დე ლაურენტისი: „კონტე? ჭორებია, რომელთა მიზანიც გარსიას განადგურებაა“
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „პარტენოპეის“ პირველი პირი ჟურნალისტებს შეხვდა და ანტონიო კონტეზე ისაუბრა, რომელსაც ნეაპოლურ გრანდს აქტიურად უკავშირებდნენ.
„ფიორენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ, ყველაფერი წავიკითხე, რაც პრესაში დაიწერა. ცხოვრებაში ეჭვები ყველას აქვს და თუ რამე შეცდომა დავუშვი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ზაფხულში, ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანია ჩემია. თავკაცის შეცვლა ყოველთვის მტკივნეული პროცესია და თან, ბევრი სპეციალისტი არაა, რომელიც მაურიციო სარისა და ლუჩანო სპალეტის მსგავსად, 4-3-3 სათამაშო სქემას იყენებს მაღლა აწეული დაცვის ხაზით.
ანტონიო კონტე? მის შესახებ შეკითხვები არ დამისვათ. წლების წინ, მასთან და მის ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავედი მალდივებზე და მას შემდეგ, კონტესთან ურთიერთობას ვინარჩუნებ. ისევე როგორც, მაცარისთან, ანჩელოტისთან, ბენიტესთან და რეიასთან... კონტეს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, რომლის მიზანიც გუნდის ამჟამინდელი თავკაცის განადგურებაა და ეს ძალიან არ მომწონს. ჩემი ბრალია, სეზონის სტარტზე გუნდთან ახლოს რომ არ ვიყავი, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობები მქონდა. როგორც კი ისინი მოვაგვარე, საკუთარი თავი ნაპოლის მივუძღვენი და სეზონის ბოლომდე ასე იქნება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.