გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ბიჭებმა საკუთარ თავს გადააბიჯეს - ჩიტაური 17-წლამდე ნაკრების წარმატებაზე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშია. შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველომ ლიეტუვასთან ფრედ ითამაშა - 1:1. პარალელურ შეხვედრაში ავსტრია-დანიის დაპირისპირებაც ფრედ დასრულდა - 2:2. ავსტრია 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, საქართველომ და დანიამ 4-4 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრიდან გამომდინარე გიორგი ჩიტაურის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, დანიას 2:1 მოუგო, სკანდინავიელები ელიტ-რაუნდში ვერ გავიდნენ, ხოლო ლიეტუვამ 1 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა ტელეკომპანია „მთავარში'' სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების კუთხით გაუჭირდათ, თუმცა მონდომებისა და თავდაჯერების ხარჯზე მიზანს მიაღწიეს.

„დანიის ნაკრებს მაგარი ბიჭები ჰყავდა, 10 ნომერი ლასე აბილდგორი „აიაქსმა’’ მილიონად შეიძინა (940 000 ევრო), პროფესორი იყო, მაგრად ატყუებდა მეტოქის ფეხბურთელებს. ასევე, დანიას ჰყავდა ჩიდოზი ობი-მარტინი, რომელიც „არსენალის’’ აკადემიაშია. მას ინგლისის ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია, ახლა ორივე ქვეყანა „ექაჩება’’, დანიას და ინგლისიც, თუმცა ჩვენი ბიჭები გამოვიდნენ, იბრძოლეს და ითამაშეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე სხვადასხვა ტურნირებში ვმონაწილეობდით, პოლონეთში გამართულ „სირენკას'' თასზე გამოჩნდა, რომ კარგ გუნდებთან მთელი მატჩის მაღალ ტემპში ჩატარება გაგვიჭირდა, 60-70 წუთის შემდეგ დაღლა გვეტყობოდა. ასე მოხდა ავსტრიის ნაკრებთან, როცა 1 წამით მოვდუნდით, გოლი გავუშვით. არ გვაპატიეს, ეს არის ევროპა.

ასეთმა ინტენსიურმა თამაშებმა ბიჭებზე ძალიან იმოქმედა, პოლარის სისტემით ყველაფერს ვნახულობდით. მინდა ავღნიშნო ჩვენი ექიმების როლი, ირაკლი შარანგია, სოფო კონიაშვილი, თედო ჭელიძე, რომლებიც დღე და ღამე ბიჭებთან იყვნენ.

დანიას რომ მოვუგეთ, ამ მატჩის შემდეგ ბიჭებს მთელი დღე ეძინათ, მეორე დღეც ეძინათ, ექიმები დღეში სამჯერ ყველაფერს უკეთებდნენ.

თამაშის დღესაც ვატყობდი, რომ ბიჭები დაღლილები იყვნენ. თამაშის დაწყებიდან 15-20 წუთში ჩვენს ანალიტიკოს დემეტრე როხვაძეს ვკითხე, რა ხდებათქო. მან მითხრა, რომ ყველა წითელ ზონაშიაო, მაგრამ ყველას ხომ არ შევცვლიდით. მოედანზე დაღლა არ ეტყობოდათ, გამოვიდნენ, თავის თავს გადააბიჯეს. სიმართლე რომ გითხრა, სწორედ ამით მივაღწიეთ წარმატებას, მონდომებითა და თავდადებით. ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები