დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი
Aa
Aa

1 კვირა არ მიძინია და ახლა ბედნიერი ვარ - ხოჭოლავამ დაბრუნებაზე ისაუბრა

„კოპენჰაგენის’’ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა, მოედანს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ემზადება.

სანაკრებო პაუზისას Future Cup-ის ტურნირი იმართება. „მიდტიულანდთან’’ შეხვედრაში ხოჭოლავა სასტარტო 11-ეულში მოხვდა. ხოჭოლავას დაბრუნება კარგი სიახლეა, მაღალი დონის მცველია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პრობლემურ პოზიციაზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

„მიდტიულანდთან'' მატჩის შემდეგ დავით ხოჭოლავამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:

„დაბრუნებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი და საბოლოოდ ეს დღეც დადგა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი ფეხები კარგ მდგომარეობაშია.

ერთი კვირაა კარგად არ მიძინია, ყოველ დილით 4-5 საათზე ვდგებოდი და ვვარჯიშობდი, რომ დღევანდელ მატჩს ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში შევხვედროდი. საუკეთესო ფორმაში არ ვარ, თუმცა დავბრუნდი და საუკეთესო ფორმაში შესვლისთვის ორმაგად ბევრს ვიმუშავებ. დაბრუნებით ნამდვილად ბედნიერი ვარ, იმედი მაქვს მალე „პარკენზე’’ თამაშს შევძლებ’’.

დანიის სუპერლიგის მომდევნო ტურში „კოპენჰაგენი'' „ვაილეს'' მიიღებს (21 ოქტომბერი), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მან. იუნაიტედს'' „ოლდ ტრაფორდზე'' დაუპირისპირდება (24 ოქტომბერი). შესაძლოა, ხოჭოლავამ „მან. იუნაიტედთან'' ითამაშოს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში, აპრილში, დავით ხოჭოლავამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

30 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული „კოპენჰაგენში'' 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან'' ერთად დანიის ჩემპიონი გახდა (2021-22, 2022-23) და დანიის თასი მოიგო (2022-23).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები