ტეო ერნანდესი, კრისტიან პულიშიჩი, ოლივიე ჟირუ, მაიკ მენიო
Aa
Aa

„მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟირუს პირველი კომენტარი Sky-სთან

ოლივიე ჟირუს კარში ჩადგომა და სეივი, ორივე გუნდის მეკარის გაძევება და უდრამატულესი, აბსოლუტურად არაორდინალური ბოლო წუთები! „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი ფეხბურთის გულშემატკივარს დიდხანს ემახსოვრება!..

მილანელთა გმირმა, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, ცხელ გულზე ემოციები Sky-ს გაუზიარა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ კარიერაში არასდროს განუცდია.

„ამ ბიჭებით, ამ გუნდურობით ვამაყობ! ლომებივით ვიბრძოლეთ და ბედნიერი ვარ, რომ ფანების გახარება მოვახერხეთ.

მსგავსი რამ კარიერაში არასდროს გამომიცდია. გამიმართლა, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი მაგარი სეივი შევასრულე. კარიდან გამოსვლისას საკუთარ თავს ვუთხარი: „მიდი, უკეთესია, გახვიდე, ვიდრე ხაზზე დარჩე“. მეკარის ინსტინქტები არ მაქვს, მაგრამ იმ მომენტში ეს ვიგრძენი. როცა ბურთი მოვიგერიე, ეს გოლის გატანას ჰგავდა. მხარშიც კარგად მომხვდა და მეტკინა, მაგრამ ეს საერთოდ არაფერია.

ბავშვობაში მეკარეობაც მომწონდა და მენიოს ჩანაცვლება საკუთარ თავზე ამიტომ ავიღე. ახლა, ამ მაისურს სახლში წავიღებ და ჩარჩოში ჩავსვამ“.

საინტერესოა, რომ მსაჯმა, მარკო პიჩინინიმ დამატებულ წუთებზე „ჯენოას“ მეკარე, ხოსეპ მარტინესიც გააძევა. სერია A-ში ორივე გუნდისთვის მეკარე 1994-95 წლების სეზონის შემდეგ არ გაეძევებინათ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კრისტიან პულიშიჩის ანგარიშზეა. „კაპიტან ამერიკამ“ 87-ე წუთზე, იუნუს მუსას პასის შემდეგ შეაგდო და „შავ-წითლები“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

სტეფანო პიოლის გუნდმა თანაქალაქელი „ინტერის“ ვერმოგებით („ბოლონიასთან“ 2:2) ისარგებლა და ცხრილში მას 2 ქულით გაუსწრო.

გაძევებული მაიკ მენიო ჩემპიონატის მომდევნო ორი ტურს გამოტოვებს: „იუვენტუსთან“ (შინ, 22 ოქტომბერს) და „ნაპოლისთან“ (სტუმრად, 29 ოქტომბერს). მის გარდა, ყვითელი ბარათების გამო, ტურინელებთან ტეო ერნანდესიც არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი