კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, პელე
Aa Aa

მთავარი არგუმენტები | რატომ „დახურავს“ მესი ფეხბურთს მე-8 „ოქროს ბურთით“?!..

„მას შემდეგ, რაც ყველაფერს მივაღწიე, ერთადერთი, რაც დამრჩა, სიამოვნების მიღებაა. თითოეული დღით ვცხოვრობ და ვტკბები ყველაფრით, რაც მშვენიერია. ღმერთი მეტყვის, წასვლის დრო როდის დადგება“, - განაცხადა მესიმ 2023 წლის ივლისში, TV Publica-სთან ინტერვიუში.

ლიონელ მესი და ფეხბურთი სინონიმები არიან. 2004 წელს, როცა 17 წლის თინეიჯერი დიდ სცენაზე გამოჩნდა, მცოდნე და დაკვირვებული ხალხი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ფურცელი შეიძლებოდა, გადაშლილიყო.

ყველაზე ცუდ მატჩებსა და პერიოდებშიც კი, მესი და ფეხბურთი განუყოფელი ცნებები იყვნენ, რადგან მისი ერთი მოძრაობა და მოქმედება არის ის, რაც ფეხბურთია. მესის ეს ორგანულად აქვს, ამ თვისებებით დაიბადა და ამაში ვერასდროს ვერავინ ვერავის შეედავება. თუ ამბობ, რომ ასე არაა, ესე იგი, ფეხბურთს ვერ გრძნობ და არ გესმის. ერთია, ფეხბურთი იცოდე და მეორე - გესმოდეს და გრძნობდე.

მესი და ლიდერობა: რა შეიცვალა წლებთან ერთად

ცხადია, „ლა პულგას“ კარიერაშიც ყოფილა პატარ-პატარა ვარდნები, რასაც კრიტიკის მძვინვარე ტალღები მოჰყვებოდა. საწყის წლებში ლეოს მინუსად „დიდი მატჩების კომპლექსს“ თვლიდნენ, დიდი მომენტების, როცა ყველაფერი დიდი მოთამაშეების გადასაწყვეტია. წლების განმავლობაში არ წყდებოდა საუბარი ლიდერის თვისებების არქონაზე, რაზეც ყველაზე მკაფიო და პირდაპირი კომენტარი დიეგო მარადონამ გააკეთა:

„მესი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ლიდერი არაა. როცა თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან უნდა საუბრობდეს, ფლეისთეიშენს თამაშობს. ამის შემდეგ გამოდის მოედანზე და უნდა, ლიდერი იყოს“.

აქედანაც რა კარგად ჩანს, რამდენად უყვარს დიეგოს არგენტინა: მან ეს, მესისა და მთელი არგენტინის გასაგონად, ზუსტადაც თავისი ქვეყნისთვის თქვა, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ, მესისა და მისი ლიდერობის გარეშე, არგენტინელი ხალხი დიდ გამარჯვებებს ვერ იზეიმებდა. „დიეგიტომ“ ეს კომენტარი 2018 წელს გააკეთა და დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას. რა მოხდა იქამდე და მას შემდეგ?!

„ლა პულგა“ კარიერის პირველი ნახევარი იყო ბავშვი, რომელიც მოედანზე საოცრებებს აკეთებდა და თამაშით ტკბებოდა, რასაც უდიდესი შედეგებიც მოჰქონდა, მაგრამ როცა საქმე ბრძოლაზე და რაღაცის კბილებით მიღწევაზე მიდგებოდა, იქ თითქოს ქრებოდა და ბრძოლის ველზე სხვის იმედზე რჩებოდა, გვერდით იდგა და თავის რიგს ელოდებოდა, რომელიც შეიძლებოდა, საერთოდ აღარ დამდგარიყო. სპექტაკლებით მოგება კარგია, ხალხს თეატრიც უყვარს და სანახაობაც, მაგრამ რაღაც დიდის მისაღწევად, ხშირ შემთხვევაში, მირტყმა-მორტყმა, კბენა, ღრენა, ეშმაკობა, ყველაფერზე წასვლა და, თუ საჭიროა, „ღმერთის ხელიც“ გჭირდება.

პარადოქსულ რამეს ვიტყვი: გუარდიოლას ეპოქალურმა „ბარსამ“ მესის სანაკრებო კარიერას რამდენადაც კარგი, იმდენადვე ცუდი სამსახური გაუწია.

აი, რატომ: „ლა პულგას“ პირველმა წლებმა ნათლად დაადასტურა, რომ იგი თავისი თაობის უდიდესი არგენტინელი ფეხბურთელი იქნებოდა, ისტორია კი გვიჩვენებს, რომ თუ ხარ არგენტინელი და გინდა მსოფლიო ჩემპიონობა ან რომელიმე დიდი სანაკრებო ტიტული, მაშინ გუნდი ერთი სუპერ ვარსკვლავის გარშემო უნდა ააწყო, როგორც ეს 78-ში - კემპესის და 86-ში მარადონას შემთხვევაში იყო. უფრო კარგი შედარება მარადონაა, რადგან კემპესს მაინც სესარ მენოტის რომანტიკული გუნდით აქვს მუნდიალი მოგებული. თუმცა, მოცემულობა: „ერთი უდიდესი ვარსკვლავი და გუნდი მის გარშემო“, არ იცვლება.

მესი, როგორც ვარსკვლავი და დიდი ფეხბურთელი, „ლა მასიამ“ და შემდგომში სწორედ „პეპის“ „ბარსამ“ გვაჩუქა, მაგრამ იმ ეპოქალურმა და ლამის უძლეველმა გუნდმა ლეო მწვერვალებზე ადვილად ასვლას შეაჩვია, ან თუ საბრძოლველი იყო, ცეცხლში სხვები შედიოდნენ და არა - მესი. მესის უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ მთლად ასეც არა, რომ მუდმივად „ბავშვის“ როლი მოარგო, სახიფათო ამბებს აარიდო და მუდმივად პუიოლი, ჩავი, ინიესტა და სხვები იცავდნენ. ჰოდა, ასეთ პირობებში ლიდერად ჩამოყალიბება როგორ წარმოგიდგენიათ?! მეორე მხრივ, მესმის რომ 2008-12 წლებში ასაკითაც პატარა იყო, მაგრამ დრო ცოტაა, მით უმეტეს, სანაკრებო ფეხბურთში. „ბავშვი“ მესით კი „ალბისელესტეს“ დიდი ამბების დატრიალება გაუჭირდებოდა.

„როცა მესი შენი კაპიტანი ხდება, მზად ხარ მისთვის ომშიც წახვიდე. არავინ ცდილობს, გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდეს, რადგან იციან, რომ ლეო ხელშეუხებელია, დანარჩენებს კი საერთო საქმეში წვლილი შეგვაქვს“, - არ მგონია, როდრიგო დე პაულს ეს კომენტარი, 2014 წლის „ალბისელესტეს“ წევრი რომ ყოფილიყო, მაშინდელ კაპიტან მესიზე გაეკეთებინა.

