ანდრეს ესკობარი, პაბლო ესკობარი, ფრენკ სინატრა
Aa Aa

„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი

„კოკაინის მეფედ“ წოდებული პაბლო ემილიო ესკობარ გავირია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კრიმინალია, რომელმაც კოლუმბია შეცვალა. მედელინის კარტელის დამფუძნებელი და მმართველი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა ყველას, ვინც მის ინტერესებს აღუდგებოდა: იტაცებდა და კლავდა არათუ უბრალო მოქალაქეებს, არამედ მინისტრებსა და უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებსაც კი.

„პაბლო ძალიან ბევრს გამოიმუშავებდა. ყოველწლიურად გვიწევდა, თანხის 10% უბრალოდ ჩამოგვეწერა, რადგან სათავსოში შენახვისას ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იყო: ქეშის ნაწილს ვირთხები ჭამდნენ, ნაწილს წყალი აზიანებდა ან რამე სხვა მსგავსი ფაქტორი“, - ნარკოდილერის ძმა, რობერტო ესკობარ გავირია.

ესკობარის „მარჯვენა ხელი“, რომელიც Youtuber-ი გახდა

ესკობარის უახლოეს გარემოცვაში, დაცვისა და დაქირავებული მკვლელების მიმართულებით, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფიგურა უნდა გამოიყოს, რომლებიც მთავარ საქმეებს უწევდნენ ორგანიზებას ან თავად ასრულებდნენ: მარიო ალბერტო კასტანიო მოლინა („ელ ჩოპო“); ხონ ხაირო არიასი („პინინია“); დანდენის მუნიოს მოსკერა („ლა კიკა“) და ხონ ხაირო ველასკეს ვასკესი („პოპეიე“).

ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ ხონ ხაირო ველასკეს ვასკესზე, რომელსაც „Popeye“ მულტფილმის პერსონაჟთან მსგავსების გამო დაარქვეს. კრიმინალისა და მკვლელის ფონზე, ასეთივე უჩვეულოდ საინტერესო და განსხვავებულია მისი ბიოგრაფიაც. ცოტა ქილერი თუ არსებობს, ვისაც ბევრი ინტერვიუ მიუცია; დაუწერია წიგნი, რომლის მიხედვით სერიალი გადაუღიათ; საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვა ხელახლა უცდია და გარკვეულწილად ეს მოუხერხებია კიდეც...

„ავტორიტეტები დონ პაბლოს ჯიბეში ისხდნენ. ოპერაციებს მთელი კოლუმბიის მასშტაბით ვატარებდით: ბოგოტაში, კალიში, მედელინში... მედელინის კარტელი ცხვრის ფორმის ლომი იყო, ამ ლომს დონ პაბლო წარმოადგენდა“, - ამბობდა „პოპეიე“, რომელი ესკობარის ერთ-ერთი დასაყრდენი და მთავარი სიკარიო იყო.

ყველაფერი ეს ერთი დიდი დადასტურებაა იმისა, რომ საქმე მექანიკურ და მხოლოდ ბრძანების შემსრულებელ ადამიანთან არ გვაქვს. ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვასკესს თავისი „Youtube“ არხი ჰქონდა და მაყურებელს საქმიანობის სხვადასხვა ამბებს უზიარებდა.

„არხი იმ განზრახვით შევქმენი, რომ ყოველდღიურად ვისაუბრო საზოგადოებაში ხელახალ ინტეგრაციის პროცესზე. ასევე, ჩემს საქმიანობაზე და ვეცდები, გადმოვცე ის სინანული, რაც წლების განმავლობაში, ციხეში ყოფნისას, მეუფლებოდა.

იყო მკვლელი, არ არის ნორმალური. ახლა სოციუმსა და სიცოცხლეს პატივს ვცემ. როდესაც ჩემი აზროვნება და მსოფლმხედველობა შევცვალე, ამან ჩემი ყოფიერების ცვლილებაც გამოიწვია“.

მაყურებელთა ნაწილი „პოპეიეს“ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს დადებითად შეხვდა და გამამხნევებელ კომენტარებსაც უწერდნენ, ამასთანავე, ახსენებდნენ, რომ შეუძლია და პასუხისმგებლობაც აქვს იმისა, რომ ხალხს სიმართლე მოუყვეს ყველაფერ იმაზე, რისი უშუალო მომსწრეც იყო. კარგია თუ ცუდი, მის თვალწინ განვითარებული მოვლენები ისტორიის ნაწილია და მათი ჯანსაღად გაანალიზება, თუნდაც ამჟამინდელი და სამომავლო პროცესებისთვისაც, საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

მოგვიანებით, არხი, შინაარსის გამო, დაუბლოკეს, მაგრამ ესკობარისა და მედელინის კარტელის შესახებ ბევრი რამ ხალხმა სწორედ მისგან იცის. მისი კომენტარებითა და ჩვენებებით, არაერთი საქმეა გახსნილი, მათ შორის, ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიც, მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატ ლუის კარლოს გალანის მკვლელობაა. ჩვენს სტატიაშიც ამ კაცის არაერთ კომენტარს შევხვდებით და წარმოდგენა გვქონდეს, ვინ გველაპარაკება.

ველასკეს ვასკესი კოლუმბიელ ნარკობარონთან 1980-იანი წლების დასაწყისიდან 1991 წლამდე მუშაობდა. ოფიციალური ბრალდებით, 257 ადამიანი საკუთარი ხელით მოკლა, 3000-ზე მეტის მკვლელობას კი ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო.

