ლილარდის პირველი მატჩი მილუოკიში | ბაქსმა ლეიკერსი დაამარცხა
„მილუოკი ბაქსში“ დემიენ ლილარდის არაოფიციალური დებიუტი შედგა. „დეიმ დოლამ“ რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისი გუნდი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 108:97 იმარჯვა.
ლილარდმა პარკეტზე 22 წუთი და 23 წამი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 მოხსნა ჩაიწერა. „მილუოკის“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ იანის ანტეტოკოუნმპოს ჰქონდა, რომელმაც 15 წუთში 16 ქულა მიითვალა. კემერონ პეინი და პეტ კონოტონი 12-12 ქულას დასჯერდნენ.
A look at Damian Lillard's first #NBAPreseason game with the Milwaukee Bucks ????
— NBA (@NBA) October 16, 2023
14 PTS
2 3PM
3 AST
3 STL
22 MIN pic.twitter.com/tLhkcNLayL
„პარკეტზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და მარტივად ვთამაშობდი. როცა შენი თანაგუნდელები ასეთი კარგი და გამოცდილი კალათბურთელები არიან, კალათბურთის თამაში ძალიან მარტივია“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ლილარდმა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე ეპიზოდში, „ლეიკერსის“ კალათბურთელებმა ლილარდის წინააღმდეგ ორმაგი დაცვა გამოიყენეს და მისი მახეში მოქცევა სცადეს, რაზეც შეხვედრის შემდეგ იანის ანტეტოკოუნმპომ ისაუბრა: „არასდროს მინახავს, პირველი შეტევისას ვინმეზე ორმაგი დაცვა ეთამაშათ. გამიკვირდა, რადგან პლეიოფის ან რეგულარული სეზონის მატჩი კი არა, მოსამზადებელი შეხვედრა იყო. სიგიჟეა“.
ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე, „მილუოკი“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 18 ოქტომბერს „ბაქსი“ „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდება, 21-ში - „მემფის გრიზლისსს“.