მსაჯების მოსყიდვის საქმე: პროკურატურამ ბრალი ლაპორტასაც წაუყენა
„ბარსელონას“ მხრიდან, მსაჯების შესაძლო მოსყიდვის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება და როგორც Marca წერს, გამოძიების დროს საქმეში „ბლაუგრანას“ ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ბრალეულობაც გამოიკვეთა.
გამოცემა წერს, რომ 2001 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ნეგრეირას ქრთამი ლაპორტას პრეზიდენტობის დროსაც გადაუხადეს, კერძოდ კი საუბარია 2008-2010 წლების პერიოდზე.
თავდაპირველად, იწერებოდა, რომ ლაპორტას ბრალს ხანდაზმულობის ვადის გამო არ წაუყენებდნენ, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა 2018 წლამდე გაიზარდა, როდესაც გამოძიების ვერსიით, კლუბმა ნეგრეირას ქრთამი ბოლოჯერ გადაუხადა. შესაბამისად, ახლა გამოძიება ჟოან ლაპორტას წინააღმდეგაც მიმდინარეობს და „ბარსელონას“ პრეზიდენტს უახლოეს მომავალში ესპანეთის სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ მსაჯების მოსყიდვის საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „ბარსელონას“ ლა ლიგა 2-ში დაქვეითება და ევროტურნირებზე ასპარეზობის აკრძალვა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ლაპორტას გარდა, ბრალი „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს, სანდრო როსელისა და ხოსეპ ბართომეუსაც აქვთ წაყენებული.