მათ შორისაა, 1989 წელს მომხდარი თვითმფრინავის აფეთქების ოპერაცია, რომლის მიზანიც პრეზიდენტობის კანდიდატ გალანის მოკვლის შემდეგ, მისი პარტიიდან გაპრეზიდენტებული სესარ გავირიას ლიკვიდაცია იყო. პრეზიდენტი თვითმფრინავში, რაღაც მიზეზების გამო, არ ავიდა, სამაგიეროდ, აფეთქებას 107 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„პოპეიეს“ პაბლო ესკობარის ყოფილი საყვარელი შეუყვარდა და მასთან რომანი გააბა, მაგრამ როცა „ელ პატრონმა“ ამის შესახებ გაიგო, არჩევანის წინაშე დააყენა: ან შენ, ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს მოგკლავ, ან ის გოგო შენი ხელით მოკალიო. საბოლოოდ, „პოპეიემ“ შეყვარებული მოკლა და ესკობარის მსახურება გააგრძელა. ეს ყველაფერი მან ერთ-ერთ ინტერვიუში მოყვა. ველასკეს ვასკესი 1991 წელს პოლიციას ჩაბარდა და სასჯელს 2014 წლამდე იხდიდა.

2017 წელს, მისი წიგნის, „The True Pablo: Blood, Treason and Death“ (2006 წ.) მიხედვით, „Caracol“-მა და „Telemundo“-მ ერთობლივად გადაიღეს ტელესერიალი, „Surviving Escobar“ („ესკობარს გადარჩენილი“), რომელიც ბოლო წლებში ქართულმა აუდიტორიამაც იხილა, „Silk TV“-ის არხებზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში, ველასკესი ესკობარზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ „დონ პაბლოს“ მიმართ დღემდე პატივისცემით არის განწყობილი და მის პერსონას ასე აფასებს:

„პაბლო ესკობარი ტერორისტი, ნარკორეალიზატორი და გამტაცებელია, მაგრამ, ამასთანავე - ჩემი მეგობარი, რომელიც სიკეთითა და პატივისცემით მეპყრობოდა. ის კეთილსინდისიერი კაცი იყო, რომელიც თვალებში გიყურებდა და რასაც ამბობდა, იმას აკეთებდა. ყველამ იცის, ის როგორია, მაგრამ ჩემთვის კარგი ადამიანი იყო“.

აბზაცს ქვემოთ გთავაზობთ ფოტოს, რომელიც 2015 წლის 2 დეკემბერს, ესკობარის სიკვდილიდან ზუსტად 23 წლის შემდეგ არის გადაღებული: ველასკეს ვასკესი თავისი ყოფილი ბოსის საფლავს ყვავილებით ამკობს.

როგორც აღვნიშნეთ, „პოპეიეს“ ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ არაერთი საქმე გახსნა. იგი პროკურატურას განსაკუთრებულად ეხმარებოდა ლუის კარლოს გალან სარმიენტოს საერთაშორისო დონეზე გახმაურებული საქმის გამოძიებაში.

მისი ჩვენებებისა და სხვა სამხილების მოპოვების წყალობით, ათობით პირი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსი ალბერტო სანტოფიმიო, რომელიც ესკობარის მიერ მოსყიდულ პოლიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სახელიანი გახლდათ. იგი ნარკობარონთან 80-იანების დასაწყისში დაახლოვდა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

„პოპეიე“ 2018 წელს ხელახლა დააკავეს, 2020 წელს კი, 57 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.

პოპ კულტურა: „რობინ ჰუდი“ თუ ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი

პოლიტიკოსებისა და სხვა სფეროში მოღვაწე გავლენიანი ადამიანების დიდი ნაწილი, როგორც „პოპეიე“ ამბობს, მართლაც ესკობარის „ჯიბეში იჯდა“, ვინც ამაზე უარს ამბობდა, იგივე ბედი ელოდა, რაც, მაგალითად, ქვეყნის იუსტიციის მინისტრ როდრიგო ლარა ბონილიას, ან პრეზიდენტობის კანდიდატ ლუის კარლოს გალან სარმიენტოს, ან გაზეთ „El Espectador“-ის მთავარ რედაქტორ გილიერმო კანო ისაზას, ანაც პოლიციის პოლკოვნიკებს: ხაიმე რამირესსა და უალდემარ ფრანკლინ კინტეროს, გარდა ამისა, ასობით პოლიციელსა და კოლუმბიის ათასობით მოქალაქეს.

„ელ პატრონის“ შვილმა, სებასტიან მაროქინმა (ხუან პაბლო ესკობარი), რომელიც წლებია შეცვლილი სახელით ცხოვრობს, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მამის ბრძანებით 3000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ზოგი მონაცემებით, ეს რიცხვი 4000-ს აღემატება. არ მახსოვს, რამდენად ამ ინტერვიუში საუბრობს კონკრეტულად ამ თემაზე, მაგრამ ვისაც აინტერესებს, ნარკობარონის შვილის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუ ამ ბმულზე შეუძლია, იხილოს.

ბიჭი შვილის გახსენებაზე, საინტერესოა, გავამახვილოთ ყურადღება პაბლო ესკობარის კოკაინისადმი დამოკიდებულებაზე. ბრიტანულ Mirror-თან ინტერვიუში ხუან პაბლო ესკობარი ყვება: 

„შვიდი ან რვა წლის ვიქნებოდი, პანამაში ვიყავით, როცა მამაჩემმა მითხრა: „შვილო, მე პროფესიონალი კრიმინალი ვარ. იგი თავისი კრიმინალური აქტივობების შესახებ ყოველთვის მიყვებოდა, მაგრამ 7 წლის ასაკში ასეთი ამბების სათანადოდ გაცნობიერება რთულია.

8 წლის ვიყავი, როცა ყველა სახის ნარკოტიკი მაგიდაზე დამიწყო და მათი ნიშან-თვისებები, ადამიანზე ზემოქმედების ეფექტი და სხვა უარყოფითი მხარეები დეტალურად გამაცნო.

9 წლის ასაკში უკვე თავის კოკაინის ქარხანაში წამიყვანა. ამით სურდა, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის დამანგრეველი ზემოქმედება ნათლად გამეაზრებინა და მიხსნიდა, რომ ადამიანი, ვინც მათ არ გაეკარება, ძალიან მამაცი და ძლიერია“.

ცნობილი და ბევრი წყაროს მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ პაბლო ესკობარი თავად არც ერთ ნარკოტიკულ საშუალებას არ მოიხმარდა, გამონაკლისი მხოლოდ მარიხუანა იყო.

მაროქინმა 2014 წელს გამოსცა წიგნი სახელად - „Pablo Escobar: My Father“. წიგნი ეგრევე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა და მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია ფრენკ სინატრას ნარკომაფიასთან შესაძლო კავშირზე, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტებმა მაროქინს ჰკითხეს და მანაც სენსაციური კომენტარი გააკეთა:

„შემიძლია, გითხრათ, რომ ფრენკ სინატრა უფრო კარგი ნარკოდილერი იყო, ვიდრე მომღერალი. მაიამიში იგი მამაჩემის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. ეს ყველაფერი ვიცი, რადგან მამასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ის თავის პარტნიორებზე ბევრს საუბრობდა“.

სინატრასთან პაბლოს ნაცნობობის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს ისაუბრა ესკობარის ძმამ, რობერტომ, რომელიც დღემდე ცოცხალია და სასჯელს იხდის. მისი თქმით, იგი და პაბლო სინატრას თავიდან უძრავი ქონების ბიზნესში ჩართულ ადამიანებად გაეცნენ, მასთან ერთად ერთი დღე გაატარეს, რამაც ნაცნობობას ჩაუყარა საფუძველი.

ესკობარის საქმიანობის განხილვა და შეფასება ამ სტატიის მიზანი არაა, ეს ვისაც აინტერესებს, შემიძლია, ძალიან მაგარი კოლუმბიური სერიალი ვურჩიო. „Netflix“-ის „Narcos“-ი ყველამ იცის, თუმცა, არსებობს კოლუმბიის წამყვანი ტელეკომპანიის, „Caracol“-ის 2012 წლის სერიალი „Pablo Escobar: El Patron del Mal“, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. ჩემი აზრით, ეს სერიალი ესკობარზე გაკეთებულ ნებისმიერ მხატვრულ ნამუშევარზე მრავლისმომცველი, დინამიკური და შინაარსიანია, კოლუმბიური მუღამებითა და იქაური ტემპერამენტით გადმოცემული ამბებით. ვფიქრობ, „Narcos“-ს ზუსტად ეს კოლუმბიური ხასიათი აკლია. ასევე, ვეთანხმები ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ვაგნერ მოურა ესკობარს ძალიან მაგრად თამაშობს, მაგრამ ნახეთ ანდრეს პარას შესრულებაც და მერე ვილაპარაკოთ.

რაც პაბლო ესკობარს დრომ ვერ წაართვა, პოპულარობაა: მასზე ნებისმიერ წრეში დღემდე საუბრობენ, განიხილავენ მის საქმეებს, გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებსა თუ სხვა ცხოვრებისეულ ასპექტებს. ასევე ცოცხალია ნარკობარონის „რობინ ჰუდის“ სტატუსიც.

მედელინთან კავშირს ერიდება და არგენტინაში ცხოვრობს ესკობარის ცოლი, მარია ვიქტორია ენაო (ამჟამინდელი სახელი - ვიქტორია ეუხენია ენაო). ქუჩაში გასვლისას, რასაც ასევე ერიდება, საკმაოდ ხშირად ცნობენ და ინტერესდებიან. ალბათ, ამ ინტერესის გამოც იყო, რომ ამ დიდი ისტორიის სტრიქონებზე გადატანა მანაც გადაწყვიტა და ბოლო წლებში ორი წიგნი გამოუშვა: „Pablo and Me: My life with Escobar“ და „Mrs Escobar: My life with Pablo“.

ღარიბთა წრეებში ესკობარი მხსნელად და მფარველად ითვლებოდა: აშენებდა სახლებს, სკოლებსა და ეკლესიებს, გაჭირვებულებს ფინანსურად ეხმარებოდა და უგვარებდა ისეთ პრობლემებს, რომლებსაც მის გარდა ვერავინ მოაგვარებდა.

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „ელ პატრონი“ ღარიბთა კლასში დღემდე ხელშეუხებელ კულტად რჩება. წარმოიდგინეთ, მისი სიკვდილიდან 30 წლის შემდეგაც მედელინში ყველაზე გაყიდვად სუვენირად „პაბლიტოს“ სტიკერები რჩება და ნარკობარონზე ისეთივე აღფრთოვანებით ლაპარაკობენ, როგორც მისი თანამედროვეები.

ესკობარის ბრძანებით, მიყრუებულ ადგილებში საფეხბურთო ტურნირები ეწყობოდა. მონაწილეობას იღებდნენ ღარიბი ადამიანები და გამარჯვებულებს სოლიდური ფულადი ჯილდო ურიგდებოდათ.

„ტურნირებს მოუთმენლად ველოდებოდით, რადგან ეს მხოლოდ ჩვენთვის, ღარიბებისთვის კეთდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყავი მოედნის მიღმა, თამაშისას ყველას ერთი მიზანი გვქონდა - მოგება! პრობლემები გვავიწყდებოდა და თავს მნიშვნელოვან პიროვნებებად ვგრძნობდით. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ის დრო იდეალურ სამყაროში ვცხოვრობდით“, - ამბობდა კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი, ჩონტო ფერარა.

მედელინში მდებარე ანტიოქიის მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასათვალიერებელი ობიექტი ნარკოდილერის სიკვდილის სცენის ფერწერული ასახვაა. ნახატი, რომელსაც „მკვდარი პაბლო ესკობარი“ ჰქვია, ლეგენდარულ კოლუმბიელ მხატვარ ფერნანდო ბოტეროს ეკუთვნის. ბოტერო მე-20 საუკუნის ლათინური ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება - ახლახანს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცხადია, არის სოციუმის კატეგორია, რომელთათვისაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედის უწყვეტი და ამ მასშტაბის პოპულარობა მიუღებელი და ამორალურია. ასეთია როდრიგო ლარა რესტრეპო, რომელიც ესკობარის ხალხის მიერ მოკლული იუსტიციის მინისტრის შვილია. მისი მამა 1984 წელს, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, რისი მოტივიც ნარკობარონებისა და კონკრეტულად „პაბლიტოს“ წინააღმდეგ გაკეთებული უმწვავესი განცხადებები და შეუვალი პოლიტიკა იყო.

ამავე აზრზეა კიდევ მილიონობით კოლუმბიელი და უმეტესად მაღალი საზოგადოების წევრები, მაგრამ ეს პაბლო ესკობარს ლოკალური გმირის მანტიას ვერ ხსნის და ანტიოქიის რეგიონსა და კონკრეტულად მედელინში კვლავ ხალხის დიდი ნაწილის კუმირად რჩება. მათი წრიდან გამოსულ ადამიანად, რომელიც მდიდრებს ებრძოდა და ართმევდა, ღარიბებს კი ეხმარებოდა და გვერდით ედგა.

ცხოვრების სამი იდეალი: ფული, ქალები, ფეხბურთი

„პაბლო ფეხბურთზე გიჟდებოდა, მისი პირველი და ბოლო ფეხსაცმელი ბუცები იყო. დიახ, როდესაც გარბოდა და სასიკვდილო ტყვია მოხვდა, ბუცები ეცვა“, - „ელ პატრონის“ და, ლუს მარია ესკობარი.

არ არსებობს ადამიანი, ვინც ესკობარს იცნობდა და მისი ამ 3 განუყოფელი ნაწილის შესახებ არ იცოდა. ამ სამი რამის გარეშე უაღრესად ამბიციური და პატივმოყვარე კაცის ცხოვრება სრულფასოვანი ვერ იქნებოდა.

„როდესაც „ბოსი“ მთავრობასთან უკვე ღია ომში იყო ჩართული, მივარდნილ ადგილას 15 დღის განმავლობაში მოგვიწია დამალვა. ერთხელ, ვგრძნობდით, რომ რაზმი გვიახლოვდებოდა და ძალიან შემეშინდა. დონ პაბლო იმ მომენტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის რადიორეპორტაჟს უსმენდა. როცა ჯარისკაცების ხმა გაიგო, მითხრა: „პოპეიე“, მგონი, გვიპოვეს, გადატენე იარაღი“.

რამდენიმე წამში გაბრწყინებული სახით წამოიყვირა: „გოოოოლ, კოლუმბიამ გაიტანა“! თითოეული გოლი ბავშვივით უხაროდა. ფეხბურთი სამოთხეს უქმნიდა იმ პირობებშიც, როცა გარშემო საშინელება ხდებოდა“, - ყვებოდა „პოპეიე“.

სიღარიბეში დაბადებულმა პირობა დადო, რომ ძალიან ბევრ ფულს იშოვიდა და ამაზე ზრუნვა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო: ხან მასწავლებლებს ჰპარავდა საკონტროლოს პასუხებს და თანაკლასელებზე ჰყიდდა, ხან საფლავის ქვებს იპარავდა და ჰყიდდა, ხან კი სიგარეტებს დაატარებდა ეზო-ეზო. პირველი „დიდი“ და „სერიოზული“ საქმე კი ადამიანის გატაცება იყო და ეს პრაქტიკა შემდგომში, დიდების ზენიტში მყოფმაც, არაერთხელ გამოიყენა. თინეიჯერობის ასაკში ადამიანის გატაცების შემდეგ, გამოსასყიდის სახით 100 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა მთავარი თანხა არ იყო, ამით სხვა რამ დაამტკიცა: „პაბლიტოსთვის“ მიზანი საშუალებას ყოველთვის ამართლებდა და ყველაფერზე იყო წამსვლელი: მნიშვნელობა არ ჰქონდა ფორმას, მასშტაბს ან მორალურ-ეთიკურ თუ ნებისმიერ სხვა მხარეს.

ეს ყველაფერი მანამ, სანამ ნარკობიზნესთან პირველი გადაკვეთა და საქმეებში ჩართვა არ მოხდა. თანდათან ფული გრიგალივით წამოვიდა, ამას მოჰყვა საკუთარი ინტერესებისა და სურვილების ასრულებაზე ზრუნვა, ანუ ქალები და საფეხბურთო საქმიანობა. პაბლოს ცოლი, მარია ვიქტორია ენაო იძულებული იყო, ქმრის შავ-ბნელი საქმიანობის გარდა და პარალელურად, მის საყვარლებზე და ხმაურიან რომანებზეც დაეხუჭა თვალი.

„პაბლიტოს“ ყველაზე ცნობილი საყვარელი კოლუმბიელი ტელეწამყვანი ვირხინია ვალიეხო იყო, რომელსაც ჯერ კიდევ პოლიტიკოსის რანგში მისცა ინტერვიუ, შემდეგ კი 5 წლის განმავლობაში (1982-87) ხვდებოდა. 2007 წელს, ვალიეხომ გამოსცა წიგნი „Loving Pablo, Hating Escobar“, რომლის მიხედვითაც, 10 წლის შემდეგ გადაიღეს ფილმი - „Loving Pablo“, ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად გაკეთებული ფილმია, რაც მინახავს, მაგრამ, ვისაც თემა აინტერესებს, ერთხელ ნახვად ღირს.

ახალგაზრდა სპორტსმენები, მოდელები, მაღალი საზოგადოების წევრები და ღარიბი ლამაზი გოგონები - პაბლო და ქალებიც ძალიან ვრცელი თემაა, თუმცა, მოდით, ჩვენი სტატიის ეს ქვეთავი „ელ პადრინოს“ ფეხბურთისადმი ვნების მიმართ ჩავშალოთ.

ჩაბარების შემდეგ საკუთარ აშენებულ ციხე „კათედრალში“ მჯდომი ესკობარის საფეხბურთო აქტივობები და სტუმრიანობა საყოველთაოდ ცნობილია. ნარკობარონმა ციხეში ფეხბურთის მოედანი ააშენებინა და კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავებს ხშირად იწვევდა.

„შუა სეზონში კლუბების ვარჯიშები უქმდებოდა, რათა ციხეში გასამართ „მატჩს“ დასწრებოდნენ. ერთხელ პაბლომ მითხრა: „მსაჯებს ამდენს რატომ უყვირი? მშვიდად იყავი, ჩვენ მათ ფულს ვუხდით და ყველაფერი რიგზეა“, - ამბობდა „ინდეპენდიენტე მედელინის“ ფეხბურთელი, ოსკარ პარეხა.

პაბლო გუნდებს „მცველებად“ და „პატიმრებად“ ყოფდა. თამაში ნაძლევზე მიდიოდა და გამარჯვებულები სოლიდურ ფულად ჯილდოს იღებდნენ. ცხადია, ყველაზე მეტი პროფესიონალ ფეხბურთელებს ხვდებოდათ. გადმოცემის თანახმად, თავად „ელ პატრონი“ მარცხენა გარემარბად თამაშს ამჯობინებდა და არიენ რობენივით ცენტრისკენ შემოჭრა და გამწვავებაზე თამაში უყვარდა. განსხვავება ისაა, რომ ნიდერლანდელი ამას მარჯვენა მხრიდან აკეთებდა.

რენე იგიტა, ანდრეს ესკობარი, კიჩო სერნა, ლეონელ ალვარესი, ალექსის გარსია - ეს ცნობილი ფეხბურთელები გზაში სახეზე პირსახოცს იფარებდნენ, რათა მოსახლეობას ციხისკენ მიმავალ გზაზე არ ეცნო. ფეხბურთელთა დიდი ნაწილისთვის ამ გზით აღებული ფული პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა, მაგალითად, ანდრეს ესკობარს ეს ყველაფერი არ მოსწონდა.

„ან მის მიპატიჟებას მიიღებდი, ან კიდევ... ანდრესს იქ მისვლა არ უნდოდა, ერთხელ მითხრა: „მარია, არ მინდა პაბლოსთან მისვლა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს“, - მარია ესტერ ესკობარი, ანდრეს ესკობარის და.

როგორც ჩანს, პირსახოცი სახეზე კარგად ვერ აიფარა ან ენა არ გააჩერა რენე იგიტამ. „პოპეიე“ ყვება: „კათედრალის“ ერთ-ერთი ხშირი სტუმარი რენე იგიტა იყო, თუმცა მან ყველაფერი გააფუჭა, როცა რეპორტიორებთან ალაპარაკდა. ამან დიდი აჟიოტაჟი და სკანდალი გამოიწვია. კოლუმბიის საერთაშორისო რეპუტაციაზეც იმოქმედა. მისმა კომენტარმა ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა. რა იცოდნენ, რომ პაბლოსთან კათედრალში ფეხბურთს, მხოლოდ ის კი არა, კოლუმბიის მთელი ნაკრები თამაშობდა“.

ამ პროცესების გამო არა, მაგრამ იგიტა 1993 წელს მაინც დააკავეს - ადამიანთა გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობისთვის. ეს ოფიციალური მიზეზი იყო, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ეს „ელ პატრონთან“ მეგობრობის გამო მოხდა.

„დამაკავეს, თუმცა ყველაფერს მხოლოდ პაბლოზე მეკითხებოდნენ. მან ღარიბებს სახლები მისცა, ჩვენ კი სტადიონები აგვიშენა, მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელია ბომბებსა და საშინელ ომზე. კანონი არ დამირღვევია იმით, რომ რაც მან კარგი გააკეთა, იმისთვის მადლობა პირადად გადავუხადე. ეს უბრალოდ მორალური საკითხია“.

ცნობილმა მეკარემ გისოსებს მიღმა 7 თვე გაატარა და შემდეგ გაათავისუფლეს. იგი პატიმრობის პერიოდს ასე იხსენებს:

„მე და პაბლო ესკობარს ნაცნობობა გვქონდა, მაგრამ უფრო მეტად მის ძმა რობერტოსთან ვმეგობრობდი. პაბლომ კონგრესში შეაღწია, მაგრამ იქიდან გარიცხეს და შემდეგ ციხეში მოხვდა. იგი პოლიტიკოსი აღარ იყო და მხოლოდ ნარკომაფიის მართვით დაკავდა, რის გამოც ყველა ერიდებოდა და საქმის დაჭერა არ სურდათ. მაშინ კოლუმბიის სახე ვიყავი და რაღაცების გაკეთება მომიწია...

ციხეში ყოფნისას თავს მარტოსულად ვგრძნობდი და უფრო ჰუმანური ადამიანი გავხდი. ამასთანავე, არ მინდოდა, ჩაშვების გამო გავსამართლებულიყავი. ბევრი მეგობარი მყავდა და მათგან რამდენიმე ნარკობარონი იყო, ამის შეცვლა არ შემიძლია. მე ყველასთან ვმეგობრობ. დღეს, ხვალ და ყოველთვის, თუ შანსი მექნება, ნებისმიერ ციხეს ვესტუმრები“.

ესკობარი ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რომ ფეხბურთზე ელაპარაკა, ესა თუ ის თემა განეხილა. საუბრის პროცესით უდიდეს სიამოვნებას იღებდა და მის თვალებს ისე ანთებულსა და ინტერესიანს, როგორიც ფეხბურთზე კომუნიკაციისას იყო, ძალიან იშვიათად ნახავდი. ალბათ, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას.

მარადონა „ელ კათედრალში“: დაუვიწყარი დღე დიეგოს ცხოვრებაში

ციხის საპატიო სტუმართა დიდი ნაწილი უკვე გავიცანით, მაგრამ მთავარი სტუმარი სხვა კაცი იყო. დიეგო არმანდო მარადონას უკვე მსოფლიო ეთაყვანებოდა და მითოლოგიური პერსონაჟი იყო, როცა ესკობარმა მისი „კათედრალში“ მიწვევა გადაწყვიტა.

„5-ვარსკვლავიან ციხეში“ ყველაფერი ისეთი იყო, როგორიც მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ფიგურის სამასპინძლოდ უნდა ყოფილიყო: ფეხბურთის მოედანი, ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის დანადგარები, ბარი, ჯაკუზი და ყველაფერი ის, რაც ფუფუნებაში მცხოვრებ ადამიანს მოუნდება და მოაფიქრდება. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გოგონებიც, რომელთა მსგავსი, როგორც თავად თქვა, თვით მარადონასაც არასდროს უნახავს.

„ვიღაც შუამავალი მოვიდა და მითხრა, რომ „ბიზნესმენები“ მზად არიან, ჩემი თამაშის სანახავად დიდი ფული გადაიხადონ. იქ ჩასვლისთანავე გავოცდი. ათასობით მცველის თანხლებით, ციხეში შემაცილეს.

ვამბობდი: „რა ჯანდაბა ხდება? დამიჭირეს“? ეს ადგილი მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროს ჰგავდა. უცებ, მათ მითხრეს: „დიეგო, ეს „ელ პატრონია“. იმ პერიოდში არც ტელევიზორს ვუყურებდი და არც პრესას ვეცნობოდი, ამიტომაც, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო.

მის კაბინეტში შევედით და მითხრა, რომ ჩემი თამაში ძალიან მოსწონდა. ასევე, ჩვენ შორის მსგავსებას ხედავდა, რადგან ორივე სიღარიბეში გავიზარდეთ და წარმატების მისაღწევად დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ფეხბურთის მატჩმაც მშვენივრად ჩაიარა, ყველა კეთილგანწყობილი იყო და ცდილობდა, სიამოვნება მიეღო.

იმავე საღამოს, წვეულება გვქონდა საუკეთესო გოგოებთან ერთად, ვინც ოდესმე მინახავს! თანაც, წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ციხეში ხდებოდა! შემდეგ დილას ფული გადამიხადეს და დამემშვიდობნენ. ეს ყველაფერი არასდროს დამავიწყდება, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური და სასიამოვნო დღე გავატარე“.

არგენტინელმა ლეგენდამ ეს კომენტარი მოვლენიდან წლების შემდეგ გააკეთა, უშუალოდ შეხვედრა კი 1991 წელს შედგა. იმ პერიოდში ნარკობარონი ციხეში ჯერ კიდევ მშვიდად ცხოვრობდა. მერე კი ყველაფერი აირია, რადგან იქ მკვლელობები დაიწყო, რაც მთავრობის ყურამდეც მივიდა და „ელ პადრინოს“ ისევ გაქცევა მოუწია.

ფეხბურთი, როგორც საქმის ნაწილი: როგორ იყენებდა პაბლო საყვარელ სპორტს

კოლუმბიური ფეხბურთი 1980-იან წლებამდე ბევრით არაფრით გამოირჩეოდა. მათი ნაკრები მხოლოდ 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობით იწონებდა თავს და იქაც ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი იყო.

80-იანებიდან ფეხბურთში დიდი ფულის ჩადება დაიწყო, პირველი მსხვილი ინვესტორი ესკობარი იყო, რომელმაც თანხები მედელინის ორი კლუბის - „ატლეტიკო ნასიონალისა“ და „ინდეპენდიენტეს“ გასაძლიერებლად მიმართა. თანდათან „პადრინოს“ ძმებმა როდრიგესებმა („ამერიკა დე კალი“) და ხოსე გონსალო როდრიგეს „გაჩამ“, იგივე „El Mexicano“-მ (ბოგოტას კლუბი „მილიონარიოსი“) მიბაძეს. კოლუმბიაში ნარკოფეხბურთი გაჩაღდა, 1989 წელს, საერთოდ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტიც მოიცვა და ამაზე ქვემოთ.

„შეიძლება ითქვას, რომ 1980-იანი წლების შუამდე კოლუმბიური ფეხბურთი არსებობდა თუ არ არსებობდა, დიდად ვერ გაარჩევდი. შემდეგ ძალიან კარგი თაობა წამოვიდა, ამას ფული დაემატა და პროგრესი დაიწყო. პაბლომ „ატლეტიკო ნასიონალი“ გააცოცხლა“, - ხაიმე გავირია, ესკობარის ბიძაშვილი.

„პაბლიტოს“ ფარული მმართველობის პერიოდში „ატლეტიკო ნასიონალში“ საუკეთესო ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი: მეკარე - რენე იგიტა; მცველები - ანდრეს ესკობარი, ლუის ფერნანდესი, ლეონელ ალვარესი, რიკარდო პერესი; ნახევარდაცვაში ალექსის გარსია გამოირჩეოდა; თავდასხმაში კი - ხონ ხაირო ტრელესი და ნივერ არბოლედა დიასი.

ერთი მხრივ, ფეხბურთის სიყვარული და მასში უშუალო ჩართულობით მიღებული სიამოვნება და, მეორე მხრივ, ფეხბურთელების სახით, საჭირო ნაცნობები და, როგორც ირკვევა, საქმის გამკეთებელი ელჩები.

 „პაბლოს საქმიანი კავშირები ჰქონდა ყველა დიდ მაფიასთან: იტალიელებთან, რუსებთან. იმასაც ამბობენ, რომ 1990 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ნეაპოლელ მაფიოზებთან კავშირების გასამყარებლად გამოიყენა და ამაში ნაკრების ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.

წარმოიდგინეთ, ერთ საღამოს შეიძლებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ეთამაშათ, მეორე დღეს კი რომელიმე დიდი ავტორიტეტის რანჩოში მსხდარიყვნენ და მათთან პაბლოს მიერ დაბარებული თემები განეხილათ.

მაფია არალეგალურია და ფული რომ გამოიყენო, მისი გალეგალურება გჭირდება, ფეხბურთი კი ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა, რადგან იქ უდიდესი თანხები ტრიალებს“, - ამბობდა ნარკობარონის ბიძაშვილი, ხაიმე გავირია.

როგორც ვხედავთ, საფეხბურთო სფეროში გააქტიურებამ მის ბიზნესსაც ახალი შესაძლებლობები მისცა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისთვის მუდმივ პრობლემას ფულის გალეგალურება წარმოადგენდა. არსებობს მითები, რომ იგი ქეშს ქალაქგარეთ, მიწაში ინახავდა და მას წლების შემდეგაც პოულობდნენ, ასევე ის, რომ საკუთარი შვილის გასათბობად დოლარებს ბუხარში წვავდა. დოლარების დაწვა რომ მითია ამას მისი უფროსი შვილი ამბობს ინტერვიუში, სამაგიეროდ, მისგანვე ვიცით, რომ ფულის შესაკრავად ყოველწლიურად 2000 დოლარის პატარა რეზინების ყიდვა სჭირდებოდა. მიწაში შენახვა მთლად იდეალური მეთოდი რომ არაა, ყველა ვხვდებით, ფეხბურთის მეშვეობით ფულის „გათეთრება“ კი გაცილებით მოცულობითი და „მოსახერხებელი“ ჩანს.

კოლუმბიელი ნარკოდილერის დაჭერა-ლიკვიდაციაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამერიკის ფაქტორმა და კონკრეტულად ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA). არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაიწელებოდა დაჭერის პროცესი, რომ არა ის რესურსი, ტექნიკური აღჭურვილობა და ამერიკელთაგან გამოყოფილი იმ დროისთვის სუპერ თანამედროვე არსენალი.

ცალკე სათქმელია აგენტების, ხავიერ პენიასა და სტივ მერფის ეფექტური მუშაობა. ისინი ამ ოპერაციაში დიდ როლს ასრულებდნენ და, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ლექციებსა თუ სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ აქტივობებში დღემდე ხშირად მონაწილეობენ.

ესკობარი ერთადერთი ნარკოდილერი არ ყოფილა, ვინც ფეხბურთში ფულს „ათეთრებდა“, ამავეს აკეთებდნენ კალელი ძმები როდრიგესები, გონსალო როდრიგეს „გაჩა“ და კიდევ რამდენიმე მსხვილი ნარკოგამსაღებელი.

„კლუბში ჩადებულმა ინვესტიციამ ხარისხიანი უცხოელი ფეხბურთელების დამატების საშუალება მოგვცა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ეს ესკობარის ფულით ხდებოდა, მაგრამ სამხილი არავის გააჩნდა“, - აღნიშნავს ფრანსისკო მატურანა, რომელიც 1987-90 წლებში „ატლეტიკო ნასიონალსა“ და კოლუმბიის ნაკრებს პარალელურად წვრთნიდა.

„ატლეტიკო ნასიონალი“ პირველი კოლუმბიური გუნდია, რომელმაც „ლიბერტადორესის თასი“ მოიგო. არაა გასაკვირი იმ ქალაქის გუნდისგან, რომლის ერთ-ერთი მცხოვრების კაპიტალი იმ პერიოდში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა, 2022 წლის მონაცემებით - 70 მილიარდი დოლარი. „პატრონი“ კლუბის ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. ცხადია, მიზნების მისაღწევად და ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არც სისხლისღვრას ერიდებოდა.

„ჩემი არც ერთი ბიძა ფეხბურთის გამო კაცს არ მოკლავდა, პაბლოს კი ნებისმიერის მოკვლა შეეძლო. მაშინდელ მედელინისა და კალის კარტელებს შორის ეს სხვაობაა, პაბლოს ძალაუფლება გაცილებით სისხლიანი იყო. ის ამბობდა: „ატლეტიკო ნასიონალი მოიგებს, ან ყველა მოკვდება“.

საბოლოოდ, მიზანს მიაღწია და „ატლეტიკო ნასიონალი“ გახდა პირველი კოლუმბიური გუნდი, რომელმაც ლიბერტადორესის თასი მოიგო“, - ფერნანდო როდრიგეს მონდრაგონი, კალის კარტელის მმართველი ძმების, ხილბერტო და მიგელ როდრიგესების უახლოესი ნათესავი.

ერთი სიტყვით, პაბლოს ფეხბურთისგან არაფერი სჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ ფული „გაეთეთრებინა“ და საკუთარი ამბიციები დაეცხრო, მიეღო სიამოვნება და ფეხბურთელები და საფეხბურთო გუნდი გამოეყენებინა იარაღად, რომლითაც სხვებს მის უპირატესობას დაუმტკიცებდა ან სამაგიეროს გადაუხდიდა.

მსაჯის მკვლელობა და ჩაშლილი ჩემპიონატი

ესკობარის საფეხბურთო ფარული მმართველობის მეთოდებიც ისეთივე მიზანმიმართული და სასტიკი იყო, როგორიც მისი ნარკომაფიის შემთხვევაში. საფრთხე ელოდა ნებისმიერს, ვინც მას თვალში არ მოუვიდოდა ან ინტერესებს წინ გადაეღობებოდა.

„პოპეიეს“ მოუწია, სასამართლოსთვის მოეყოლა ცნობილი მკვლელობის შესახებ. საქმე 1989 წელს გამართულ კოლუმბიის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ეხება: „ატლეტიკო ნასიონალმა“ ესკობარის მტერ ძმებ როდრიგესების „ამერიკა დე კალისთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი თამაში 2:3 წააგო, ბოლო წუთებზე მედელინელებს გოლი არ ჩაუთვალეს. ეს მთავარი მსაჯის, ალვარო ორტეგას გადაწყვეტილებით მოხდა. საპასუხო შეხვედრისას ორტეგა უკვე ლაინსმენი იყო, თამაში 0:0 დამთავრდა და „ატლეტიკო ნასიონალი“ ტურნირს გამოეთიშა.

„პოპეიეს“ ჩვენების მიხედვით, არჩათვლილი გოლისას ესკობარმა თქვა, რომ ეს ქურდობა იყო, საბოლოო შედეგის შემდეგ კი არბიტრის მოკვლა ბრძანა. 1989 წლის 15 ნოემბერს, ორტეგას მედელინის ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან 9 ტყვია ესროლეს. 37 წლის მსაჯის მკვლელობის გამო, ჩემპიონატის ის სეზონი შეწყდა და აღარ გაგრძელებულა.

