ლევან მაისაშვილი, მერაბ შარიქაძე
Aa
Aa

მაისაშვილი: “ჩვენი ლამაზი თამაში ქულებში ვერ ავსახეთ“

საფრანგეთში, მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი მატჩი უელსის ეროვნულ გუნდთან გამართა და სანახაობრივ მატჩში 43:19 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი:

"რაც შეეხება ჩვენს ასპარეზობას, ძალიან რთულია მოკლედ ავხსნა ეს ყველაფერი. კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რაც ორი თამაშის მოგება იყო. პოზიტივი  ის იყო, რომ ყველა თამაშში მოსაგებად ვითამაშეთ და ხელები არ ჩამოგვიყრია, ეს ყველამ დაინახა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პირველ ტაიმში დასახულ გეგმას ავცდით და მეტოქეს სასურველი სცენარით თამაშის შესაძლებლობა მივეცით. მეორე ტაიმში დავბრუნდით, ისევე როგორც ავსტრალიასთან და ლელოს მომენტებიც შევქმენით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მსაჯობაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ამას დიდი ანალიზი სჭირდება.

მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მრავლად იყო წარმოდგენილი - ზოგი დისტანციურად, ზოგიც კი აქ იყო ჩამოსული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთი ქომაგობის საპასუხოდ ვერ შევძელით გეგმების სისრულეში მოყვანა.

ცალსახაა, რომ შედეგის თვალსაზრისით დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ შევხედოთ, რას თამაშობს საქართველოს ნაკრები - ჩვენ ვთამაშობთ ყველა გუნდთან, არ ვწვალობთ და ვთამაშობთ რაგბის - ესაა კონტრშეტევები, თუ პოზიციური შეტევები. სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე ვერ შევძელით ჩვენი მომენტების დაბოლოება. უელსთან შედარებით, ავსტრალიასთან უფრო მეტი ლელოს ეპიზოდი შევქმენით, თუმცა, უელსმა 40 ქულა დადო.

ჩვენ ჩვენი ლამაზი თამაში ქულებში ვერ ავსახეთ, თუმცა, ესეც დროის ამბავია და აუცილებლად გამოსწორდება. ორი თაობის ერთმანეთთან მუშობის პროცესის მართვა საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენს შემთხვევაში 3-4 პლეადის მოთამაშე იყო - ძალიან გამოუცდელები, გამოცდილები და საშუალოდ გამოცდილები. ვფიქრობთ, ეს პროცესი კარგად ვმართეთ და ეს მათი სწორი სიმბიოზი იყო. გამოცდილები ახალგაზრდებს კარგად უზიარებდნენ ცოდნას, ისინი კი ამას დიდი ყურადღებით იღებდნენ.

ვფიქრობ, გუნდი კარგად იყო შეკრული და ამ დროის განმავლობაში ერთი ზედმეტი სიტყვაც არ ყოფილა. გუნდი 4-5 თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და ამან დიდი როლი ითამაშა. მადლობა იმ მორაგბეებს, რომლებმა დადებითი მუხტი შეიტანეს გუნდში.

ფაქტია, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, ეს რიგ შემთხვევაში კარგიც არის, რიგ შემთხვევაში კი პრობლემასაც გვიქმნის. წლების განმავლობაში ვთვლი, რომ ბევრი მოთამაშის პოტენციალი ასაკის მიხედვით ბოლომდე არ იყო გამოყენებული და ძირითადად  გუნდის გაახალგაზრდავება ხდებოდა. ვთვლი, რომ ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იყოს ისეთი რაოდენობით წარმოდგენილი, როგორც ახლა. არ ვფიქრობ, რომ სელექციაში პრობლემა დავუშვით."

მერაბ შარიქაძე:

"მსაჯობაზე საუბარი გულშემატკივრისთვის მიმინდვია. ყველაფრის მიუხედავად, შეგვეძლო ამ თამაშში გამარჯვება. ამაყი ვარ, რომ ყველა თამაშში კარგად ვიბრძოლეთ. თავი არავის დაუზოგავს და ყველგან კარგად ვიბრძოლეთ. რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რამდენმა შეძლო თავის გაწირვა.

რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მადლობასაც ვეტყვი და ბოდიშსაც. ვპირდები, რომ აუცილებლად ძლიერები დავბრუნდებით.

ახალგაზრდა ბიჭებს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამაგალითოა. ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან, ძალიან დიდი პატივისცემით და მონდომებით არიან. ჩვენთვის, ვინც ნაკრებში დიდი ხნით ვართ, დიდი პატივია მათ გვერდით მუშაობა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულა - 1 ფრე და 3 წაგება. 9 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ავსტრალიასთან დამარცხდა, 23 სექტემბერს პორტუგალიის ნაკრებთან ფრედ ითამაშა, 30 სექტემბერს ფიჯისთან შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო და დღეს, უელსის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურშიც მარცხი განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭით უნდა დაგიმახსოვრონ და არა იმით, თუ რამდენს იშოვი“, - იბრა საუდის არაბეთზე
„ნიჭით უნდა დაგიმახსოვრონ და არა იმით, თუ რამდენს იშოვი“, - იბრა საუდის არაბეთზე