შეიძლებოდა, გამოსულიყო 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობაც, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, იქნებოდა ეს „ლიდერი მესის“ მოგებული ტიტული? მე ვფიქრობ, რომ არა, რადგან რაც მან 2022 წლის კატარის მსოფლიოზე გააკეთა, რაღაც სხვაა, რაც 2014-ის არგენტინას აკლდა. „ბავშვსა“ და „ლიდერს“ შორის ნათელი კონტრასტია მშრალი ციფრებითაც:

მესიმ 2014-ის მუნდიალზე 4 გოლი შეაგდო და ყველა მათგანი - ჯგუფურ ეტაპზე. შვეიცარიასთან 1/8 ფინალში, დამატებით დროში დი მარიას გოლისას, მთავარი საქმე ლეომ გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ „ალბისელესტეს“ ტურნირზე გოლი აღარ გაუტანია. ისე, მესმის არგენტინის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის, ვინც გერმანიასთან ფინალზე ამბობს, რომ მოსაგები ჰქონდათ, მაგრამ რამდენად ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონობა გუნდს, რომელსაც პლეი-ოფის 4 მატჩის ძირითად დროში არც ერთი (!!!) გოლი გაუტანია და ერთადერთი ბურთი შვეიცარიასთან, დამატებით დროში შეაგდო?!

მართალია, მესის იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცეს, მაგრამ ეს მესისეული საუკეთესო ფეხბურთელობა არ იყო! დავუშვათ, რომ სხვებზე უკეთესი იყო, მაგრამ „მესი“ მაინც არ იყო! სადაა ლიდერობა და ამბიცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს, ვისაც GOAT-ებში მოიაზრებენ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: 2014-ში „მესის მსოფლიო ჩემპიონატი“ არ ყოფილა, როგორც 58-სა და 70-ში - პელესი; 62-ში - გარინჩასი ან 86-ში - მარადონასი!..

მესმის და სოლიდარული ვარ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც გერმანიასთან მარცხის შემდგომ წლებში არგენტინის ნაკრების მრავალრიცხოვანი ინჩადა გრძნობდა. თუმცა, ყველაზე ცუდ ამბავსაც სადღაც კარგი აუცილებლად მოეძებნება. ჩვენს „საგოლე გადაცემის“ LIVE-ში, ეგეთი რამ თქვა პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ, 2014-ის მუნდიალის ფინალის წაგებაზე: „რაღაც მხრივ კარგია, რომ არგენტინამ ის ფინალი წააგო, რადგან, თუ მოიგებდა, შეიძლებოდა, ვეღარ გვენახა შემდეგი წლების ასეთი ტიტულზე დაგეშილი და სუპერ მოტივირებული მესი“. ცნობილი ამბავია, რომ იაგო არგენტინის ნაკრებისა და პირადად მესის დიდი გულშემატკივარია.

აბა, 2014-ის ტურნირის ფონზე, 2022-ის მსოფლიოს შევხედოთ: ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლი და 1 ასისტი; მთავარი პერფორმანსი კი, როგორც ლიდერის შემთხვევაში უნდა იყოს, პლეი-ოფიდან იწყება!

1/8 ფინალში ავსტრალიასთან გოლი შეაგდო, 1/4 ფინალში ნიდერლანდებთან - გოლი და ულამაზესი ასისტი მოლინაზე; 1/2 ფინალში ხორვატიასთან - გოლი და ასისტი; ფინალში კი საფრანგეთთან - დუბლი. ანუ, პლეი-ოფში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ეს უკვე ის სტატისტიკაა, რაც GOAT-ს ეკადრება და შეეფერება!..

სტატისტიკის გარდა, ცალკე ამბავია ნაჩვენები თამაში და გამოვლენილი ლიდერის მახასიათებლები, რომლებიც „ბავშვს“ არ ჰქონდა და თანდათან მიხვდა, რომ უნდა შეეძინა. შეიძინა კიდეც: წაგებულ თამაშში ყვირილი, მსაჯთან კამათი, მეტოქისთვის ფეხში ჩარტყმა და ბარათის ზღვარზე თამაში, თანაგუნდელებისთვის შემოძახება და მსგავსი საფეხბურთო აუცილებელი წვრილმანები. ამის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს, შენ ესენი გჭირდება, თუ გინდა, რომ ყველაზე დიდი ტურნირი მოიგო! მოცარტი რომ ეგეთივე ფეხბურთელი ყოფილიყო, მასაც დასჭირდებოდა, რადგან არის ფეხბურთსა და ცხოვრებაში რაღაცები, რაც უბრალოდ ასეა, ვერაფერს იზამ, გარდა ერთისა: უნდა მიიღო, მართო და საშენოდ შემოატრიალო!..

მესი თანდათან შინაგანად შეიცვალა და დაიწყო იმ თვისებების გამომუშავება, რაც ლიდერობას და კონკრეტულად არგენტინის ნაკრების ლიდერობას სჭირდება. ერთია, იყო რომელიმე გუნდის ლიდერი და მეორე იმ ქვეყნის ნაკრების, სადაც ფეხბურთი რელიგიაა და ფეხბურთელებს რაღაც სხვა, შეიძლება ითქვას, ღვთიური მისია აკისრიათ. ასე რომ, ამას კიდევ სხვანაირად სწავლა, მორგება და ტარება უნდა.

და მაინც, სად მოხდა მესის კარიერასა და ცხოვრებაში ის გარდატეხა, როცა ლიდერად ჩამოყალიბება დაიწყო. დაიწყო და მივიდა იქამდე, რომ თავისი 45 მილიონი თანამემამულის სათაყვანებელი გუნდი მსოფლიო მწვერვალზე აიყვანა და ნაკრებიდან ნაადრევი წასვლიდან ზუსტად 6.5 წელში სამი ტიტული ჰქონდა: „კოპა ამერიკა“, „ფინალისიმა“ და მისი უდიდებულესობა - მსოფლიო ჩემპიონატი!

ნაკრებიდან წასვლა: გარდატეხა „ბავშვსა“ და ლიდერს შორის

არც ისე იშვიათობაა, როცა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც დიდ წარმატებებს უმძიმესი პერიოდები ერთვის წინ. დაახლოებით ასე იყო არგენტინელი ვარსკვლავის შემთხვევაშიც.

აბა წარმოიდგინეთ: აგებ 4 დიდ სანაკრებო ფინალს - 2007-ში, 2015-სა და 2016-ში - „კოპა ამერიკისას“, ხოლო 2014-ში - მუნდიალისას. 2016 წელს, „კოპა ამერიკის“ ფინალში, პენალტების სერიაში ვერგატანისა და ტიტულის ჩილესთვის კიდევ ერთხელ დათმობის შემდეგ, ნაკრებიდან წასვლის შესახებ აცხადებ. ამდენ წნეხსა და წარუმატებლობას უბრალოდ ვეღარ უძლებ და თითქოს ნებდები...

2007-ის „კოპა ამერიკის“ ფინალის წაგებას კიდევ არა უშავდა მაშინ 20 წლის მესიზე გაცილებით ნაკლები წნეხი იყო, თანაც, ეს ამბავი ერთი წლის შემდეგ ოლიმპიადის მოგებამ შეამსუბუქა. აი, ამის მერე კი სანაკრებო ფინალების წაგებები ერთბაშად მიეწყო: 2-წლიან ინტერვალში, 2014-დან 2016-ის ჩათვლით, „ალბისელესტემ“ 3 ფინალი დათმო. თანაც, ხომ გააჩნია, როგორ აგებ: პირველი მათგანი - 114-ე წუთზე გაშვებული გოლით, დანარჩენი ორი კი - პენალტების სერიაში.

აქვე ჩილესთან 2016-ის ფინალის ვიდეოსაც გაჩვენებთ და უბრალოდ შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ადამიანი. ყველაფერ იმის დანახვას, რასაც იგი განიცდის და რამდენად დიდი შინაგანი ემოციაც აწვება, ბევრი არაფერი სჭირდება. ამას ვერ ითამაშებ და ასეთ ემოციებს ხელოვნურად ვერ შექმნი - ლეო წაშლილი და განადგურებულია!


„ოთხი ტიტულის ფინალში დათმობა მესისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. 29 წლის ვარსკვლავმა არგენტინულ ტელევიზიასთან საუბრისას გამოაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდის. თუ არაფერი შეიცვალა, მის დიდ საფეხბურთო მემკვიდრეობას ყოველთვის ექნება რაღაც სიცარიელე“, - „Bleacher Report“-ი, 2016 წლის 27 ივნისი.

ალბათ, მარადონასთან, 2016 წელს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, გამართულმა საუბარმა და 2018 წელს დიეგოს მიერ გაკეთებულმა ზემოთ მოყვანილმა კომენტარმაც, ლეოს ტრანსფორმაციაში თავისი პოზიტიური ბიძგები შეიტანა, მაგრამ მთავარი მაინც ნაკრებიდან წასვლა და იმ პერიოდში ბევრი რამის გადაფასება უნდა იყოს. მესი სწორედ ამ დროს ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს და გუნდის მიმართ დამოკიდებულებაც ცოტა სხვა სიბრტყეში გადაიტანოს.

იოლი პროცესი ნამდვილად არაა შენში შინაგანად რაღაცები შეცვალო და ახალ ეტაპზე გადახვიდე, მაგრამ დიდი ხალხი ამის საჭიროებას ჯერ აცნობიერებს, მერე მუშაობას იწყებს და ბოლოს ახერხებს კიდეც! ჰოდა, აი, „პულგაც“ დიდი კაცია და უფლება არ ჰქონდა, თავისი ასეულობით მილიონი ფანისა და პირადად 45 მილიონი არგენტინელისთვის იმედი გაეცრუებინა.

ვინ იტყვის, რომ მესის დიდი ამბების სათავისოდ გადატრიალება არ გამოუვიდა?! კარგი, თუ ვინმე იტყვის, ვუპასუხოთ: ამ პროცესების შემდეგ ჯერ „კოპა ამერიკის“ ფინალი მოიგო, თანაც, „მარაკანაზე“, ბრაზილიის წინააღმდეგ! შემდეგ იტალიასთან „Finalissima“-ზეც მოიპოვა ტიტული, ყველაზე მარწყვი ამბავი კი კატარში დაატრიალა და „ალბისელესტეს“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული თასისკენ ნაღდი ლიდერივით გაუძღვა! დიახ, დიდი ლიდერის გარეშე ვერ იგებ ისეთ ფინალს, როგორიც „არხენტინამ“ დაბრუნებულ საფრანგეთთან მოიგო! მესი ასეთი გახდა, იგი ჩუმი ლიდერია და ვინ იცის, რომელი უფრო დიდი მუხტია გუნდისთვის: გყავდეს ჩუმი, ლიდერად ჩამოყალიბებულ-შემდგარი მესი თუ ბუნებრივად ეგეთად დაბადებული მათეუსი?!..

„მესი საფეხბურთო ლიდერია და ამას ყველა ხედავს, მაგრამ როცა საუბრობს, სწორ სიტყვებს ამბობს. არასდროს მინახავს ისეთი რამ, რასაც ის თანაგუნდელებს გადასცემს. ამის სიტყვებში გადატანა რთულია. შემიძლია, ვილაპარაკო, მაგრამ ეს უნდა ნახოთ. მითხარით, როგორ გადმოგცეთ ის, როგორ უყურებენ საუბრისას თანაგუნდელები, რა აღტაცება იკითხება მათ თვალებში... ძალიან რთულია, აგიხსნათ“, - ლიონელ სკალონი.

დაახლოებით ამავე ჟანრისაა როდრიგო დე პაულის კომენტარი, რომელიც 2021 წლის „კოპა ამერიკის“ მოგების შემდეგ გააკეთა.

„არგენტინელი ხარ, ნაკრების ღირსების დაცვის პატივი გაქვს და გიწევს, ითამაშო „კოპა ამერიკის“ ფინალი ბრაზილიაში, მათი ნაკრების წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, რაზე ვსაუბრობ! როდესაც ვუყურებდით მატჩის წინ მესის, მის თითოეულ უსიტყვო მოქმედებაში იკითხებოდა ის, თუ როგორ ემზადებოდა და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ფინალს. ბიჭებისთვის ცხადი გახდა, რომ მისთვის უნდა გვეთამაშა და ტიტული ნებისმიერ ფასად მოგვეგო“.

21-ე საუკუნის GOAT-ები: ვინ არის ახლოს?

ყველა დანარჩენი დიადი ხალხის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი მესი-რონალდუს ეპოქაა და ამ ჰეგემონიაში ვერც ერთი სხვა ფეხბურთელი ჩაერევა. საუბარი მხოლოდ „პრაიმზე“ არაა, წლების სტაბილურობაც დავამატოთ და თამამად ვიტყვით, რომ ვაფასებთ ზიდანს, ბრაზილიელ რონალდოს, ანრის, რონალდინიოს, ჩავის, ინიესტას და სხვებს, მაგრამ... აი, ამ „მაგრამის“ იქით, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ობიექტურად ვერ წავალთ.

მესმის და ვეთანხმები იმ აზრს, რომ ასეთი დიდი მაესტროები რიცხვებით და სტატისტიკით არ იზომებიან და ფეხბურთი ამიტომაც გვიყვარს, თუმცა როცა საქმე ამ უდიდესი სპორტის GOAT-ობას ეხება, რიცხვების, წლების, ტიტულებისა და მსგავსი მსაზღვრელების შემოტანა საჭირო ხდება. დამიჯერეთ, მესი-რონალდუსთან ნახსენებთაგან რიცხვებზე „დასვლა“ არც ერთის შემთხვევაში ღირს. უბრალოდ, აზრი არ აქვს.

შესაბამისად, კითხვას - „არის თუ არა მესი თავისი ეპოქის GOAT-ი“, მისი და რონალდუს შედარებით ვუპასუხოთ. ჯერ ეს ორი შევადაროთ, აქტუალურ კითხვებზე პასუხი მივიღოთ და ძველი თაობის ვარსკვლავებთან დაკავშირებულ კითხვებზე და საკითხებზე მერე გადავიდეთ.

„როცა ისინი აღარ ითამაშებენ, გავაანალიზებთ, რამდენი მოუციათ თითოეული ჩვენგანისთვის. ყოველთვის თავს ვარიდებ იერარქიულად დალაგებას, რადგან განსხვავებული ფეხბურთელები არიან. სრულიად განსხვავებულები, მაგრამ გამონაკლისები, რომელთაც 15 წლის განმავლობაში გვიჩვენეს, რამდენად მაგარი შეიძლება იყოს ფეხბურთი“, - არსენ ვენგერი.

ორი აზრი არაა, მესიმ და კრიშტიანუმ არაერთი მსგავსი კომენტარი დაიმსახურეს, ვენგერის ეს განცხადებაც შთამაგონებელია, მაგრამ მაგარი სიტყვები აქვს ნათქვამი ლუკა მოდრიჩსაც.

