კონტე-ნაპოლი: გზა იუვედან ტოტენჰემამდე და კვარა-ოსიმენი გოლების წვიმის მოლოდინში
იტალიურ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გუნდიდან რუდი გარსიას გაშვებას განიხილავს და მის სავარაუდო შემცვლელად ანტონიო კონტეს კანდიდატურას მოიაზრებს. სხვადასხვა გავლენიანი სააგენტოები წერენ, რომ „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ.
ცნობილმა გამოცემამ, Calio Mercato-მ ანტონიო კონტეს წარსული გაიხსენა და იმ რესურსზე ისაუბრა, რომელიც იტალიელ სპეციალისტს „ნაპოლიში“ მოსვლის შემთხვევაში დახვდება.
რა წერია სტატიაში:
„ნაპოლიში“ ახლა ძალიან ცხელი საათებია, ამის მიზეზი კი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას შესაძლო გაშვებისა და მის მაგივრად, ანტონიო კონტეს მოყვანის საკითხია. ნეაპოლში, კონტეს დანიშვნის პროცენტული ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა, არსებობს რამდენიმე საკითხი: მოთხოვნილი ანაზღაურების რაოდენობა და ასევე, დათანხმდება თუ არა წინადადებას სეზონის შუა ნაწილში.
კონტემ ახალი გზის დაწყება შესაძლოა ზაფხულში აირჩიოს. ის გუნდში ახალი სპორტული მომზადების ფორმებს დანერგავს და კონკრეტულ მექანიზმებს შეიმუშავებს, ამის გამოსაცდელად და დასამუშავებლად კი გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ახლა კი ჩემპიონატის დაწყებიდან გუნდს უკვე ჩატარებული აქვს 8 თამაში და ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩიც წარსულშია.
ეს არც თუ ისე გრძელი პერიოდია, თუმცა, გარკვეული მექანიზმების ჩამოყალიბებას დრო მაინც დასჭირდება, რამაც გუნდის მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს. გუნდში ბევრი ხარვეზია და კონტეს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად დრო აუცილებლად დასჭირდება. მისი დანიშვნის შემთხვევაში საინტერესო იქნება „ნაპოლის“ ფორმაციის სქემა. კონტე ყოველთვის ანიჭებდა უპირატესობას 3-5-2 სქემას, ნეაპოლიტანელები კი 4-3-3 წყობით თამაშობენ.
იუვედან, ტოტენჰემამდე
წარსულ გამოცდილებაში, კონტემ არაერთხელ შეძლო მოთამაშეების ადაპტირება თავის იდეებთან, რიგ შემთხვევაში კი თავადაც ერგებოდა მის ხელთ არსებულ რესურს. ნათელია, რომ ის „ნაპოლიში“ ჩინებულ ფეხბურთელთა გუნდს იპოვის. მართალია, ყველა პოზიციაზე ფენომენი ვერ იქნება, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა გასულ სეზონში დომინირება შეძლეს და ჯერ კიდევ სურთ გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმის გაღება.
კარიერის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ყველგან შეძლო თავისი ფეხბურთელების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ მისი მოგზაურობა 2011-12 წლების სეზონიდან, როდესაც ის „იუვენტუსის“ მწვრთნელად დაინიშნა და მივხვდით, როგორ განვითარდა ფეხბურთელების თამაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში.
„იუვენტუსში“ ყოფნის პირველ წელს, მას ალბათ ყველაზე ნაკლებად ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა, მან როგორც ვუჩინიჩი, ისე მატრი გოლების ორციფრიან მაჩვენებლამდე მიიყვანა, მომდევნო სეზონის შემდეგ კი მისი მუშაობა კიდევ უფრო გარდამტეხი იყო: მატრი - 10 გოლი; ჯოვინკო - 11 გოლი; კუალიარელა - 13 გოლი; ვუჩინიჩი - 14 გოლი; ვიდალი - 15 გოლი.
ეს ტენდენცია მან „ჩელსიში“ ყოფნის 2-წლიან პერიოდშიც გააგრძელა, სადაც 6 სხვადასხვა მოთამაშეს ჰქონდა 2-ციფრიანი გოლის მაჩვენებელი: დიეგო კოშტა - 22 გოლი; აზარი - 17 გოლი პირველ სეზონში, 15 გოლი მეორე სეზონში; მორატა - 14 გოლი, პედრო - 13 გოლი; ვილიანი - 13 გოლი პირველ სეზონში, 12 გოლი მეორე სეზონში; ბატჩუაი - 10 გოლი.
ეს ნამდვილად დამაფიქრებელი რიცხვებია. ამის შემდეგ იყო სპექტაკლები „ინტერსა“ და „ტოტენჰემში“, რამაც დიამეტრულად შეცვალა ამ გუნდების მდგომარეობა. ეს ორი გუნდი, მის კარიერაში ბოლო სამუშაოები იყო.
„ნერაძურიში“ ლაუტარო მარტინესმა მისი ხელმძღვანელობის დროს პირველ სეზონში 21 გოლი გაიტანა, მეორეში კი 19. რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე კი 34 და 30 გოლი იყო. ამ ორმა ფეხბურთელმა საერთო ჯამში, ორ სეზონში 104 გოლის გატანა შეძლო.
„სპურსთან“ ერთად მსგავსი მაჩვენებელი კეინსა და კიმს ჰქონდათ. 27 და 32 გოლი ინგლისელის ანგარიშზე, 24 და 14 გოლი კი კორეელის ანგარიშზე. ორი სეზონის განმავლობაში მათ თითქმის 100 გოლი გაიტანეს, იმის მიუხედავად, რომ ტიტულის მოპოვება ვერ შეძლეს.
კონტეს გმირები ნეაპოლში: ოსიმენი და კვარა
თუ ზემოთმოყვანილ ციფრებზე ვისაუბრებთ, „ნაპოლიდან“ მაშინვე კვარაცხელია და ოსიმენი გაგვახსენდებიან. გასულ წელს ოსიმენმა 31, კვარაცხელიამ კი 14 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში 45 გოლი, ეს რიცხვები კი იდეალურად შეესაბამება ანტონიო კონტეს შემტევებს.
„ნაპოლი“ სწორედ კონტეს მსგავს მწვრთნელზე ოცნებობს. „ინტერში“ ყოფნის მეორე სეზონში მან შეტევაში 17 ფეხბურთელი გამოიყენა, ეს კი „ნაპოლის“ შესაძლებლობას მისცემს, რომ საუკეთესოდ გამოვიდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რასპადორი, პოლიტანო, ლინდსტრომი, ჟიელინსკი, ელმასი და სიმეონე.
ამრიგად, „ნაპოლისა“ და კონტეს კომბინაციამ შესაძლოა იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლის იდეალური კანდიდატი შექმნას, იმის მიუხედავად, რომ ის ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა დე ლაურენტისი კონტესთან შეთანხმებას, თუ ლურჯების მწვრთნელად კვლავ რუდი გარსია დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება. გარსიას გუნდის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.