გიორგი მიქაუტაძე, პიერ ვან ჰოიდონკი
Aa
Aa

ეს აიაქსის ყველა ქომაგის შეურაცხყოფაა - ჰოიდონკი სნეიდერს დაუპირისპირდა

როტერდამის „ფეიენორდის'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პიერ ვან ჰოიდონკმა მედიის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც „აიაქსის'' წარუმატებლობაში მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის ბრალეულობას ვერ ხედავენ და აქცენტს ფეხბურთელებზე აკეთებენ. ჟურნალისტების გარდა ჰოიდონკი ვესლი სნეიდერს დაუპირისპირდა, რომელმაც წარუმატებლობაში ფეხბურთელები დაადანაშაულა.

ვან ჰოიდონკი: „მორის სტეინს მედიასთან მჭიდრო კავშირი აქვს. Telegraaf-ის როლი ძალიან დიდია მაიკ ვარვეისთან და ენდი ვან დერ მეიდესთან ერთად. ასევე, ვესლი სნეიდერი, რომელსაც მორის სტეინთან ერთად ყავის დალევა მოსწონს. ჩემპიონატში მე-17 ადგილზე ხარ! „აიაქსს’’ არასდროს ჰყოლია მწვრთნელი, რომელსაც ასე მოეპყრნენ. შესაძლოა, შემდეგ კვირაში სატურნირო ცხრილის ფსკერზე იყო, მე-18 ადგილზე იყო,ეს ყველას შეურაცხყოფაა, ვინც „აიაქსს’’ ქომაგობს. ეს ინფორმაცია მსოფლიოს ყველა მედიამდე აღწევს. ამას ამბობთ თქვენ ბიჭებო და ასევე ამას ამბობს უესლი სნეიდერი: „არა, არა... ეს მწვრთნელის გამო არაა, ეს მწვრთნელის ბრალი არაა’’.

შეგახსენებთ, ვესლი სნეიდერმა „აიაქსთან'' დაკავშირებით განაცხადა, რომ სულერთია მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება, კლუბს სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავს.

სნეიდერი: „საშინელი მატჩი იყო. ბევრი გოლი გავიდა, მაგრამ რეალურად, ეს იყო მე-16 და მე-17 ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება, რომელშიც შეცდომების ფესტივალი ვიხილეთ. მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს რის გაკეთება შეუძლია?! სულერთია, გუნდის თავკაცი ვინ იქნება, აიაქსს სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავს. ვფიქრობ, მწვრთნელის დადანაშაულება მარტივია და საბოლოოდ, სწორედ ის გაიწირება, რადგან ეს ფეხბურთის წესია. პასუხისმგებლობას ყოველთვის გუნდის თავკაცს აკისრებენ, მაგრამ ყველაფერში ჩანს, რომ აიაქსს ხარისხი აკლია და ეს სტეინის ბრალი არაა. მას სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი ჰკითხეს და ახლა ამ ვითარებიდან გამოსავლის პოვნა მოუწევს. რას შევცვლიდი გუნდში? წარმოდგენა არ მაქვს. აშკარაა, რომ ფეხბურთელები აიაქსისთვის შესაფერისი დონის არ არიან. ერედივიზიეში აიაქსის დამარცხება ყველა კლუბს სურს და მთავარი მწვრთნელისთვის ეს ყველაფერს ართულებს. იმედი მაქვს, ამსტერდამელები სატურნირო ცხრილში წინ სწრაფად წაიწევენ, რადგან ეს არაა ადგილი, რომელსაც აიაქსი უნდა იკავებდეს“.

მას შემდეგ რაც მიქაუტაძე „აიაქსში’’ გადავიდა, ნიდერლანდურმა კლუბმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, 22 წლის ქართველი სასტარტოში მხოლოდ სადებიუტო მატჩში ათამაშეს, სამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, სამ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა - „ტვენტესთან’’, „ალკმაართან’’ და „უტრეხტთან''.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდს 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავენ და სტუმრად ჩემპიონატის ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდებიან, რომელსაც 9-დან 9 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები