ჰომოფობიური შეძახილების გამო | პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები დასაჯეს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა, რანდალ კოლო მუანიმ, უსმან დემბელემ, აშრაფ ჰაკიმიმ და ლაივინ კურზავამ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს. ეს ვერდიქტი ფეხბურთის პროფესიონალურმა ლიგამ გამოიტანა და მიზეზი „მარსელთან“ გამართულ მატჩს უკავშირდება.
გასულ თვეში ჩატარებული შეხვედრისას, რომელსაც „პარკ დე პრენსმა“ უმასპინძლა, პსჟ-ს გულშემატკივრები ჰომოფობიურ შეძახილებს სკანდირებდნენ. L’Equipe-ის ინფორმაციით, შეძახილები ფეხბურთელებმაც გამოიყენეს და სწორედ ამის გამო დაისაჯნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ზემოთ ხსენებულმა მოთამაშეებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ბოდიში მოიხადეს. მათი თქმით, ჰომოფობიური შეძახილების გამოყენებისას ეიფორიულ მდგომარეობაში იყვნენ და მომხდარს ნანობენ.
შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს ბიჭები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავენ და „რენს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ჯერჯერობით წაგების გარეშეა - 2 მოგება, 5 ფრე.