ჯოჯოხეთური ვითარება, უამრავი პრობლემა - ზომერმა ბაიერნზე ისაუბრა
„ინტერის’’ მეკარემ, იან ზომერმა შვეიცარიულ Blick-თან ინტერვიუში „ბაიერნში’’ გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, კლუბში დაულაგებელი ვითარება იყო, ამ გარემოთი ბევრი უკმაყოფილო იყო, რასაც მედიის მხრიდან კონკრეტული ფეხბურთელების მიმართ კრიტიკა ემატებოდა.
„ბაიერნში’’ სრულიად ჯოჯოხეთური ვითარება იყო. გათავისუფლებები, ცვლილებები, უკმაყოფილოება და უამრავი პრობლემა, რომელიც სპორტთან დაკავშირებული არ იყო.
მესმოდა როგორ მუშაობდა ყველაფერი ამ კლუბში. ერთი ან ორი მოთამაშე პრესის სამიზნე იყო, მათ კრიტიკას იწყებდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორ ფეხბურთელს ამოარჩევდნენ და მათ აკრიტიკებდნენ. შემდეგ ჩემი რიგი მოვიდა, მაგრამ მე ჩემი თავის საჯაროდ დაცვის სურვილი არ მქონდა. ჩემთვის მთვარი იყო საუკეთესო თამაში მეჩვენებინა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი. საბედნიეროდ, ჩემი საქმე წარმატებით შევასრულე’’.
34 წლის ზომერი „ბაიერნში’’ გასულ სეზონში გადავიდა, მან ტრავმირებული მანუელ ნოიერი შეცვალა, „გლადბახმა’’ მეკარის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მიიღო.
ზომერმა ყველა ტურნირის ჩათვლით „ბაიერნში’’ 25 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად 8 შეხვედაში შეინახა და კარიერაში პირველად ბუნდესლიგა მოიგო. ზაფხულში გერმანული გრანდი დატოვა და კარიერა მილანის „ინტერს’’ დაუკავშირა.