ევროპაში დაბრუნდება? მესი და ინტერ მაიამი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ლიონელ მესის „ინტერ მაიამი" MLS-ის ჩემპიონატში „ცინცინატისთან“ 0:1 დამარცხდა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა.
36 წლის მესი თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიშით 0:0 იყო.
რეგულარულ სეზონში „ინტერ მაიამის“ მხოლოდ ორი მატჩი აქვს დარჩენილი. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში 33 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.
ამ წაგების შემდეგ დევიდ ბექჰემის კლუბმა პლეი-ოფში თამაშის მათემატიკური შანსიც დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესისა და მთელს გუნდს 21 ოქტომბრის შემდეგ მარტამდე უქმობა მოუწევთ.
მესის MLS-ში გადასვლის შემდეგ, 13 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. მისი ტრავმის შემდეგ, გუნდს თამაში აღარ მოუგია. „ლა პულგამ“ ჯამში 5 შეხვედრა გამოტოვა, „ინტერ მაიამიმ“ კი 3 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.
ევროპაში დაბრუნდება?
იქიდან გამომდინარე, რომ „ინტერ მაიამი“ პლეი-ოფს მიღმაა, MLS-ის სისტემის თანახმად, გუნდი ოფიციალურ მატჩებს თებერვლის ბოლომდე ვერ ჩაატარებს. მესის 4 თვეზე მეტი ხნით უქმობა მოუწევს და არის შანსი, რომ იჯარის წესით დროებით ევროპაში დაბრუნდეს.
მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. MLS-ში თამაშისას დევიდ ბექჰემმა და ტიერი ანრიმ, ზამთარში „მილანსა“ და „არსენალში“ ითამაშეს, შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ.
ყველა დეტალის გათვალისწინებით, არსებობს ვარიანტი, რომ მესიც მსგავსად მოიქცეს და ბუნებრივია, ყველა არგენტინელის „ბარსელონას“ მაისურში ხილვას ელის.