სირთულეების არ გვეშინია, მთავარი ხასიათია - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში ნიდერლანდებს მიიღებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
რამაზ სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე
,,რთული მეტოქეა, ნიდერლანდებთან და სხვა დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. ვეცდებით, მეტოქეს ტოლსწორად ვეთამაშოთ. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ ვეცადეთ სანაკრებო ფანჯრიდან გამომდინარე მოცემული დრო მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. სირთულეების არ გვეშინია, გუნდში ძალიან კარგი, პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით ხვალინდელ მატჩში თავი წარმოვაჩინოთ.
უპირველესად ამ მატჩებს განვიხილავთ შანსს ახალი თაობისთვის, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც დიდ ფეხბურთში ნაბიჯს რეალურად ახლა დგამენ. ეს მათთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან დიდი სამუშაო ტარდება, რადგან რეალურად ეს პირველი შეხება იქნება მათთვის იმ დონესთან, რასაც ნამდვილი ევროპული დონე ეწოდება. ამიტომ, ამ შეხვედრას ჩვენც ინტერესით ველოდებით. რეალურად, თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან ბევრ კითხვაზე გაეცემა პასუხი.
ვიცი ჩემი გუნდის ხასიათი, დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში მოხვდებიან, სკამზე თუ განაცხადს მიღმა აღმოჩნდებიან - ყველასთვის მიზანი ერთი იქნება, რომ რაც შეიძლება კარგად და წარმატებულად დავასრულოთ ხვალინდელი შეხვედრა''.
გუნდის ფორმირების პროცესის შეფასება
„შეგვიძლია ვიმსჯელოთ პირველი შეკრებიდან გამომდინარე. გეთანხმებით, ჯერ საწყისი ეტაპია. რეალურად გუნდის ფორმირება როცა იწყება, უპირველესად ეს არის სელექცია და სელექცია არ დასრულებულა, თქვენ ნაკრებში ახალ სახეებს ნახავდით. შემიძლია აქვე დავაანონსო, რომ ყოველ ახალ შეკრებაზე ჩვენ გვეყოლება ახალი ფეხბურთელები, ისინი დებიუტანტები იქნებიან, რადგან არის რამდენიმე პოზიცია, სადაც ძიების პროცესი გრძელდება. პლუს ამას, მათ დაემატებათ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამა თუ იმ ეტაპზე თავს გამოიჩენენ საქართველოს ჩემპიონატსა თუ ევროპაში.
სელექციის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მენტალური მხარე, ფეხბურთელების ხასიათი, რადგან გუნდის ფორმირების ყველაზე მთავარი ბაზისი და საწყისი მოთამაშეების ხასიათია, მათი მენტალური მდგრადობა მინდორზე თუ ცხოვრებაში, რომ ჩვენ შევძლოთ და ტოლსწორად ვეთამაშოთ მაღალი დონის ევროპულ ნაკრებებს. ეს გუნდის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მხრივ საფუძველი ჩაყრილია, მაგრამ როგორც ყველაფერს, აქაც ჩვენ გვჭირდება დრო იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა მიიღოს ის სახე და დავუბრუნდეთ იმ შედეგებს, რაც გვქონდა თუნდაც წინა თაობასთან მიმართებაში.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლების სერიები, რაც 21-წლამდე ნაკრებს ჰქონდა... ერთის მხრივ ჩვენთვის ყველასთვის კარგი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის გადამდები და ეს არის ზუსტად ის მენტალური მხარე, რაზეც ჩენ აქცენტს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი ისევ პოზიტიური კუთხით გავაგრძელოთ''.
ვასილიოს გორდეზიანზე
„გორდეზიანთან დაკავშირებით უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ გორდეზიანის საქართველოს ნაკრებში თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ. სამწუხაროდ, მას ტრავმა აწუხებს და უახლოეს შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება, თუმცა მარტივი ტრავმა არ აქვს, კუნთი აწუხებს და შესაძლოა შემდეგი სანაკრებო პაუზაც გამოტოვოს.
ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს ამ ასაკში, სამუშაო მასაც ძალიან ბევრი აქვს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენს კოლექტივში უპრობლემოდ ჩაეწერა. ასევე უნდა ავღნიშნო ის თვისება, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ვგულისხმობ საგოლე ალღოს, ამ კუთხით იობაშვილი და გორდეზიანი ძალიან გამოირჩევიან. მათი ყოფნა ჩვენთვის დამატებითი ფუფუნებაა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ამას ემატება ის ყოველდღიური შრომა, რაც ყოველდღიური პროგრესისთვის აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს შემდგარ ფეხბურთელად''.
ირაკლი ეგოიანზე
„ეგოიანი ასაკობრივ ნაკრებებში მიწვეული ადრეც იყო, ჩვენ მას ვიცნობდით. შეხება გვქონდა, მაგრამ არა ყოველდღიური, თუმცა ის დებიუტანტად თავს ნამდვილად არ გრძნობს. უკვე ძალიან კარგად საუბრობს ქართულად, პირველივე შეკრებაზე მოვახერხეთ და ეს პრობლემა აღარ გვიდგას. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ის ისე გრძნობს თავს, რომ აქ ყოფნით ბედნიერია, ჩვენც ჯერჯერობით კმაყოფილები ვართ მისი თამაშით, მაგრამ იგივე შემიძლია გავიმეორო ეგოიანზე, რაც გორდეზიანზე ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფეხბურთელს და ადამიანს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ეს ისეთი ასაკია, რომ გარდამტეხი მომენტები აქვთ კარიერაში, ცხოვრებაში. ამიტომ, ყოველდღიური რუტინა, ყოველდღიური შრომა, მენტალურად სწორი ცხოვრება პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი ეტაპია მათთვის და ჩვენ ნელ-ნელა გავდივართ ამ გზას''.
გიორგი აბუაშვილზე
„რაც შეეხება აბუაშვილს, წინა შეკრებაზე გამოვიძახეთ, ვთვლით რომ აბუაშვილი ამ თაობაში ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ მას ყოველთვის გვერდით ვედექით და ყოველთვის ასე იქნება. უბრალოდ, აქ იყო ორი მომენტია, ჯერ რუმინულ კლუბში ვერ დარეგისტრირდა, თუმცა როგორც ვიცით საბუთები გადაგზავნილია და ეს პრობლემა მალე მოგვარდება. მეორე პრობლემა სათამაშო დროა, მას აუცილებლად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რომ იმ ძველ პოზიციებზე დაბრუნდეს და გაამართლოს ის იმედები, რომელიც დიდი ხანია მასზე გაცემულია''.
გაბრიელ სიგუაზე
„გაბრიელ სიგუასთან კომუნიკაცია გვქონდა ისევე როგორც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან. გადაწყდა, რომ სიგუა ეროვნულ ნაკრებში იქნება. ეს სასიხარულოა, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა არის ის, რომ უწყვეტი ჯაჭვი იყოს ასაკობრივი ნაკრებებიდან ეროვნულ ნაკრებამდე''.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო-ნიდერლანდების აღნიშნული შეხვედრა 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.