ვილი სანიოლი, გაბრიელ სიგუა, ლადო ბურდული
Aa
Aa

აქ თუ 3 წამი ჰქონდა, ბაზელში წამნახევარი არ აქვს - ბურდული სიგუას პროგრესზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა, რომელიც ამჟამად ტყიბულის „მეშახტეს’’ მთავარი მწვრთნელია, გადაცემაში „ბურთი და მოედანი’’ თბილისის „დინამოდან’’ „ბაზელში’’ გადასულ გაბრიელ სიგუაზე ისაუბრა. ბურდულის აზრით, საქართველოდან წასული ფეხბურთელების პროგრესს უცხოური ჩემპიონატების მაღალი ტემპი განაპირობებს, სადაც სწრაფი აზროვნება გიწევს.

„სანიოლმა თქვა რომ სამ თვეში გაბრიელ სიგუას დონე ძალიან გაიზარდა, მის ფიზიკურ მომზადებასაც გულისხმობდა. ამ კითხვის პასუხი რა არის? საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი შვეიცარიაში გადავიდა, ეს ხომ ტოპ ჩემპიონატი არაა, მაგრამ შვეიცარიაში სისწრაფე მეტია, ძალიან ბევრი ლეგიონერია, პროფესიონალური მიდგომა სხვანაირია. შესაძლოა, ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ ბურდული იძახის ეს ჩვენთან არ ხდებაო, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება საკმარისი არაა. შიდა ჩემპიონატის დონე დაბალი გვაქვს.

სიგუა იმიტომ გაიზარდა, რომ აქ თუ ბურთის მისაღებად 3 წამი ჰქონდა, იქ წამნახევარი არ აქვს. ელემენტარულია... სადაც სწრაფი მოძრაობაა, იქ გიწევს სწრაფი აზროვნება. შენ თუ იმ დონეს ვერ აყევი, ესეიგი შესაბამის დონეზე არ ხარ’’.

გასულ ზაფხულში თბილისის „დინამომ'' 18 წლის გაბრიელ სიგუა „ბაზელში'' გაყიდა. სიგუამ „ბაზელში'' 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი „ციურიხს'' 90+5 წუთზე გაუტანა, ამ გოლით „ბაზელი'' მარცხისგან იხსნა.

შეგახსენებთ, ტაილანდთან მატჩამდე ვილი სანიოლმა გაბრიელ სიგუაზე ისაუბრა:

„ბოლო 3-4 თვის მანძილზე სიგუა ფიზიკურად კარგად განვითარდა, თუმცა 1 კითხვა მაქვს, რატომ იყო საჭირო „ბაზელში“ გადასვლა, რათა ფიზიკურად მისი გაზრდა მომხდარიყო და რატომ არ განვითარდა აქ, საქართველოში, რატომ დასჭირდა ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა. ზოგადად, ეს ბევრ ფეხბურთელს ეხება... რატომ არის ამისთვის საჭირო მაინცდამაინც ევროპაში წასვლა და რატომ ვერ ვითარდებიან ფიზიკურად საქართველოში''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები