მე-13 მეკარე მსოფლიოში | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა
ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელთა ფასები განაახლა. ცვლილებები შეეხო „ღამურების“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ხოსე გაიასთან ერთად, „ჩეს“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.
ფასების განახლებამდე, მამარდაშვილის ღირებულება 25 მილიონი ევრო იყო. გიორგის ფასი 5 მილიონით გაიზარდა და 30 მილიონს გაუტოლდა, რაც გაიასთან ერთად, „მესტალიის“ ბინადართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. მათ ანდრე ალმეიდა და ხავი გერა მოჰყვებიან, რომელთა ფასიც 20-20 მილიონია.
Transfermarkt-ზე „მამარდა“ ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-13 ადგილს იკავებს. გიორგის მხოლოდ დავიდ რაია, აარონ რამსდეილი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ალისონი, იან ობლაკი, გრეგორ კობელი, ანდრე ონანა, ედერსონი, ტიბო კურტუა, მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა და დიოგუ კოშტა უსწრებენ.
ქართველ ფეხბურთელთა შორის, მამარდაშვილზე ძვირად Transfermarkt-ზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაა შეფასებული. ლა ლიგაში კი გიორგიზე მაღალი ფასი 35 ფეხბურთელს აქვს. საინტერესოა, რომ 2022 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა Transfermarkt-მა მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა.