„მანქანამ ნაპერწკალი დაიბრუნა“ - Marca-ს სტატია ხვიჩაზე
იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში, „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 3:1 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშს ბევრი იტალიური გამოცემა გამოეხმაურა და „კვარას“ გაბრწყინება არც ავტორიტეტულ Marca-ს გამორჩენია. ესპანურმა გაზეთმა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და საკუთარ მკითხველს ხვიჩას დაბრუნება აუწყა.
„ვერონას წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი დასტურია იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის საუკეთესო ვერსია დაბრუნდა. 17-მატჩიანი უგოლო სერია წარსულს ჩაბარდა, მოედანზე კი გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში გუნდს მხრებით მიათრევს. 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა სერია A-ს მიმდინარე სეზონში. მომდევნო გამოწვევა ჩემპიონთა ლიგა და უნიონ ბერლინია.
„ის უკვე დაბრუნდა „უდინეზესთან’’ მატჩში და ახლა უფრო თავისუფლად უტევს, განსხვავებას ქმნის, გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი გოლებით ბედნიერი ვარ. რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, საკმარისია რომ ისარი მე არ მხვდება (იღიმის). ამის შესახებ ვკითხავ’’, - განაცხადა ვერონასთან მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ.
კვარაცხელიამ, დუბლის წყალობით, მოქმედი ჩემპიონი გამარჯვების გზაზე დააბრუნა. ორივე გოლის მომენტში, მან საკუთარი მეურვე ჩამოიშორა და გასული სეზონის ხვიჩა გაგვახსენა. სეზონის რთული სტარტი, რომელზეც გავლენა ტრავმებმაც მოახდინა, წარსულშია დარჩენილი და მან თავისი ნაპერწკალი დაიბრუნა.
„კვარა გაგიჟდა: დრიბლინგები და ორი გოლი. მეორე დუბლი სერია A-ში“, - წერს La Gazzetta dello Sport-ი. „როცა ხვიჩა საკუთარ თავს ასე წარმოაჩენს, მეტოქეებს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ნაპოლის სეზონის დიდი ნაწილი მის პროგრესზეა დამოკიდებული“, - აცხადებს Tuttosport-ი.
რეალობა ისაა, რომ ქართველი შემტევი კიდევ ერთხელ ბრწყინავს. ხვიჩა არის „კალჩიოს“ ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტს ცდილობს: პირველი დრიბლინგებში და დარტყმებში. კვარაცხელია არის მანქანა, რომელიც შეტევაში რაღაცას ქმნის, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მისი პროგრესის ისარი ქვემოთ იყო მიმართული და არაფერი გამოსდიოდა, თუმცა, ესეც წარსულს ჩაბარდა.
კვარადონამ ახალი აღნიშვნაც დაგვიტოვა. გოლის შემდეგ, მშვილდოსანი განასახიერა და 3 ისარი გაისროლა. კიკო ნარვაესისთვის არ მიუბაძავს. ისრაელ ადესანიას აღნიშვნა გადაიღო და როგორც DAZN-ი ამბობს ეს გააკეთა, რადგან MMA საქართველოში ძალიან პოპულარულია, ხვიჩა კი მისი დიდი გულშემატკივარია“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „უნიონ ბერლინს“ სტუმრად დაუპირისპირდება.