აგენტი: “სანდრო ტონალი შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს“
როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ტონალი სკანდალში გაეხვა. ცნობილი გახდა, რომ „ნიუკასლის“ ნახევარმცველი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია და ამის გამო მას დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სანდრო ტონალის აგენტმა ისაუბრა:
„ტონალი ახლა შოკშია და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს. დიახ, ის დამოკიდებულია, მაგრამ ამას ებრძვის და თავის დასაღწევად ყველაფერს აკეთებს. ახლა სანდრო „ნიუკასლთან“ ერთად ვარჯიშობს და ამ კლუბს ასეთი მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია მას ამ ყველაფრის დაძლევაში დაეხმარება.“
შეგახსენებთ, რომ ტონალისთან ერთად ამ საქმეში ნიკოლო ძანიოლო და ფაჯოლი არიან გარეულები. „იუვენტუსის“ ნახევარმცველს უკვე დისკვალიფიკაცია შეეფარდა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფაჯოლის 12-თვიანი აკრძალვა აქვს, თუმცა 12-დან 5 თვე მოხსნილი იქნება მას შემდეგ, რაც ის ფინანსურ ჯარიმას 12 500 ევროს გადაიხდის. ცნობისთვის, ჯერჯერობით ტონალისთვის და ძანიოლოსთვის ვერდიქტი არ გამოუტანიათ.