თელავი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიორგი მიქაძე
Aa
Aa

პირველად უარი თქვა, მეორე ცდაზე დაითანხმეს - მიქაძე საბურთალოში მიდის

გიორგი მიქაძე „საბურთალოს’’ მთავარი მწვრთნელი გახდება. CrystalSport-ის ცნობით, მიქაძე „თელავის’’ ფეხბურთელებს დაემშვიდობა, კახური კლუბი დატოვა და მალე კონტრაქტს „საბურთალოსთან’’ გააფორმებს, სადაც წარსულში ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. მიქაძისთვის „საბურთალო'' კარგად ნაცნობი კლუბია. 

ომარ თეთრაძის წასვლის შემდეგ „საბურთალო’’ მიქაძეს დაუკავშირდა, თუმცა მიქაძისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. შემდეგ კლუბის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოლაპარაკებას გიორგი დევდარიანთან მართავდა, გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება არ შედგა. ამის შემდეგ, გუშინ „საბურთალომ’’ მოლაპარაკება გიორგი მიქაძესთან გამართა, შეხვედრას მიქაძის ასისტენტებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა. უცნობია რატომ თქვა მიქაძემ პირველ შეთავაზებაზე უარი, თუმცა დანამდვილები შეგვიძლია გითხრათ, რომ თბილისურმა კლუბმა მიქაძე მეორე ცდაზე დაითანხმა, მას შემდეგ რაც დევდარიანთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

ომარ თეთრაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ „საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი უჩა სოსიაშვილია, რომლის ხელმძღვანელობით „საბურთალო'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა (5:0).

ასევე გეტყვით, რომ გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 დათმო. სეზონის მიმდინარეობისას მიქაძის გუნდიდან წასვლა მოულოდნელი იყო. მით უმეტეს წარმატებული მატჩების გათვალისწინებით.

ასევე გეტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონში იდენტური რამ უკვე მოხდა, როცა ანდრეი დემჩენკომ გორის „დილა'' დატოვა და ბათუმის „დინამოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები