ტაკეფუსა კუბო, იმანოლ ალგუასილი
Aa Aa

ანალიზი: ნათელი წერტილი გაყიდულ ფეხბურთში | ბასკების მოძრავი 4-4-2

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ზოგადად იუთუბმა საკითხავი სტატიების რაოდენობა შეამცირა და ეს კარგი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამ სეზონში ჩემთვის საინტერესო და მსუყე თემა გამოჩნდა, რომელსაც რამდენიმე თვეა თვალს დიდი ინტერესით ვადევნებ. დღეს სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ თამაში მინდა განვიხილო და მნიშვნელოვან თემაზე გესაუბროთ.

ფეხბურთის ყურება 1998 წლიდან დავიწყე. ბავშვობის წლებში ეს თამაში სულ სხვანაირი იყო. ბევრი საინტერესო გუნდი არსებობდა, საშუალო დონის სიმპათიური კლუბები, რომლებიც ფეხბურთს ალამაზებდნენ. ბოლო 10-15 წელია მსგავსი კლუბები ნელ-ნელა გაქრნენ და ათასში ერთხელ, თუ გამოანათეს „ლესტერის“ მსგავსად, მხოლოდ ამით უნდა ვიყოთ ბედნიერნი.

ადრე იყო „დეპორტივო“, „ვალენსია“, „ლიდსი“, „პარმა“, ცოტა მოგვიანებით „ლიონი“ - ასეთი მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე კლუბები, რომლებიც ფეხბურთს უფრო საინტერესოს ხდიდნენ. შემდეგ ფულმა, რომელიც უკონტროლოდ შემოვიდა, სპორტის ამ სახეობას სახე დააკარგვინა და იმ უაზრობად აქცია, რაც დღეს არის. კონტროლის გარეშე ვხედავთ საითაც მივდივართ - 30 წლის ვარსკვლავები და უკვე ახალგაზრდებიც საუდის არაბეთში შეიხებთან და აქლემებთან სათამაშოდ მიდიან...

ამ სეზონში ორმა მოკრძალებულმა გუნდმა მიიპყრო ჩემი ყურადღება - ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენმა“ და იმანოლ ალგუასილის „რეალ სოსიედადმა“.

ბუნდესლიგაში როგორც ხდება ხოლმე - გამოჩნდება ვინმე ნორმალური სიმპათიური გუნდი და მეორე სეზონის სტარტამდე „ბაიერნი“ მარტივ მამრავლებად დაშლის, სრულად აითვისებს, გააბანძებს და ისევ სათავისოდ გამოიყენებს... იმედია ამჯერად სასწაული მოხდება და ეს გუნდი ერთზე მეტი სეზონით გაქაჩავს. ჩემი მეორე სამიზნე სწორედ ალონსოს გუნდია და შევეცდები შემდეგ ჯერზე „ბაიერზე“ დავწერო.

„სოსიედადს“ რაც შეეხება,  გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბოლო ტიტული 1987 წელს ჰქონდა მოგებული. 2020 წელს კი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში უპრინციპულეს მეტოქეს „ბილბაოს“ 1:0 მოუგეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ალგუასილის ემოციები ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს...


სტადიონის განახლება ზოგადად გუნდებზე დადებითად მოქმედებს. „სოსიედადის“ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 2017 წელს „ანოეტას“ განახლება დაიწყო, სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. ახალმა არენამ თითქოს გუნდს ახალი სული შთაბერა და სან სებასტიანელები სხვაგვარად ათამაშდნენ. ყველაფერი მაინც მთავარი მწვრთნელის იმანოლ ალგუასილის დამსახურებაა, რომელსაც ბევრი პოსტის დატოვებას უწინასწარმეტყველებდა...

მცირე გადახვევა: სარბენი ბილიკის მოშლა, ტრიბუნების დამატება და ტრიბუნების სრულად გადახურვა „დინამო არენასაც“ არ აწყენდა. იდეალურ სახეს მიიღებდა...

სატრანსფერო პოლიტიკა - აკადემია, დაბალი ფასები და სწორი გათვლები

ბასკების მთავარი მწვრთნელი იმანოლ ალგუასილი „სოსიედადის“ აკადემიაშია გაზრდილი. შემდეგ პირველ გუნდში 1990-98 წლებში თამაშობდა. ამპლუით მარჯვენა მცველი იყო. ის იცნობს ქალაქს, კლუბს და ეს ბევრს ნიშნავს.

ალგუასილს სხვა კლუბში არასდროს უმუშავია. 2011 წლიდან „სოსიედადის“ აკადემიაში მუშაობდა, ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა და 2018 წელს პირველი გუნდიც ჩააბარეს.

კლუბში დიდი ყურადღება ექცევა აკადემიას. რობინ ლე ნორმანი, იგორ სუბელდია, მიკელ ოიერსაბალი, ანდერ ბარენეჩეა, მარტინ სუბიმენდი - ხუთივე მათგანი სან სებასტიანელთა აკადემიიდან მოდის და ყოველი მათგანი გუნდის სასტარტოს შეუცვლელი წევრია. ლე ნორმანი, მერინო, სუბიმენდი და ოიერსაბალი კი ესპანეთის ნაკრების ბირთვის ნაწილსაც წარმოადგენენ.

გუნდმა 2022 წელს 2 მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა - ბრაის მენდესი „სელტადან“ 14 მილიონად გაიფორმა. ტაკეფუსა კუბო კი მადრიდის „რეალიდან“ 7 მილიონად გამოისყიდა. ამ სეზონში ორივე მათგანი ალგუასილის ტაქტიკაში საკვანძო ფიგურაა.

ასევე იჯარის წესით „არსენალიდან“ კირან ტირნი და „ლაიპციგიდან“ ანდრე სილვა დაიმატეს. უნდა ვახსენოთ რუსი არსენ ზახარიანიც, 20 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 13 მილიონად მოსკოვის „დინამოდან“ შეიძინეს.

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თანამედროვე ფეხბურთში კლუბები ტოპ 5 ლიგიდან ასეთი მოკრძალებული ბიუჯეტით ბრძოლისუნარიან გუნდებს აკომპლექტებენ და სასიამოვნო საყურებელ ფეხბურთსაც თამაშობენ.

ტაქტიკა | ალგუასილის მოძრავი 4-4-2

ალგუასილის გუნდი 2023/24 წლების სეზონში 4-4-2 სისტემით თამაშობს. ეს არ არის კლასიკური გაგებით ხაზზე განლაგებული 4-4-2. იმანოლის სქემა ძალიან მობილური, მოძრავი, არაპროგნოზირებადი და რაც მთავარია ლამაზი სანახავია.

მაღლა აწეული დაცვის ხაზი, შეტევაში ჩართული მთელი გუნდი, მოკლე ორსვლიანი კომბინაციები, ფლანგური გარღვევები, საჯარიმოში ჩაგდებული ბურთები, თავისი შერბენებით - მოკლედ, „სოსიედადი“ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს.

ამ სეზონში გუნდმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ყველა ვერ მოიგო, ბევრიც წააგო, თუმცა „ჩური-ურდინი“ (Txuri-Urdin/თეთრ-ლურჯი, კლუბის ზედმეტსახელი) სახეს არასდროს კარგავს და ყველასთან ღირსეულად იბრძვის.

ალგუასილის გუნდმა ლა ლიგის სეზონი მიჯრით 3 ფრით დაიწყო. გუნდმა პირველი თამაში მხოლოდ მას შემდეგ მოიგო, რაც ამ 11-ეულმა ერთად პირველად დაიწყო.

ვიდეო ანალიზი |  X-ფაქტორი და როგორ თამაშობს სოსიედადი?

ტაკეფუსა კუბო „სოსიედადის“ X-ფაქტორია. ბასკები ბოლო წლებში ლაღად და საინტერესოდ თამაშობდნენ, თუმცა გუნდს აშკარად აკლდა „ის ერთი ინდივიდუალისტი“, რომელიც მოედანზე განსხვავებას შექმნიდა და ამას ინდივიდუალური ოსტატობით იზამდა, რაც გუნდელებს მეტ სივრცეს და თავისუფლებას მისცემდა. მოთამაშე ტაქტიკის მიღმა, ანუ X-ფაქტორი - იაპონელმა ბიჭუნამ ეს შეძლო.

ტაკეფუსა „ბარსელონას“ აკადემიაში იზრდებოდა, შემდეგ „რეალში“ მოხვდა, რასაც „მალიორკაში“, „ვილიარეალში“ და „ხეტაფეში“ განათხოვრებები მოჰყვა. იაპონელმა ტალანტმა საბოლოოდ თავისი გუნდი იპოვა.

კუბო გამუდმებით ცდილობს ზონებს შორის მოხვდეს და მცველთან ერთი-ერთზე დარჩეს, რა დროსაც თავის უნარებს რთავს. იაპონელი მეორე ფორვარდად, ეგრეთწოდებულ 11 ნომრად და ასევე მარჯვენა გარემარბად ერთდროულად თამაშობს.

გუნდების დონეს და შედეგებს არ ვადარებ, თუმცა „სოსიედადი“ კუბოსთან ერთად აკეთებს იმას, რასაც „ნაპოლი“ კვარასთან ერთად ვერა. ვგულისხმობ იმას, რომ როცა გუნდში ასეთი დონის ინდივიდუალისტი გყავს, რომელსაც მეტოქის 2-3 მოთამაშე აქცევს ყურადღებას და 90 წუთი დასდევს, შენ ავტომატურად სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში მეტი სივრცე გიჩნდება, რომელიც უნდა გამოიყენო. კვარას „რეალთან“ კარვახალი, ჩუამენი და ვალვერდე 90 წუთი დასდევდნენ, თუმცა „ნაპოლიმ“ თავის მწვრთნელთან ერთად ეს ვერ გამოიყენა. სპალეტი მეტ-ნაკლებად იყენებდა, თუმცა სრულყოფილად ვერც ის.

სან სებასტიანელებმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე „ზალცბურგთან“ სტუმრად ჩაატარეს, სადაც 2:0 მოიგეს. ორივე ბურთი პირველ ტაიმში გაიტანეს და ალბათ, ამ სეზონში რაც მინახავს ეს იყო ერთი გუნდის მიერ საუკეთესოდ ჩატარებული ტაიმი.

ბასკებმა თამაში როგორც ვახსენე მაღლა აწეული დაცვის ხაზით და მაღალი პრესინგით დაიწყეს. მე-2 წუთიდანვე გამოჩნდა, რომ მასპინძლებს კარგი დღე არ ელოდათ.

პრესინგი და ბურთი X-ფაქტორს - კუბოს გავლენა თამაშზე. ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს, პრესინგის რამდენიმე ფაზა, ბურთს „სოსიედადი“ იბრუნებს აწვდიან ფლანგზე კუბოს, რომელსაც 2-3 მოთამაშე გადაჰყავს და საბოლოოდ პირველი მომენტი იქმნება.


მე-7 წუთზე „სოსიედადმა“ ანგარიში გახსნა. კუბოზე უკვე გესაუბრეთ, თუ როგორ იცვლის ის პოზიციას. როცა ტაკეფუსა მარჯვენა გარემარბად გადადის, ბრაის მენდესი, რომელიც ასევე კარგი ინდივიდუალისტია, ცენტრისკენ იწევს და 10 ნომრის პოზიციას იკავებს, რადგან მოედნის კარგი ხედვით და უფრო კარგი პასით გამოირჩევა. ამ მომენტში დააკვირდით კადრში, კუბო ფლანგისკენ იწყებს მოძრაობას, ეს ვარჯიშზე დამუშავებული შეტევაა, იმწამსვე მას მეტოქის მცველი მიჰყვება, ამ დროს ბურთი ტრაორეს აქვს, რომელიც მაღლა არის ამოწეული და მასაც ერთი მეტოქე მეურვეობს. ბრაის მენდესი ცენტრშია შემოწეული და ის მარტოა, გუნდელები პასს მას უკეთებენ, ერთ-ერთი მცველი იძულებულია მასზე ავიდეს და ესპანელიც ამ მომენტში წინ ოიერსაბალს აწვდის, რომელიც მომენტს იდეალურად აგვირგვინებს.


რა ხდება, როდესაც „სოსიედადის“ წინააღმდეგ შეტევაში არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, ბურთს კარგავ და კონტრშეტევისას კუბო-მენდესის დუეტი მცირე სივრცეში ერთმანეთთან და ბურთით ერთად არიან?  ამ მომენტში მეტოქის რიგებში რამდენიმე წამიანი პანიკა იყო, რაც ბრაის მენდესის გოლი შედევრით დასრულდა.


კუბოს გამუდმებით 2 მოთამაშე მეურვეობს, მასთან ერთი მცველის დატოვება მომაკვდინებელი შეცდომაა. იაპონელი ორი მეურვის შემთხვევაშიც ახერხებს გამამწვავებელი პასის გაკეთებას და თავისუფალ ზონაში გუნდელს პოულობს, რომელიც იქ ყოველთვის აკეთებს შერბენას. იაპონელი ეგრეთწოდებულ „ჯვარედინ“ პასებს საკმაოდ კარგად ასრულებს და საჯარიმოში ჩაგდებებს იდეალურად ახორციელებს. ეს კი რეალთან მატჩში ყველაზე უკეთ გამოჩნდა.

კუბოს პასის მომენტში ტრაორე ჩარბენას აკეთებს, მცველები გადაჰყავს, ასევე მანევრირებს ოიერსაბალიც და 1 მცველი მასაც გადაჰყავს, სივრცე იქმნება, ბარენეჩეა შერბის და გადის გოლი. ასეთ ჩარბენებს/შერბენებს და მორიგ მომენტს სტატიაში ცოტა ხნის შემდეგ ისევ შეხვდებით.


კუბომ რამდენიმე წუთში შესანიშნავად ამოტანილი ბურთის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა გაისროლა და ულამაზესი ბურთიც გაიტანა, თუმცა ოიერსაბალი პასიურ თამაშგარეში იმყოფებოდა და არბიტრმა გოლი გააუქმა.


31-ე წუთზე კუბოს უნარები კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და 2 მეტოქეც გადაიყოლა. დააკვირდით კადრს, თუ როგორ ხედავს კუბო თავისუფალ ზონას და ელოდება, რომ მასში გუნდელი შეირბენს. იქამდე პასს არ აკეთებს. ბრაის მენდესი შერბის და დამაბნეველ მანევრს აკეთებს, რეალის დაცვას რევს, მერინო ყველაფერს ხვდება და შერბის. კეპა მორიგ დიდებულ რეაქციას გვიჩვენებს. ეს მატჩი, რომ მადრიდელებმა მოიგეს (2:1), მათი მეკარის დიდი დამსახურებაა.


„სოსიედადს“ „რეალთან“ მატჩის მსგავსად, უკეთესი შედეგის მიღება და ამჯერად მოგება „ინტერთან“ (1:1) შეეძლო. როცა მილანელებს მთელი მატჩის განმავლობაში უგებდნენ და ბოლოს გაუშვეს. პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში 1:0 იყო, ბასკებს მეორეც უნდა შეეგდოთ. კუბომ კვლავ გადაიყვანა 2 მეურვე და საჯარიმოში ზუსტი პასის გაკეთება ამჯერადაც შეძლო, თუმცა ლე ნორმანმა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა.


კუბომ ამ სეზონში საშემსრულებლო ოსტატობაც დახვეწა და ლამაზი გოლებიც გაიტანა. რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.


დასკვნა: ფეხბურთს იმანოლის ბიჭები სჭირდება

ეს არის ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა აქვს. მთავარია ბირთვი შეინარჩუნონ და ახალი სეზონისთვის 1-2 მორიგი მოკრძალებული, მაგრამ საჭირო ტრანსფერი განახორციელონ. ლა ლიგას და ესპანურ ფეხბურთს ასეთი „სოსიედადის“ სტაბილურობა სჭირდება. ისევე როგორც მთლიანად საფეხბურთო ევროპას.

„ბიჭები წარსულიდან“, რომლებმაც 90-იანების მიწურულის და 2000-იანების დასაწყისში არსებული საშუალო დონის ლამაზად მოთამაშე გუნდები გამახსენა. ის რაც ფეხბურთს ასე ძალიან უხდება.

და ბოლოს, ალბათ დაინტერესდით რატომ კუბო Star Wars-ის ჯედაის ხმლით? ვინც Srat Wars-სა და ჯორჯ ლუკასის სამყაროს იცნობთ, ჯედაები იმედს წარმოადგენენ, გადარჩენის სიმბოლოს. ამჟამინდელი „სოსიედადი“ ჩემთვის აწმყოში ძველი და კარგი საფეხბურთო ცხოვრების გადმონაშთია.

უყურეთ „სოსიედადის“ მატჩებს, უქომაგეთ ასეთ გუნდებს, რადგან ეს სწორად წარმოებული ბიზნესია, ჯანმრთელი და არა გაღორებული, აკადემიაზე დაფუძნებული, რომელმაც შეიძლება მუზეუმი ტიტულებით ვერ გაავსოს, მაგრამ რაც მთავარია - მათ შეუძლიათ სხვებს სწორი გზა დაანახონ, რომ ფეხბურთი სწორ რელსებს დაუბრუნდეს და თავისი ჭეშმარიტი ღირებულებები საბოლოოდ არ დაივიწყოს.

რაც შემეხება მე და ცრუ ცხრიანს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიდეო ანალიზით დაგიბრუნდებით. იქამდე კი იმედი მაქვს, დღევანდელი სტატიით ისიამოვნეთ.

May the Force be with you - Real Sociedad!

გაზიარება: