„ვიცი, რასაც ვიმსახურებ“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა. UFC-ის პრეზიდენტმა „მანქანა“ ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მებრძოლს არ სურს გაარკვიოს, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყოს.
დვალიშვილი ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემაში, The MMA Hour-ში იყო სტუმრად მიწვეული და ბევრ თემაზე ილაპარაკა. ერთ-ერთი შეკითხვა უაითის განცხადებას ეხებოდა და „მანქანამ“ მას გულახდილად უპასუხა.
„ვერ გავიგე ეს განცხადება რატომ გააკეთა. შეიძლება, ვერ გავიგე, შეიძლება, არ ვიცი, რა ხდება. ნამდვილი მებრძოლი ვარ და ვიცი, რასაც ვიმსახურებ. ჩემი სამსახური ჩხუბია. მხოლოდ ეს ვიცი და ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვარ. ზოგჯერ წნეხს ვგრძნობ, რადგან ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. რთულია... მიზანთან ასე ახლოს ვარ და ამისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვშრომობდი“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უცხოურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი მენეჯერის, ალი აბდელაზიზის მიხედვით, ჰენრი სეხუდო მზადაა, მერაბ დვალიშვილს იანვარში ეჩხუბოს და „მანქანას“ მოუწოდებს, კონტრაქტს ხელი მოაწეროს.