კრემონეზეს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი | ინტერვიუ დაჩი ლორთქიფანიძესთან
დაჩი ლორთქიფანიძე 18 წლის ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „კრემონეზეს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს და მწვრთნელებზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. მას გუნდის კაპიტნის სამკლავური გადასცეს და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად თვლიან. ახლახან, „კრემონეზეს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაჩის ინტერვიუ გამოაქვეყნა და მან ბევრ თემაზე ისაუბრა.
შორიდან ჩამოსული ბიჭისთვის რას ნიშნავს იტალიაში თამაში? და პროფესიონალ ფეხბურთელთა შორის გყავს თანამემამულეები, რომლებზეც შეგიძლია გვესაუბრო?
„მრავალი წელია კრემონაში ვარ. დიდ პროგრესს მივაღწიე და კრემონეზეში თამაში ნამდვილად დიდი პატივია. გამიმართლა და მყავს ისეთი მეგობარი, როგორიც ლუკა ლოჩოშვილია. იგი კრემონეზეში თამაშობს და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არიან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ზრდიან. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასულ სეზონში, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს“.
ფეხბურთის სიყვარული როგორ გაგიჩნდა? რჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთი ოჯახური გატაცებაა, რადგან შენი ძმაც ფეხბურთელია.
„ფეხბურთის სიყვარული ჩემი ძმის გამო გამიჩნდა. პატარა როცა ვიყავი, ყოველთვის მინდოდა, მისი თამაშები მენახა და დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ფეხბურთის თამაში 4 წლის ასაკში დავიწყე და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ, შეუჩერებლად ვვარჯიშობ, რათა ჩემს მიზნებს მივაღწიო“.
კრემონეზეში გატარებული 4 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდე და საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი გახდი. ეს რა შეგრძნებაა?
„საოცარი თავგადასავალი იყო, რომელიც 2019 წელს, 15-წლამდე გუნდში დაიწყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონატი შეჩერდა. 17-წლამდე გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. თანაც, მთელი ჩემპიონატი სრულად ჩავატარე და საქართველოს ნაკრებთან ერთად, ელიტ რაუნდშიც ვითამაშე. შარშან, კრემონეზეს ახალგაზრდულ გუნდში პირველი სეზონი ჩავატარე და საოცარი თავგადასავალი იყო. თანაც, საქართველოს 18-წლამდე გუნდშიც გამომიძახეს. წლეულს, მინდა, კაპიტნის სამკლავური ღირსეულად წარმოვაჩინო და ჩემპიონი გავხდეთ. კარგად დავიწყეთ და იმედია, ასე გაგრძელდება“.
ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდულ გუნდებში რამდენჯერმე გამოგიძახეს. რამდენიმე კვირის წინ კი 19-წლამდე ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარე.
„დიახ, ორ მატჩში მივიღე მონაწილეობა და ერთი მოვიგეთ, მეორე ფრედ დამთავრდა. ძალიან ამაღელვებელი იყო და განსხვავდება ის, რასაც კლუბისთვის აკეთებ იმისგან, რასაც ნაკრებისთვის აკეთებ“.
შენი საიდუმლო ოცნება რა არის?
„ამ წუთისთვის, ჩემი ოცნება მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრის გამართვაა. ამისთვის ვმუშაობ და თუ ეს საშინაო არენაზე გავაკეთე, ახდენილი ოცნება იქნება. მომავალში მინდა, ინგლისში, ლივერპულის მაისურით ვითამაშო, რადგან ჩემი საყვარელი კლუბია“.