ჩიმაევის ბრწყინვალე გამარჯვება უსმანთან - ხამზატი კვლავ დაუმარცხებელია
აბუ დაბიში UFC 294-ზე ხამზატ ჩიმაევმა კამარუ უსმანი სამრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. 29 წლის ჩიმაევმა პროფესიულ კარიერაში მე-13 ბრძოლა გამართა და ცამეტივე დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა.
36 წლის ნიგერიელმა კამარუ უსმანმა კარიერაში 24-ე ბრძოლა გამართა: 20 გამარჯვება, 4 მარცხი. უსმანმა ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო, ჩიმაევთან შეხვედრამდე ლეონ ედვარდსმა ორჯერ მოუგო.
ჩიმაევისა და კოსტას ბრძოლას რაც შეეხება, ბრაზილიელმა UFC-ს სექტემბერში შეატყობინა, რომ ინფექციას ებრძოდა, თუმცა, დასძინა, რომ ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმას არ აპირებდა. ყოველი შემთხვევისთვის, UFC-იმ კოსტას სავარაუდო შემცვლელის ძებნა დაიწყო და მთავარ კანდიდატად ჯარედ კანონიერს განიხილავდა, რომელმაც დეკემბერში რომან დოლიძესთან უნდა იჩხუბოს.
გასულ კვირაში, როცა კოსტამ ბრძოლაზე უარი ოფიციალურად თქვა, UFC-ს მზად ჰქონდა ვიდეო, რომლითაც კანონიერისა და ჩიმაევის ჩხუბი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ჯარედმა ტრავმა მიიღო და ეს ბრძოლაც ჩაიშალა. ამის შემდეგ, ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა UFC-ს ჩიმაევისა და დოლიძის ჩხუბი შესთავაზა, მაგრამ ორგანიზაციამ კამარუ უსმანზე შეაჩერა არჩევანი.