„ისტორია, ათწლეულების შემდეგ, იტყვის, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის პატარა ქვეყანას წარმოადგენდა, მოიგო „ოქროს ბურთი“ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ! ისინი სხვა დონეზე არიან და არავინაა სათანადოდ ძლიერი, რომ ამ ორთან შეადარო“, - მოდრიჩმა ეს ისტორიული სიტყვები „ოქროს ბურთის“ მოგებიდან რამდენიმე წუთში, „France Football“-თან საუბრისას წარმოთქვა.

ფეხბურთის 160-წლიანი ისტორიის არც ერთ ეპოქაში არც ერთ სხვა ორ ფეხბურთელს იმდენი წლის განმავლობაში არ ჰქონია მსგავსი სიმძაფრის კონკურენცია, როგორც ამ ორ დიდოსტატს. თანაც, რა დონესა და სიმაღლეზე?! დიდი შანსია, 2023 წლის „ოქროს ბურთი“, თუკი მას მესი მოიგებს, ამ დუოს მიერ მოგებული ბოლო მთავარი საფეხბურთო ჯილდო იყოს. და ამით რა გამოვა: 15-დან 13 სეზონში მსოფლიო ფეხბურთის უპირველესი და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ან ერთს რჩებოდა, ან - მეორეს. არანორმალური, არაადამიანური, არაამქვეყნიური სტაბილურობა და ვნება საყვარელი საქმის მიმართ!

აბა, წარმოიდგინეთ, თქვენს საქმეში, რომელიც ძალიან გიყვართ, ამდენი წელი იყოთ ისევე სტაბილურად პროგრესირებადი და მზარდი, როგორც ეს ორი იყო. რა დონეზე, რა სიმაღლეზე, რა წნეხისა და სირთულეების ფონზე?! არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში ხართ, ან რა სპეციფიკის სამუშაოს ასრულებთ, უბრალოდ, ეს რაღაც განსაკუთრებულია და, ვფიქრობ, ძნელად გამოიძებნება ვინმე, ვისაც იმის გააზრება გაუჭირდება, რაზეც ვსაუბრობ. მოკლედ და კონკრეტულად: გილოცავთ, თქვენ ორი ფენომენის გასაოცარ, განუმეორებელ საფეხბურთო თავგადასავალს თვალი ცოცხლად ადევნეთ! ალბათ, უკვე წარსულში, რადგან ორივე გვაჩვევს, რომ ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდიან და ეს ბუნებრივიცაა. დაისვენონ, ჩვენ კი თანდათან უფრო გავიაზრებთ, რა ვნახეთ...

რონალდუ V მესი - სტატისტიკური შედარება

კარგი, რიცხვებით, სეზონების მიხედვით გავუყვეთ და შევადაროთ. ცალკე გავამახვილოთ ყურადღება მესისა და რონალდუს „პრაიმზეც“ (2009-18). ის წლები, როცა კრიშტიანუ ლა ლიგაში თამაშობდა, ყველაზე კარგად გვაძლევს მიმართულებას, რა კუთხით და კრიტერიუმებით შეგვიძლია, შევადაროთ ეს ორი კაცი. წლების მიხედვით ავიღოთ გოლები, ასისტები, გოლებისა და გოლი+ასისტის „Ratio“-ები, ტიტულები და ინდივიდუალური ჯილდოები, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

პირველ რიგში, ყველა საკლუბო ტურნირზე გოლების მაჩვენებელს გადავხედოთ. მონაცემები მოცემულია 2002-03 წლების სეზონიდან 2022-23 წლების სეზონის ჩათვლით - სულ 21 სეზონი.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ასაკში 2-წლიანი სხვაობის გამო, რონალდუს მესიზე 2 სრული სეზონით მეტი აქვს ნათამაშები.

რადგან მესის 2002-03 და 2003-04 წლებში არ უთამაშია, შეჯამება 2004-05 წლების სეზონიდან დავიწყოთ და 19 სეზონის მონაცემები შევადაროთ.

სიმბოლურია, რომ გოლებში სრული თანაფარდობა გამოდის - 9-9 სეზონში ერთმანეთზე მეტი გოლი გაიტანეს, ერთ სეზონში კი თანაბარი რაოდენობის 53-53 შეაგდეს, ჯამური რაოდენობაც კი თანაბარია - 704:704-ზე!

ყველა საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლები: თანაბარი!

ცალკე ავიღოთ „პრაიმის“ 9 სეზონი (2009-2018), როცა თან ერთ ჩემპიონატში თამაშობდნენ - 3-ჯერ რონალდუმ უფრო მეტი გაიტანა, 5-ჯერ მესიმ აჯობა, ის ერთი სეზონი ისევ ისაა - 53-53-გოლიანი.

ყველა საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლები „პრაიმში“ (2009-2018): უკეთესი - მესი! - 472:450.

რონალდუს ყველაზე შედეგიანი წელი 2014-15 ჰქონდა, როცა 61 გოლი შეაგდო, მესიმ კი 2011-12 წლებში 73 ბურთი გაიტანა.

ყველა საკლუბო ტურნირზე ყველაზე უხვგოლიანი სეზონი „პრაიმში“: უკეთესი - მესი! – 73:61.

ყველაზე დაბალშედეგიან „პრაიმის“ სეზონში რონალდუმ 33 გოლი გაიტანა, ეს ლა ლიგაში მისი სადებიუტო წელი იყო. მესის „პრაიმის“ „უცუდესი“ სეზონი 41-გოლიანია.

ყველა საკლუბო ტურნირზე ყველაზე ნაკლებგოლიანი სეზონი „პრაიმში“: უკეთესი - მესი! – 41:33.

როგორც ხედავთ, ასისტებში მესის უპირატესობა სრულიად აშკარაა: ჯამში მან 15 სეზონში უკეთესი შედეგი აჩვენა, 3-ჯერ რონალდუ იყო უფრო შედეგიანი, ხოლო 2013-14 წლებში 14-14 ასისტი გააკეთეს.

ყველა საკლუბო ტურნირზე გაკეთებული ასისტები: უკეთესი - მესი! – 302:203.

„პრაიმის“ 9-დან 8 სეზონში მესიმ უფრო მესი ასისტი გააკეთა, თუმცა რონალდუს არც იმ გამონაკლის სეზონში ჩამორჩა და იმდენივე ასისტი ჰქონდა.

ყველა საკლუბო ტურნირზე გაკეთებული ასისტები „პრაიმში“: უკეთესი - მესი! – 177:120.

ყველაზე მაღალასისტიანი სეზონი მესის 2011-12 წლებში ჰქონდა, როცა 30 ასისტი შეასრულა. რონალდუს საუკეთესო წელი კი 2014-15-ში იყო - 21.

ყველა საკლუბო ტურნირზე ყველაზე უხვასისტიანი სეზონი „პრაიმში“: უკეთესი - მესი! – 30:21.

„პრაიმში“ ყველაზე დაბალასისტიანი სეზონი რონალდუს ორჯერ ჰქონდა - 2009-10 და 2017-18 წლებში, როცა 8-8 ასისტი შეასრულა. მესის ამ მხრივ 2009-10 წლები „ჩაუვარდა“ – 11 ასისტი.

ყველა საკლუბო ტურნირზე ყველაზე ნაკლებასისტიანი სეზონი „პრაიმში“: უკეთესი - მესი! – 11:8.

ტურნირი, რომელშიც რონალდუს მესიზე რაოდენობრივად უკეთესი სტატისტიკა აქვს, ჩემპიონთა ლიგაა. პორტუგალიელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული, არგენტინელს - 4-ჯერ. ასაკით უფროსობის გარდა, სწორედ ასეთმა შედეგმაც განაპირობა ის, რომ კრიშტიანუს ლეოზე 20-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლები: უკეთესი - რონალდუ! – 140:129.

კრიშტიანუ ლიგის ბომბარდირი პირველად 2007-08 წლების სეზონში გახდა, ჯამში კი ეს სტატუსი 7-ჯერ მოიპოვა, რაც ყველა დროის რეკორდია! მეორე ადგილზე მესია, რომელმაც ბომბარდირის სტატუსი 6-ჯერ დაისაკუთრა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის ბომბარდირი: უკეთესი - რონალდუ! – 7:6.

მინიმალურია სხვაობა ასისტების საერთო რაოდენობაშიც და აქაც რონალდუს უპირატესობაა. ევროპელმა სამხრეთ ამერიკელზე 3-ით მეტი საგოლე პასი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთებული ასისტები: უკეთესი - რონალდუ! – 48:45.

აუცილებლად საგულისხმოა, რომ გოლების საშუალო მაჩვენებელსა (Goal Ratio) და გოლი+ასისტის (Goal/Assist Ratio) საშუალო მაჩვენებელში მესია უკეთესი.

ჩემპიონთა ლიგაზე მატჩში საშუალოდ გატანილი გოლები: უკეთესი - მესი! 0.79:0.77.ჩემპიონთა ლიგაზე მატჩში საშუალოდ გოლი+ასისტი მაჩვენებელში: უკეთესი - მესი! – 1.07:1.03.

Ratio-ების მაჩვენებელი გვკარნახობს, რომ მესი რონალდუს დინამიკაში არათუ არ ჩამოუვარდებოდა, არამედ ოდნავ სჯობნიდა კიდეც. ეს რიცხვი და ფაქტი გვკარნახობს, რომ ლეოს კრიშტიანუზე რაოდენობრივი ჩამორჩენაც არ უნდა ჰქონოდა, თუკი იმდენივეს ითამაშებდა ან ითამაშებს. თუმცა, ფაქტი ფაქტია - რონალდუ ამ სტატისტიკაში უკეთესია! ფეხბურთში უამრავი „რა მოხდებოდა, რომ“ გვაქვს და ამაზე კამათი გვიყვარს, მაგრამ ამ სტატიაში მოდით, უბრალოდ რიცხვებს დავეყრდნოთ.

როგორც ხედავთ, მესი მსოფლიო ჩემპიონატებზე გაცილებით შედეგიანი და წარმატებულია. რონალდუს, როგორც უდიდეს ფეხბურთელს, უზარმაზარ შავ ლაქად მხოლოდ ისიც ეყოფა, რომ მუნდიალის პლეი-ოფში არც ერთი გოლი (!!!) აქვს გატანილი. სხვათა შორის, ეს სტატისტიკა მესიმაც მხოლოდ 2022-ში გაალამაზა, თორემ, აქამდეც მასაც სრულიად შეუფერებელი უგოლო მაჩვენებელი ჰქონდა. სამაგიეროდ, კატარის მუნდიალზე პლეი-ოფში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რაც თვით მესისგანაც კი აღმაფრთოვანებლად მაგარი შედეგია.

სხვა მხრივ, როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვან სტატისტიკურ კომპონენტში არგენტინელი ბევრად წინაა. სტატისტიკის გამოძახილია ისიც, რომ მესი მუნდიალების MVP-ად ორჯერ (2014 და 2022) დაასახელეს, რონალდუ კი ამასთან ახლოსაც არასდროს ყოფილა.

კრიშტიანუს შედეგები მუნდიალზე: 2006 - ნახევარფინალი, ოღონდ მაშინ გუნდში მთავარი კაცი უკვე ვეტერანი ლუიშ ფიგუა და ნაკრები მის გარშემოა აწყობილი, 2010 – 1/8 ფინალი; 2014 - ჯგუფში ჩარჩნენ; 2018 – 1/8 ფინალი და 2022 – 1/4 ფინალი.

მეორე მხრივ, თუ რონალდუ ფინალამდეც არასდროს მისულა, მესიმ ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ კი ჟიულ რიმეს თასიც მოიგო. მოკლედ, ამ ტურნირზე დებატები უბრალოდ ვერ შედგება, რადგან ყველაფერი უცხადესად ჩანს და ყველა კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს.

გაცილებით საინტერესოდ განსახილველია კონტინენტური ლოკალური სანაკრებო ტურნირები: ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. ტიტულატურით აქ თანაფარდობაა, ორივემ თითოჯერ გაიმარჯვა, განსხვავება ისაა, რომ რონალდუმ ორი ცდიდან ერთხელ მოიგო, მესიმ კი 2021-ის ტრიუმფის გარდა, ფინალი კიდევ 3-ჯერ ითამაშა. ამ ფინალებში დამარცხებები „ლა პულგასთვის“ პირად ტრაგედიებს უტოლდება, მაგრამ ფაქტს, რომ ფინალში 3-ჯერ გასვლა და ვერცხლის მედლების აღება, წარმატებაა, ვერავინ ვერსად გაექცევა.

კარგი, სანაკრებო გოლებს, ასისტებსა და სხვა სტატისტიკებს ქვემოთ დაწვრილებით დავითვლით, აქ უბრალოდ ტიტულები და მედლები შევაჯამოთ. მესიმ „ალბისელესტესთან“ ერთად 2005 წლის U20 მსოფლიო ჩემპიონატი, 2008 წლის ოლიმპიადა, 2021 წლის კოპა ამერიკა, 2022 წლის „ფინალისიმა“ და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამას ემატება მსოფლიო ჩემპიონატის - 1 და კოპა ამერიკის 3 ვერცხლის მედალი. რაც შეეხება „რონის“, მის აქტივში ევროპის ჩემპიონობა და ერთა ლიგის მოგებაა, რასაც იმავე ევროპის ჩემპიონატზე აღებული ვერცხლის მედალი ემატება.

სანაკრებო ტიტულები: უკეთესი - მესი! - 5:2. სანაკრებო მედლები: უკეთესი - მესი! – 8:3.

სრული კარიერული სტატისტიკაც დაახლოებით იმავეს გვიჩვენებს, რაზეც საკლუბო სტატისტიკაში გვქონდა საუბარი და აქცენტები. რონალდუს თითქმის 130-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლიც მეტი გატანილი, თუმცა ასისტებში მაინც დიდი ჩამორჩენა აქვს.

მეორე მხრივ, თამაშში საშუალოდ გატანილი გოლებისა და გოლი ან ასისტის საერთო საშუალო მაჩვენებელში მესის უპირატესობა აღინიშნება, რაც ისევ იმ კითხვას ამძაფრებს: რა იქნებოდა, არგენტინელსაც იმდენივე მატჩი რომ ჩაეტარებინა?!

შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ფოტოზე მოყვანილ ტიტულთა ჯამი 35 და 43 არ გამოდის, რადგან რამდენიმე პატარა ტურნირი საილუსტრაციოდ აღარ გამომიტანია. 

შეგახსენებთ, რომ სტატიაში მოყვანილი ყველა სტატისტიკური მონაცემი 2023 წლის ივნისის (2022-23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ) შედეგებითაა მოცემული. სტატიის ამ ნაწილში კი გადავხედოთ იმ მნიშვნელოვან პერსონალურ ჯილდოებს, რომლებიც ამ ორ ფენომენს კარიერაში მოუპოვებია. შევადაროთ და შევაჯამოთ.

