თავდასხმა ბრიუსელში! - ბელგიისა და შვედეთის მატჩის დროს შვედი ფანები მოკლეს
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ადგილობრივი ნაკრებისა და შვედეთის ეროვნული გუნდის მატჩის მიმდინარეობისას ტერორისტული თავდასხმა მოხდა. მატჩის მასპინძელი სტადიონიდან 5 კილომეტრში, უცნობი მამაკაცი უდანაშაულო ადამიანებს თავს ავტომატური იარაღით დაესხა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მამაკაცმა გასროლამდე წარმოთქვა სიტყვები „ALAH AKBAR“ და შემდეგ უბრალო გამვლელების მისამართით ისროლა. შედეგად, თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილის შესახებაც, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრია. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, ტერორისტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს: „ალაჰ აკბარ. მე ვარ ალაჰის მოჯაჰედი ისლამურ სახელმწიფოში. ჩვენ ვკვდებით ჩვენი რელიგიისთვის. ალაჰ აკბარ. თქვენი ძმა, აბდულსალამი მუსლიმების გამო შურს იძიებს. ახლა სამი შვედი მოვკალი. ალაჰ აკბარ! სიხარულით შევხვდები ღმერთს“.
თავდასხმის შემდეგ, ტერორისტი ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა. როგორც ბელგიური მედია იტყობინება, ის ამ დრომდე თავისუფალია და პოლიციის თანამშრომლები მას მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ.
ტერორისტული აქტის გამო, ბელგიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეწყდა, ამის გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებიც პირველი ტაიმის შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულან.