ფუტსალი: ფინეთი VS საქართველო | ფრე უხვგოლიან შეხვედრაში
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე მატჩი ფინეთთან სტუმრად გამართა და ფრედ 3:3 ითამაშა.
მე-3 ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ფინელებს თბილისში 5:2 მოუგო.
ამჯერად მატჩი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და პირველივე წუთზე დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა მე-2 წუთზე ბრუნო გომეშმა წონასწორობა აღადგინა
მე-7 წუთზე ფინელებმა წინ გასვლა ისევ შეძლეს, თუმცა სამ წუთში ზვიად კუპატაძემ როგორც წინა მატჩში, ფინეთს ამჯერადაც გაუტანა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაშის ტემპი გაზარდა და უპირატესობა მოიპოვა, დაცვაში თამაშიც გამოასწორა, რასაც მალე შაგინიას გოლი და დაწინაურება მოჰყვა.
ამის შემდეგ, ფინეთმა თამაშზე კონტროლი დაიბრუნა და ბოლო წუთებზე მძლავრად შემოგვიტია. საბოლოოდ, 39-ე წუთზე გათანაბრება შეძლეს.
საბოლოოდ, ამ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ქულა მოიპოვა და ყველა ჯგუფებს შორის, ამჟამად საუკეთესო მეორეადგილოსანი გახლავთ.
ჯამში კი ჯგუფიდან პირველადგილოსნები პირდაპირ გადიან, რის შემდეგაც მათ 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები ამ ეტაპზე მეორეადგილოსნებს შორის დაფიქსირებული შედეგებით პირველია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში პორტუგალიასთან, სომხეთთან და ფინეთთან ერთად იმყოფება. ჯგუფს 3-დან 3 მოგებით პორტუგალია ლიდერობს.
ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 2 შეხვედრას საქართველო შინ პორტუგალიასთან და სტუმრად სომხეთთან გამართავს. მატჩების თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.