სეოკ-ში ახალი ოლიმპიური მუზეუმი და ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში, სეოკ-ის დაფუძნების დღეს გაიხსნა ახალი ოლიმპიური მუზეუმი. 2011 წლიდან არსებულ მუზეუმს შეემატა თანამედროვე დიზაინით მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით და განათების სისტემით, სტენდებით, საექსპოზიციო ვიტრინებით, პროექტორით აღჭურვილი ახალი სივრცე 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასევე განახლებული და მნიშვნელოვანი გამოცემებით შევსებული ოლიმპიური ბიბლიოთეკა.
ახალი მუზეუმის და ბიბლიოთეკის მოწყობის იდეის ავტორია სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფციის და პროექტის ავტორი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, დიზაინერი - ვახტანგ შატაიძე.
ღონისძიება გახსნა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა, სეოკ-ის დამფუძნებლებმა თენგიზ გაჩეჩილაძემ და პაატა ნაცვლიშვილმა.
ლერი ხაბელოვი: „ვფიქრობ, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ახალი მუზეუმი და ბიბლიოთეკა საშუალებას იძლევა დამთვალიერებლებს ფართოდ წარვუდგინოთ ქართული სპორტის მიღწევები, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელები, მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები, მოვაწყოთ საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, საიუბილეო და სხვა ღონისძიებები, ამასთანავე, სისტემატიურად მოვიწვიოთ ჩვენი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა თბილისიდან და რეგიონებიდან, გავაცნოთ მათ ქართული სპორტის ისტორია, დავაინტერესოთ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით.“
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარია თეოდორუ, სს ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, გარდაცვლილი ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორების ოჯახის წევრები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, მოქმედი სპორტსმენები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ახალ მუზეუმში წარმოდგენილია ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები და ამბები დასაბამიდან დღემდე. მათ შორის - საინტერესო ექსპონატები, ინფორმაციული და ვიზუალური მასალები ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, მის დამფუძნებლებზე და პრეზიდენტებზე, ოლიმპიურ სიმბოლოებზე და ცერემონიებზე, ზაფხულისა და ზამთრის ცალკეულ ოლიმპიურ თამაშებზე, კონტინენტურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. ცალკეა წარმოდგენილი ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ინფორმაცია სეოკ-ის დაფუძნებისა და აღიარების შესახებ, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და პრიზიორებზე, ჩვენს ოლიმპიურ რეკორდსმენებზე. მუზეუმში გამოიფინა ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მედლების ასლები (სულ-133 მედალი), ქართველ მოქანდაკეთა ნამუშევრები ოლიმპიურ თემატიკაზე, სეოკ-ში დაცული თასები და სხვა ჯილდოები.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახლგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების და სეოკ-ის გენერალური სპონსორის - ,,საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით.