მიკოლაიჩიკი: კაკაბაძის არყოფნა შედეგებზე უარყოფითად აისახა
საფეხბურთო კლუბ „კრაკოვიას’’ ლეგენდამ, ანდჟეი მიკოლაიჩიკმა მიმდინარე სეზონის შესახებ პოლონურ Gol24-თან ისაუბრა. 18-გუნდიან ექსტრაკლასაში „კრაკოვია’’ 13 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.
მიკოლაიჩიკის აზრით, გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ოთარ კაკაბაძის ტრავმაა, რომელმაც 11 ტურიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა, ორივე შემთხვევაში ცვლილებაზე გამოვიდა და საერთო ჯამში მხოლოდ 36 წუთი გაატარა მინდორზე.
„ოთარ კაკაბაძე და მატიას ჰებო რასმუსენი დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან, რაც შედეგებზე უარყოფითად აისახება. მათ დაბრუნებას ველოდები’’ - აღნიშნა ანდჟეი მიკოლაიჩიკმა.
სექტემბერში CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ კაკაბაძემ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა ცდაზე აქილევსის ქუსლმა შეაწუხა. მოგვიანებით, „კრაკოვიას'' მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ ზელინსკიმ განაცხადა, რომ კაკაბაძე მინდორს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდებოდა. ასე რომ მალე 28 წლის მარჯვენა მცველს მინდორზე ვიხილავთ.
მოგვიანებით, CrystalSport-ი ოთარ კაკაბაძეს ესაუბრა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათს დაიწყებს.