“ბოდიში უნდა მოიხადოს“ - ტენ ჰაგი სანჩოზე
როგორც მოგეხსენებათ, ჯეიდონ სანჩოსა და ერიკ ტენ ჰაგს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ინგლისელი შემტევი დიდი ხანია „წითელი ეშმაკების“ რიგებში არ გამოჩენილა. მეტიც, მას პირველ გუნდთან ყველანაირი კონტაქტი აუკრძალეს. მათ შორის, ჯეიდონს მთავარ გუნდთან ერთად სადილობაც კი ეკრძალება.
ნიდერლანდელი სპეციალისტი სანჩოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, ტენ ჰაგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა. სანჩო კვლავ ხელმიუწვდომელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. ბოდიში მოიხადოს და ყველაფერი შეიცვლება.“
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს.
რა თქმა უნდა, მისი ეს კომენტარი სანჩოს არ ესიამოვნა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ. ეს უსამართლობაა! ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობდი. არ დაიჯეროთ ის, რასაც კითხულობთ. დარწმუნებული ვარ, სხვა მიზეზებიც იყო.“
ცნობისთვის, სანჩომ აღნიშნული პოსტი რამდენიმე საათში წაშალა.