვარას“ გამოსვლას ასე აღწერს: „კვარაცხელიას მთავარი როლი რომეოსა და ჯულიეტას ქალაქში (უილიამ შექსპირის პიესაში მოქმედება ვერონაში ხდება)“.
„ლუჩანო სპალეტის წასვლისა და რუდი გარსიას დანიშვნის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას როლი საფუძვლიანად შეიცვალა. გარსიას 4-2-3-1 ტაქტიკაში ზედმეტი მოძრაობებისა და შთამბეჭდავი დრიბლინგების ადგილი არაა და ქართველმა ფეხბურთელმა მატჩებისადმი საკუთარი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ხვიჩა შეტევით მექანიზმებში მეტად კონკრეტული გახდა.
სპალეტის პერიოდისგან განსხვავებით, გარსიას გუნდში კვარაცხელია ბურთს უფრო იშვიათად ეხება და მატჩებისას არის მომენტები, როცა მინდორზე უბრალოდ არ ჩანს. მიუხედავად ამისა, ქალაქში, რომელიც ცნობილი რომეო და ჯულიეტამ გახადა, მან ვერონას კაპიტანი, დავიდე ფარაონი მუხლებზე დააჩოქა და სეზონის არც თუ ისე კარგად დაწყებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.
მარკო ბარონის გუნდი ძალიან სუსტი აღმოჩნდა, რათა ნაპოლი შეეწუხებინა და პარტენოპეიმ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისასა და ვიქტორ ოსიმენის გარეშეც 3:1 მოიგო, რაც გარემარბების, კვარაცხელიასა და პოლიტანოს მრავალმხრივად გამოყენების დამსახურება გახლდათ. მძინარე სტარტის შემდეგ, რომელიც ბევრი კვირა გაგრძელდა, ქართველმა ფეხბურთელმა ხელახლა გამოცადა რას ნიშნავს, მთავარი გმირობა მაშინ, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდები. როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისთან გამართული საუბრები გამოადგა და შაბათს, კვარაცხელია ჩუმი ლიდერი გახდა, რომელსაც რუდი გარსია დიდი ხანი ეძებდა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და „უნიონ ბერლინთან“ გასამართი მატჩია, რომელსაც რამდენიმე საათში ვიხილავთ.