რუდი გარსია: ბიჭებს ვუთხარი, მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა
„ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან'' მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გარსიას თქმით, გუნდის მიზანი წარმატებული სერიის გაგრძელებაა. გარსიამ ასევე აღნიშნა, რომ „რეალთან'' გამართული მატჩიდან გამომდინარე გუნდმა დაცვაში უფრო ეფექტურად უნდა ითამაშოს.
„ყოველი შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ და „ფიორენტინას’’ თანაბარი ქულები გვაქვს. გვსურს მესამე ადგილი შევინარჩუნოთ, დავამარცხოთ გუნდი, რომელსაც სეზონის კარგი სტარტი ჰქონდა. სახლში ვთამაშობთ და გვსურს გამარჯვებათა სერია გავაგრძელოთ, რომელიც „უდინეზესთან’’ დაიწყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ზედიზედ მესამე მატჩს მოვიგებთ, სატურნირო ცხრილში მდგომარეობას გავიუმჯობსებთ. ეს ჩვენი მიზანია’’.
რუდი გარსია „რეალთან’’ ჩატარებულ მატჩზე:„მეორე ტაიმიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დაცვაში უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშოთ. მესამე გოლისას ვალვერდე ცარიელ სივრცეში არ უნდა დაგვეტოვებინა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ. ბიჭების მჯერა’’.
მიმდინარე კვირაში მარიო რუის აგენტმა, მარიო გუფრედიმ რუდი გარსია გააკრიტიკა: „რუდი გარსია მარიო რუის უსამართლოდ და უპატივცემულოდ ეპყრობა. უპატივცემულოდ, რადგან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც სერია A-ს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი გახლავთ. მას სპალეტის ფორმაციის ნაპოლიში ფუნდამენტური როლი ჰქონდა, ახლა კი უპატივცემულობას იღებს''.
გუფრედის კომენტართან დაკავშირებით გარსიამ შემდეგი რამ თქვა:„ვესაუბრე მარიოს და არა მის აგენტს, მასთან ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობა მაქვს. მას უფრო მეტი სათამაშო დრო სურს, მაგრამ მე მომწონს რომ მოტივირებულია. მე ყოველთვის ვეძებ მაღალი დონის მარცხენა მცველებს. იღბლიანი ვარ, რომ ახლა გუნდში ორი ასეთი მოთამაშე მყავს’’.
„ნაპოლიმ“ სერია ა-ს გასულ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, შინ „უდინეზე'' 4:1 დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად „ლეჩეს'' დიდი ანგარიშით მოუგო (0:4). მიმდინარე კვირაში „ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან'' დამარცხდა (2:3), სერია ა-ს შემდეგ ტურში კი „ფიორენტინას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 22:45).
ამ ეტაპზე „ნაპოლი'' 14 ქულით მესამე ადგილზეა. ასევე 14 ქულაა „იუვენტუსისა'' და „ფიორენტინას'' ანგარიშზე, რომლებიც შესაბამისად მე-5 და მე-6 ადგილებს იკავებენ.