როგორც ხედავთ, მხოლოდ ორი ტურნირი არსებობს, რომლებიც რონალდუს უფრო მეტჯერ აქვს მოგებული - ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ამ ორის შემთხვევაშიც მინიმალური სხვაობაა. სხვა მხრივ, 7 ისეთი ტურნირია, რომლებიც მესიმ უფრო მეტჯერ მოიგო. შიდა ჩემპიონატებში არგენტინელი მნიშვნელოვნად წინაა - 12:7. „ლა პულგა“ „ბარსასთან“ ერთად ლა ლიგის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ორი ჩემპიონობა კი საფრანგეთში, პსჟ-სთან ერთად იზეიმა. ასევე, 3-ით მეტი - ქვეყნის თასი, 2-ით მეტი - ქვეყნის სუპერ თასი და ერთით მეტი უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.

საერთო ჯამში, 2023 წლის მაისის მონაცემებით, მესის რონალდუზე 8-ით მეტი ტიტული ჰქონდა მოგებული.

კიდევ ერთ რამეს დავაკვირდეთ: მოდით, „პრაიმის“ დასრულება და რონალდუს ასაკში შესვლა ბოლო წერტილად ავიღოთ - ეს თარიღი 2017-18 წლების სეზონის ბოლო და მისი „რეალიდან“ წასვლაა. 2018 წლის მაისის მონაცემებით, 33 წლის კრიშტიანუს 29 ტიტული ჰქონდა მოგებული, მაშინ როცა, იმ დროისთვის 31 წლის ლიონელის ანგარიშზე 34 ტიტული იყო.

ესე იგი, რა გამოდის: 2-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მესი რონალდუს ტიტულებით „პრაიმის“ ჩათვლითაც ჯობდა და მას შემდეგაც აჯობა, რადგან 2017-18 წლების სეზონიდან 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე, მასზე კიდევ 3-ით მეტი (9:6) ტურნირი მოიგო.

ინდივიდუალური ჯილდოების კატეგორიაში ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური თუ არასტატისტიკური 9 პრიზია გათვალისწინებული და მოცემული. 9-დან 3 კატეგორიაში რონალდუს უკეთესი შედეგი აქვს, 5 შემთხვევაში - მესის, ხოლო FIFPro-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში ორივე 14-ჯერ არის მოხვედრილი.

რონალდუს მნიშვნელოვანი წარმატება ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - The Best-ის ერთით მეტჯერ მიღება, უეფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერთით მეტჯერ დასახელება და ჩემპიონთა ლიგის სეზონის ერთით მეტჯერ ბომბარდირობაა.

ამ ფონზე, მესის ორით მეტი „ოქროს ბურთი“ აქვს, ორით მეტი „ოქროს ბუცი“, ორჯერ მეტჯერ დაასახელეს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ერთით მეტჯერ აღიარეს შიდა ჩემპიონატის MVP-ად და 3-ით მეტ სეზონში გაიტანა ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი. ოღონდ, მაინც გავმიჯნოთ: როცა ორივე ლა ლიგაში თამაშობდა, იმ პერიოდში მესი ბომბარდირი 5-ჯერ გახდა, კრიშტიანუ - 3-ჯერ.

შევაჯამოთ: ინდივიდუალურ ჯილდოებში, რაოდენობრივად ფაქტია, რომ ჯობნის და რთულია შედავება იმაშიც, რომ მესის ხარისხობრივადაც უფრო მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოგებული და უფრო მეტჯერ. ანუ, რაშიც წინაა, უმრავლეს შემთხვევაში საგრძნობი სხვაობაა, რონალდუს კი სამივე შემთხვევაში მინიმალური უპირატესობა აქვს.

დასკვნა

ხაზს გავუსვამ, ეს ყველა სტატისტიკა და ფაქტი იმ ფონზე, რომ მესი ცენტრფორვარდი ან გოლებზე ფუნქციურად სპეციალიზებული ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. მისი პოზიცია სადღაც შემტევ ნახევარმცველობასა და მეორე ფორვარდობას შორისაა. გარემარბობას არ ვიტყვი, რადგან „ლა პულგა“ მუდმივად ცენტრისკენ იწევდა და უფრო იქ ტრიალებდა, ვიდრე ფლანგზე, ამიტომ ის „ათიანი“ ან ოდნავ მარჯვნიდან მოთამაშე მეორე ფორვარდი უფროა, ვიდრე გარემარბი, რომელიც მთავარ საქმეს ფლანგიდან აკეთებს.

მესი და რონალდუ შევადარეთ, რითაც არგენტინელს GOAT-ობის გზაზე პორტუგალიელი ჩამოვაშორეთ და დავტოვეთ ერთადერთი კითხვა - კიდევ არის თუ არა ფეხბურთის 160-წლიან ისტორიაში ვინმე ისეთი, ვინც „ლა პულგაზე“, მეტს თუ არა, დაახლოებით იმდენივეს მაინც მიაღწია, თანაც იმ ფონზე, რომ მინიმუმ 15 წელი ტოპ დონეზე ითამაშა?..

ქვემოთ მოცემული ალტერნატიული რეალობის ამსახველი „ოქროს ბურთის“ სტატისტიკით მარტივად მიხვდებით, რომ რონალდუს ჩამოშორებასთან ერთად, მესის უნდა ჩამოვაშოროთ ყველა, გარდა ერთი კაცისა. აი, მასთან მიმართებით, საქმე ასე ერთი ხელის მოსმით არაა და, როგორც მინიმუმ, კარგი დაკვირვება, ფაქტების, სტატისტიკებისა და მსგავსი დამხმარე დეტალების კარგად გადახედვა-გაანალიზება დაგვჭირდება.

ალტერნატიული რეალობა: „ოქროს ბურთი“ არაევროპელებისთვისაც რომ მიეცათ...

„France Football“-ის მიერ 1956 წელს დაარსებული „ოქროს ბურთის“ ჯილდო, უკვე თითქმის 7 დეკადაა, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ითვლება. უბრალოდ ფაქტი და პრესტიჟულობაზე მოვრჩეთ: 5 წლის განმავლობაში, 2010-დან 2015-მდე, მას ფიფა შეუერთდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელს ერთად ასახელებდნენ. შემდეგ ფიფა-მ 1991 წელს დაარსებული წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ისევ ცალკე გაიტანა და „FIFA The Best“-ი დაარქვა.

რობერტ ლევანდოვსკის „The Best“-ი ლოქდაუნის წელსაც (2020) მისცეს, როცა „ოქროს ბურთი“ გაუქმდა და ბევრის აზრით, პოლონელს ეს ჯილდო ჯიბიდან ამოაცალეს, შემდეგ კი 2021-შიც გამოარჩიეს და ზედიზედ ორჯერ, ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია. თითქოს მეტი რა გინდა, როცა მესი-რონალდუს ეპოქაში ცხოვრობ, ფეხბურთის მმართველი ორგანო ზედიზედ ორჯერ წლის მოთამაშედ გასახელებს... თუმცა, ყველა მაინც იმაზე ლაპარაკობს, რომ ლევანდოვსკის 2020 წლის „ოქროს ბურთი“ არ აქვს და მას ეს ჯილდო არასდროს მოუგია...

