შალვა მამუკაშვილი
Aa
Aa

„ბომბების ხმამ გაგვაღვიძა“ - მამუკაშვილი Daily Mail-ს აგვისტოს ომზე ესაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კვაჭმა, შალვა მამუკაშვილმა Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა და აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა. რუსეთის ოკუპაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მამუკაშვილი საკუთარ ძმასთან და 3 მეგობართან ერთად, ონში გაემგზავრა და ბრიტანულ გამოცემას მომხდარის დეტალები გაუზიარა.

„ონში დასასვენებლად წავედით და 2-კვირიანი შვებულება გვქონდა. რუსეთის ოკუპაცია იმ საღამოს დაიწყო, როცა ჩავედით. მომდევნო დილას, ონი დაბომბეს. ბომბების ხმამ გაგვაღვიძა და როცა აფეთქებების ხმა გავიგეთ, სრულიად მარტონი ვიყავით. რა თქმა უნდა, ძალიან შეგვეშინდა.

ონი დაბომბეს, რადგან იქ სსრკ-ს ძველი სამხედრო ბაზა იყო განთავსებული და რუსებმა ბომბები დაუშინეს ყველა ადგილს, სადაც ეგონათ, რომ საქართველოს არმიის ბაზა მდებარეობდა. რეალურად, ონში ქართული ბაზა არ ყოფილა, სახანძრო დაწესებულება იყო, მაგრამ მაინც დაბომბეს. თბილისში ჩასვლა მოვახერხეთ და მახსოვს ერთი მამაცი მძღოლი, რომელმაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბავშვები სახლში დააბრუნა. ის რომ არა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა. ეს 11 აგვისტოს მოხდა. მომდევნო დღეს, რუსულმა ტანკებმა თბილისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

საქართველოს ისტორიას თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ ბოლომდე ბრძოლა ჩვენს დნმ-შია. როცა საქართველოში იზრდები, კითხულობ, უსმენ და სწავლობ წინაპრების ისტორიას, რომლებიც ქვეყნისთვის, თავიანთი ოჯახებისთვის და ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ. მათ საკუთარი სიცოცხლე გაიღეს და ბოლომდე ბრძოლა ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ვცდილობთ, მოედანზე იგივე დამოკიდებულება გვქონდეს და თანაგუნდელებისთვის მსხვერპლი გავიღოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას უელსთან გამართავს. მატჩი 7 ოქტომბერს, „ნანტი მეტროპოლზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელებმა ახალი Call of Duty ითამაშეს | კვარას გუნდმა მოიგო
ნაპოლის ფეხბურთელებმა ახალი Call of Duty ითამაშეს | კვარას გუნდმა მოიგო