უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ან სეხუდო მინდა, ორი ბრძოლა და ნომერ პირველი ვიქნები“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვა მარლონ ვერასთან სურს, შემდეგ კი მერაბ დვალიშვილს ან ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
„ვფიქრობ, ორი გამარჯვების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლას მივიღებ და ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი გავხდები. სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 5-ში ყველა ძალიან ძლიერი მებრძოლია და მათთან ჩხუბი მარტივი ნამდვილად არ იქნება. ყველა მათგანი მონსტრია.
ვინ იმსახურებს შონ ომალისთან ქამრისთვის ჩხუბს ყველაზე მეტად? UFC-ში ყველაფერი სხვანაირად მუშაობს და გადამწყვეტი არაა ის თუ სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს. მგონია, რომ ომალის მომდევნო მეტოქე ჩიტო ვერა იქნება, მერაბი და ჰენრი სეხუდო კი ნომერ პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის იბრძოლებენ. ჩემს მომავალს რაც შეეხება, ალბათ, ჯერ ვერასთან ვიჩხუბებ, შემდეგ კი მერაბთან ან სეხუდოსთან“.
ცნობისთვის, ნურმაგომედოვს კარიერაში წაგება არ აქვს და 16 ბრძოლიდან ყველაში იმარჯვა. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მე-12 ადგილს იკავებს.