მიხვდებოდით, „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულობის აფიშირებას რატომაც შევყევი. მის მინუსებზეც ბევრი ლაპარაკობს და დაკნინებაც სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელის საუკეთესოობის ამაზე უკეთესი მსაზღვრელი ჯერჯერობით არ გამოუგონებიათ. ამიტომ, „ოქროს ბურთის“ ლოგიკას მივყვეთ და გავარკვიოთ, ფეხბურთის GOAT-ად მესის ჩათვლა უფრო ლეგიტიმურია, თუ იმ მეორე დიდი კაცის, ზემოთ კითხვის ნიშნად რომ დავტოვე, მაგრამ, ალბათ, მაშინვე ან ახლა მაინც რომ მიმიხვდით.

კი ბატონო, მის უდიდებულესობა პელეზეა საუბარი. კაცზე, რომელიც დღემდე ერთადერთია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოუგია! ფენომენალური მიღწევაა, რომელიც შეიძლება, კიდევ ძალიან დიდხანს ვერავინ გაიმეოროს. ბევრი გოლი, ძალიან ბევრი ინდივიდუალური ჯილდო, გლობალური აღიარება და ზედსართავ სახელად ქცეული მეტსახელი - „პელე“. 2022 წლამდე ხალხი თუ ასე უბრალოდ აზედსართავსახელებდა, წელიწადზე მეტია, ოფიციალურად შეიტანეს პორტუგალიური ენის ლექსიკონში და სიტყვა „პელე“ განსაკუთრებულს ნიშნავს.

ამ აბზაცს ქვემოთ გაჩვენებთ „France Football“-ის მიერ 2020 წელს შედგენილ „ოქროს ბურთის“ ალტერნატიულ გამარჯვებულთა სიას, იმ შემთხვევაში თუ მისი გაცემა არაევროპელებზეც იქნებოდა დაშვებული. გავაკეთოთ დაშვება, რომ მესის მე-8 „ოქროს ბურთი“ უკვე მისცეს და ალტერნატიული სია ასეთ სახეს მიიღებს:

როგორც ხედავთ, პელეს, გარინჩას, კემპესის, მარადონასა და რომარიოს გარდა, არავინაა ისეთი, ვინც „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა და არ მისცეს. პელე კი ამ ჯილდოს 7-ჯერ უნდა დაუფლებოდა.

მოდი, არ ვიდავოთ იმაზე, ეკუთვნოდა თუ არა შვიდივე იმ სეზონში „ფეხბურთის მეფეს“ ეს ჯილდო, რადგან ეს ცალკე სტატიის თემაა, (არაა გამორიცხული, დავწერო კიდეც) უბრალოდ მივიღოთ მოცემულობა, რომ მას 7 „ოქროს ბურთი“ აქვს.

შევადაროთ სხვა კრიტერიუმებით და საბოლოო პასუხამდე ამ გზით მისვლა ვცადოთ. ბრაზილიელს მთლიან კარიერაში 858 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 786 გოლი და 352 ასისტია.

ამ 786 გოლიდან 77 ნაკრების მაისურით გაიტანა, 66 „ნიუ იორკ კოსმოსისთვის“ შეაგდო, დანარჩენი 643 კი - „სანტოსში“ თამაშისას, სხვადასხვა ტურნირებზე. პელეს გოლების საშუალო კარიერული მაჩვენებელი 0.92 გამოდის, რაც მესის შედეგზე 0.13-ით მაღალია.

სხვათა შორის, მარადონას, რომელიც თითქმის მესის იდენტური პოზიციისა და ფუნქცია-მოვალეობების ფეხბურთელი იყო, გოლების „Ratio“ 0.5 აქვს. მნიშვნელოვნად დიდი სხვაობაა, არა?!

პელესა და მესის შორის, გოლების საშუალო მაჩვენებელში 0.13 არც ისე ცოტა სხვაობაა, მაგრამ გავითვალისწინოთ ბრაზილიელის ეპოქა, მეტოქეები, ფეხბურთის განვითარების დონე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს გოლების უდიდესი ნაწილი, ცხადია, საკლუბო დონეზე აქვს გატანილი, ჯამში გატანილი 709 საკლუბო გოლიდან 466 საშტატო ჩემპიონატ პაულისტაში შეაგდო. დიდი პატივისცემის მიუხედავად, შტატის ჩემპიონატში (თუნდაც ბრაზილიაში საკმაოდ პრესტიჟულში, მაღალი დონისა და 1933 წლიდან პროფესიონალურში), გატანილი გოლები და ლა ლიგაში გატანილი გოლები ერთ სასწორზე მოთავსდეს ან ერთი კოეფიციენტი ჰქონდეს, მთლად სამართლიანი და რაციონალური არ მგონია (რა თქმა უნდა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც აბზაცის დასაწყისში აღვნიშნე). არადა, მესის პრიმერა დივიზიონში ზუსტადაც თითქმის ამდენივე გოლი აქვს - 474.

ბრაზილიელის სასარგებლოდ კიდევ უფრო დიდი უპირატესობაა საშუალოდ მატჩში გოლი ან ასისტების მაჩვენებელს. პელეს საშუალოდ 1.33-ჯერ აკეთებდა ასისტს ან გაჰქონდა გოლი. უდიდესი რიცხვია და ის მესის შედეგს 0.16-ით აღემატება.

ვფიქრობ, იმაზე საუბარი, რომელ ეპოქაში, ფეხბურთისა და ცხოვრების განვითარების რა ეტაპზე, რა მეტოქეებთან, რა მასშტაბის ტურნირებზე თამაშობდა მესი, ვფიქრობ, პელეს სასარგებლოდ არგუმენტებს ვერ გადაწონის! ბევრად პირიქით და ყველაფერი იმდენად ცხადია, უკეთესია, ამაზე პირადი შეხედულებები თავად ჩამოიყალიბოთ. მე, უბრალოდ, გოლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკების მაჩვენებელთა შედარებას გადაგახედებთ.

ჰო, სანამ ჩავხედავთ, მხედველობაში გქონდეთ პელეს სათამაშო პოზიცია - ის ფორვარდი იყო და ფუნქციურ მოვალეობად გოლების გატანა ჰქონდა, მესისგან განსხვავებით, რომლის უპირველესი ამოცანა, პოზიციისა და თამაშის სპეციფიკის გათვალისწინებით, გოლების გატანა არ ყოფილა.

შეამჩნევდით, რომ პელეს არასდროს მოუგია კოპა ამერიკა, რომელიც 1953-67 წლებში სახეცვლილი ფორმატით ტარდებოდა და სახელიც სხვა ერქვა - „სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი“. საერთოდ, ბრაზილიელმა სთარმა ამ ტურნირზე ერთადერთხელ, 1959 წელს მიიღო მონაწილეობა. ის გათამაშება არგენტინაში ჩატარდა, ბრაზილია მასპინძელ „ალბისელესტეს“ ქულებით ჩამორჩა, თუმცა თავად პელემ 8 გოლი გაიტანა და ტურნირის MVP გახდა! 1959 წელს ამჯერად უკვე ეკვადორში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, ასევე 1963-ისა და 1967-ის ტურნირებზე არ უთამაშია.

მსოფლიო ჩემპიონატების პერფორმანსი

ცალკე სათქმელია მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე, რომელიც 1982 წლიდან დაწესდა ჯილდოდ. პელეს ეპოქაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასახელებდნენ და 1958-ში ლეგენდამ ეს პრიზი მიიღო კიდეც. იმავე ტურნირზე, 17 წლის პელეს, ალბათ, მთლიანად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობაც ეკუთვნოდა და მისცემდნენ კიდეც, რომ ჯილდო რომ არსებულიყო. მართალია, ჟიუსტ ფონტენმა 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია, მაგრამ „ფეხბურთის მეფემ“ თავის გუნდს გაცილებით მნიშვნელოვან დროს და მატჩებში ულიდერა: პლეი-ოფის 3 მატჩში 6 გოლი შეაგდო - უელსთან 1/4 ფინალში 1:0 მისი გოლით მოიგეს, 1/2 ფინალში სწორედ ფონტენის საფრანგეთს ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ფინალში შვედეთთან კი დუბლი მიითვალა და „სელესაო“ ისტორიაში პირველად გააჩემპიონა!

1962-ის მსოფლიო გარინჩასია და ამაში ეჭვი არავის შეაქვს. მან გუნდს პელეს არყოფნაში ულიდერა და სუპერ ტურნირი ჩაატარა. სხვათა შორის, ამ ამბების შესახებ ჩემივე დაწერილ ამ სტატიას გირჩევთ. მოკლედ, პელემ 62-ის მუნდიალის მე-2 ტურში, ჩეხოსლოვაკიასთან ტრავმა მიიღო და აღარ უთამაშია.

აი, რაც შეეხება, 1970-ის მსოფლიო ჩემპიონატს, იქ ბრაზილიას სუპერ ნაკრები ჰყავდა და ბევრი იმ გუნდს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიიჩნევს. იმ ფორმაციის „სელესაო“ და იმ მუნდიალის ამბები ცალკე საუბრის ძალიან საინტერესო თემაა, თუმცა აქ უშუალოდ პელეზე გავამახვილოთ ყურადღება. ვერავინ შეგვე დავება, რომ პელე მთავარი ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასთან ერთად 23 წლის ტოსტაო, 24 წლის რიველინო და 26 წლის ჟაირზინიო უტევდნენ. ეს სამეული ცალკეც, პელეს გარეშეც რა დიდია, მხოლოდ იქიდანაც ჩანს, გოლები რომ ჩამოვწეროთ: ჟაირზინიომ, რომელიც გარემარბი იყო, 7 ბურთი გაიტანა, ასევე გარემარბმა რიველინომ 3 შეაგდო, ფორვარდმა ტოსტაომ 2 გოლი გაიტანა. თავად პელეს ანგარიშზე 4 გოლი იყო.

ისე, პატარა გადახვევაის სახით, 1970-ის მსოფლიოზე საუბრისას, მარიო ზაგალოს მიღწევა აღვნიშნოთ. იგი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ მოთამაშის, ხოლო შემდეგ მწვრთნელის რანგში მოიგო. 1958-ში - პელეს თანაგუნდელი გახლდათ, 12 წლის შემდეგ კი მისი მწვრთნელი. მოგვიანებით, ეს მიღწევა ფრანც ბეკენბაუერმა (1974 და 1990) და დიდიე დეშამმა (1998 და 2018) გაიმეორეს. მსოფლიო ფეხბურთში ეს 3 კაცი ამით გამორჩეულია.

ჰო, არ უნდა დავივიწყოთ გერდ მიულერის 10-გოლიანი ბომბარდირობა, ჟაირზინიოს 7-გოლიანი და ტიტულიანი ტურნირი, მაგრამ პელეს ავტორიტეტის, სტატუსისა და გუნდზე გავლენის მიხედვით, არის შანსი, ამ ტურნირის MVP გამხდარიყო. ოღონდ, მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის, რომ სულ გატანილი 4-დან 3 გოლი ჯგუფურ ეტაპზე შეაგდო, პლეი-ოფში კი გუნდს ჟაირზინიო-რიველინო-ტოსტაოს ტრიო ლიდერობდა. „მეფემ“ მხოლოდ ფინალში გაიტანა, ენრიკო ალბერტოზის კარში, ის ცნობილი და ლამაზი თავური. ამიტომ, გადაჭრით რამის თქმა, სწორი არ იქნება.

ესე იგი, რა გამოდის: პელეს და მესის, ჩვენს შექმნილ წარმოსახვით რეალობაში, თანაბარი რაოდენობის (2-2) მსოფლიო ჩემპიონატის MVP-ს წოდება უნდა ჰქონდეთ. უფრო დავაზუსტებდი და ვიტყოდი, რომ 1.5-1.5, რადგან პელეს 1970-ის და მესის 2014-ის MVP-ობა სადღაც ნახევარი უფროა, ვიდრე ერთი მთლიანი. ლეოს ის მუნდიალი ახლახანს იყო და წარმოდგენა გექნებათ, პელეს საწინააღმდეგო არგუმენტები კი ზემოთ უკვე დავასახელეთ. როგორც არ უნდა იყოს, ამ მაჩვენებელში ერთმანეთს კარგად აბალანსებენ და უფრო თანაბრად არიან, ვიდრე რომელიმე მნიშვნელოვნად წინ.

ტიტულები და შეჯამება

ბრაზილიელმა ლეგენდამ კარიერის განმავლობაში სულ 37 ტიტული მოიგო, მათგან ყველაზე წონადი, ცხადია, სწორედ 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობაა. 6-ჯერ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, 2-ჯერ „ლიბერტადორესის თასი“ დაისაკუთრა, საკონტინენტთაშორისო თასიც 2-ჯერ მოიგო, საშტატო „პაულისტას ჩემპიონატი“ კი - 10-ჯერ.

დასკვნების გაკეთება თავად შეგიძლიათ: ტიტულების რაოდენობით მესი ბრაზილიელს 6-ით აღემატება, გოლების რაოდენობაც ლეოს აქვს მეტი (842:786), ოღონდ გაცილებით მეტ მატჩში და ამის გამო პელეს ბევრად უკეთესი Goal Ratio აქვს - 0.92:0.79. ასისტებშიც მესის რაოდენობრივად უფრო მეტი აქვს - 398:352.

დარჩა „ოქროს ბურთი“, რომელიც ამ მომენტისთვის ორივეს, ჩავთვალოთ, რომ 7-ჯერ აქვს მოგებული. დარჩა მე-8 „ოქროს ბურთის“ მოგება, რაც გარკვეულ კითხვებზე პასუხებს კიდევ გასცემს, მაგრამ პელეს ბანაკში მყოფებიც ლეგიტიმურ კამათს გააგრძელებენ, რატომ არის ის მესიზე დიდი და ფეხბურთის ერთადერთი GOAT-ი.

ამ ხალხსაც პატივს ვცემ და პელეც მიყვარს იმის გამო, რაც ფეხბურთისთვის გაუკეთებია და რა სიამოვნებაც თუნდაც მისი ჩანაწერების ნახვისას მიმიღია, მაგრამ არ მგონია, ოდესმე ვინმეს ფეხბურთი 15 წლის განმავლობაში ისე ეთამაშოს, როგორც ლეო მესის და ამ პერიოდში მიეღწიოს იმდენისთვის, რამდენსაც როსარიოელმა ჯადოქარმა მიაღწია. ამ ეპოქაში, ფეხბურთის განვითარების ამ დონეზე!.. მესი ძალიან დიდია, ამას თანდათან კიდევ უფრო ნათლად გავაცნობიერებთ.

გაზიარება: