გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„აიაქსში მეტ შანსს იმსახურებს“ - ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს

ნიდერლანდურმა სპორტულმა ვებგვერდმა, Soccernews.nl-მა „აიაქსის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ავტორი მიქაუტაძის საფეხბურთო უნარებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამსტერდამულ კლუბში უფრო მეტი შანსის მიღებას იმსახურებს.

„გასულ ზაფხულში, როცა სვენ მისლინტატმა გიორგი მიქაუტაძის სახელი გააჟღერა, არავინ გაოცებულა. ქართველი ფეხბურთელი მოჰამედ კუდუსის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამსტერდამული კარიერის სტარტზე, მცირე თანადგომა მიიღო. ნებისმიერი, ვინც მიქაუტაძის სტატისტიკას გადახედავს, მივა დასკვნამდე, რომ გოლების გატანის პრობლემა არც აიაქსში უნდა შეექმნას. სერენში და მეცში ყოფნისას, მან დაამტკიცა, რომ მეტოქეთა კარის აღება ყველა კუთხიდან და პოზიციიდან შეუძლია. კარგად ფუნქციონირებად გუნდში, მიქაუტაძე იდეალური ფინიშერია.

ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მისლინტატმა, რომელიც რიცხვებს დიდ ყურადღებას აქცევს, სწორედ ის აირჩია. ახალგაზრდა თავდამსხმელს დიდი პოტენციალი აქვს და როგორც ამბობენ, მასთან მუშაობა ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ, მორის სტეინი კმაყოფილი იყო, როცა ზაფხულში გიორგის ტრანსფერი დაიხურა. თუმცა, პირველივე მომენტიდან წარმოიშვა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღებაა გასამახვილებელი. კუდუსის შემცვლელად მოყვანილი მიქაუტაძე იმ პოზიციას არ იკავებს, რომელზეც განელი თამაშობდა. მიქაუტაძე ცენტრფორვარდია, თუმცა აიაქსში თავდამსხმელის ფუნქციებს ბრაიან ბრობი ითავსებს და სტეინმა გიორგი სხვა პოზიციებზე გამოცადა. მაგალითად, სიტარდთან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იყო. ტვენტესთან ჩუბა აკპომი ჩაანაცვლა და თავის პოზიციაზე იმ მატჩიც არ უთამაშია. ალკმაართან კი საერთოდ მარჯვენა გარემარბი იყო და 3 შეხვედრაში, გიორგიმ სტეინს ვერ დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაყენებას იმსახურებს.

ქართველ ფეხბურთელს სანაკრებო პაუზა ძალიან გამოადგა. ტაილანდთან შეხვედრაში მან პოკერი შეასრულა და მატჩის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალს სახეზე ღიმილი ჰქონდა გამოსახული. კვიპროსთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მეორე ნახევარში სათამაშო დრო მისცეს და შეხვედრის ბოლოს, პენალტი შეაგდო.

მიქაუტაძე უფრო მეტ შანსს იმსახურებს. ნათელია, რომ მორის სტეინს მიქაუტაძის გუნდში ჩასმა უჭირს, მაგრამ ბოლო კვირა-ნახევრის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ქართველ თავდამსხმელს განსხვავების შექმნა შეუძლია თუ სწორად გამოიყენებენ. სტეინმა ჭკუა უნდა იხმაროს და გიორგი ცენტრალურ თავდამსხმელად გაამწესოს. ეს კონკურენციას გაზრდის, ბრობი გოლების გატანას უფრო მოწყურებული იქნება და მიქაუტაძე მეტ შანს მიიღებს, რომ ნიდერლანდურ პუბლიკას საკუთარი ინსტინქტები აჩვენოს“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. მისი გუნდი 6 ტურის შემდეგ, ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე „უტრეხტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიეცით საქართველოს უფრო მეტის შესაძლებლობა!“ - უელისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„მიეცით საქართველოს უფრო მეტის შესაძლებლობა!“ - უელისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი