„ჩამოართვით მოქალაქეობა და ოქროს ბურთი“ | საფრანგეთში ბენზემას დასჯას ითხოვენ
ფრანგმა პოლიტიკოსმა და სენატორმა, ვალერი ბუაიემ „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელის, კარიმ ბენზემას უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. რამდენიმე საათის წინ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინიმ ფრანგი ფეხბურთელი ტერორისტულ დაჯგუფებასთან, „მუსლიმთა საძმოსთან“ კავშირში დაადანაშაულა და ბუაიემ ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„თუ შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვები სიმართლეა და კარიმ ბენზემას „მუსლიმთა საძმოსთან“ კავშირი აქვს, მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ვითხოვ. მას საფრანგეთის მოქალაქეობა და ოქროს ბურთი უნდა ჩამოერთვას. საჭიროა, დაუყონებლივ ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“.
Si comme l'affirme le Ministre de l'Intérieur, Karim Benzema est "en lien avec les Frères musulmans", je demande des sanctions, notamment sa déchéance de nationalité. Il est urgent d'agir contre ceux qui menacent en permanence notre pays. pic.twitter.com/rFMgTDI3qm
— Valérie Boyer (@valerieboyer13) October 18, 2023
შეგახსენებთ, რომ ბენზემა სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტში პალესტინელების მისამართით მხარდაჭერა გამოხატა. „ახლა, ჩვენი ლოცვა ღაზას მაცხოვრებლებისკენ არის მიმართული, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ უსამართლო დაბომბვის მსხვერპლნი. ისინი ქალებსა და ბავშვებსაც არ ინდობენ“, - დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.