ბენზემას გოლი და ავტოგოლი 4 წუთში | კვირკველიას გუნდმა წააგო
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადი“ სტუმრად „ალ-ტაავონს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ფრანგმა ფეხბურთელმა, 4 წუთის ინტერვალში, მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო.
შეხვედრის 22-ე წუთზე, ბენზემამ კორონადოს ჩაწოდებით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 4 წუთში, „ალ-ტაავონის“ კუთხურს კარიმის ავტოგოლი მოჰყვა და ანგარიში 1:1 გახდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ტაბლოზე რიცხვები არ შეცვლილა.
„ალ-ტაავონისა“ და „ალ-იტიჰადის“ მატჩის პარალელურად, სოლომონ კვირკველიას „ალ-ახდუდი“ საკუთარ კედლებში „ალ-ფეიჰას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. მან 5-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო და 3 სახიფათო მომენტი განმუხტა.
ცნობისთვის, „ალ-ახდუდს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. ბენზემას გუნდი 20 ქულით მესამეზეა და მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, „ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ბოლო ადგილს იკავებს.