„სახლში მივდიოდი, როცა მსაჯის მკვლელობის შესახებ გავიგე. გავოგნდი, დავიზაფრე და შიშმა შემიპყრო. ყველა ვხვდებოდით, ამ ყველაფერში ვისი ხელი ერია და ეს შიშს გვიასმაგებდა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, ყველაზე ცუდი კი იმის გააზრება იყო, რომ შეიძლებოდა, მომდევნო ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო“, - ეს პაბლოს დაქვემდებარებაში მყოფი მეორე კლუბის, „ინდეპენდიენტე მედელინის“ ფეხბურთელის, ოსკარ პარეხას სიტყვებია.

„პაბლიტოს“ კალის გუნდთან წაგება პირად შეურაცხყოფად მიაჩნდა, რადგან კალის კარტელის მმართველ ძმებ როდრიგესებთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. ძმებმა მის ოჯახს დაუდეს ბომბი, რომლის აფეთქების შედეგადაც პაბლოს ცოლ-შვილი დაშავდა, განსაკუთრებით ნარკოდილერის უმცროსი გოგონა, მანუელა ესკობარი, რომელსაც სმენის პრობლემები შეექმნა და ვერც უმაღლესი დონის ოპერაციებმა უშველა. სხვათა შორის, მანუელა ამჟამად არგენტინაში ცხოვრობს და, ძმისგან განსხვავებით, საზოგადოებასთან და მედიასთან საერთოდ არ ურთიერთობს. როგორც პრესაში წერენ, მას მენტალური პრობლემები აქვს.

„დონ პაბლოს „ამერიკა დე კალის“ მთლიანი გუნდის აფეთქება სურდა, რადგან ისინი მის ოჯახს შეეხნენ. დაქირავებულმა ხალხმა, რომლებიც ამ ოპერაციაზე ნამდვილად მუშაობდნენ, არ ვიცი როგორ, მაგრამ დავალება ვერ შეასრულეს.

შემდეგ ვითარება შეიცვალა, ბრძანება გააუქმა და მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გაატაცებინა. მათ ძმები როდრიგესების ადგილსამყოფლის დასახელებას სთხოვდა, თუმცა არაფერი უთხრეს. ყველა მათგანი დაახოცვინა“, - ყვებოდა „პოპეიე“ ერთ-ერთ ვიდეოში.

ლიბერტადორესის თასის მოგება

როგორც უკვე წინა ქვეთავებში ვთქვით, კოლუმბიური ფეხბურთის აყვავება ნარკოკარტელების ფულით მოხდა და მთავარი ესკობარი იყო. „ელ პადრინოსთვის“ პირად საზრუნავსა და მიზანს წარმოადგენდა, რომ მის გუნდს საუკეთესოს სტატუსი არა მხოლოდ კოლუმბიაში, არამედ მთელ კონტინენტზე მოეპოვებინა. სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი, „ლიბერტადორესის თასი“ ამისთვის მშვენიერი საშუალება იყო.

„ფინალური მატჩის პენალტებისას, „დონ პაბლო“ თითოეულ გოლს განსაკუთრებულად აღნიშნავდა: დახტოდა და ყვიროდა. ასეთი ემოციური არასდროს მინახავს, რადგან უმეტესად ყინულივით ცივი იყო, მაგრამ ფაქტია, ფეხბურთს მისი გულის გალღობა შეეძლო“, - „პოპეიე“.

„ატლეტიკო ნასიონალი“ ნარკოდილერისთვის პრიორიტეტულ საზრუნავს წარმოადგენდა და გუნდს ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და რასაც მოითხოვდნენ: საუკეთესო ფეხბურთელები, სტაფი და პერსონალი; ფინანსური სტაბილურობა, ფანბაზა და ა.შ. ესკობარი დარწმუნებული იყო, რომ მისი ქალაქის გუნდი ისტორიას დაწერდა და გააკეთებდა იმას, რაც იქამდე არც ერთ კოლუმბიურ გუნდს გაეკეთებინა. მით უმეტეს, მისთვის კარგი გამოწვევა იყო ისიც, რომ კალის კარტელის გუნდ „ამერიკა დე კალის“ 1985-87 წლებში ზედიზედ 3 ფინალი ჰქონდა წაგებული. ფინალში გასვლა და მოგება კალელ კონკურენტებთან რაღაც დიდი პერსონალური გამარჯვება იქნებოდა.

„ატლეტიკომ“ ჯგუფურ ეტაპზე ეკვადორული კლუბების: „დეპორტივო კიტოსა“ და „ემელეკის“ წინააღმდეგ ითამაშა, კიდევ ერთი მეტოქე კი ასევე კოლუმბიური „მილიონარიოსი“ გახლდათ. ხომ გახსოვთ, „მილიონარიოსი“ ესკობარის მეგობრისა და პარტნიორის, ნარკობარონ გონსალო როდრიგეს „გაჩას“ გუნდია.

ჯგუფში ერთადერთი მარცხი სწორედ „მილიონარიოსთან“ განიცადეს, დანარჩენი 5 მატჩიდან კი არც ერთი წააგეს (2 მოგება და 3 ფრე) და პლეი-ოფში მე-2 ადგილით გავიდნენ. ჯგუფური ბარიერის დაძლევა ნიშნავდა, რომ შემდეგი ეტაპიდან უკვე კონტინენტის ტოპ 3 ქვეყნის კლუბების წინააღმდეგ ჭიდილი მოუწევდათ.

პირველი მეტოქე, 1/8 ფინალში, არგენტინული „რასინგი“ იყო, რომელსაც ორი თამაშის ჯამში 3:2 მოუგეს და 1/4 ფინალში ისევ „მილიონარიოსზე“ გავიდნენ. სუპერ დაძაბული ორმატჩიანი დუელი 2:1 დასრულდა. ადამიანთა ნაწილი ამბობდა, რომ ამ წყვილის შედეგი ესკობარსა და „გაჩას“ შორის გადაწყდა და ფეხბურთელებმა მხოლოდ როლები შეასრულეს. ვინ იცის... საერთოდ, ამ სეზონის ტრიუმფს მსგავსი ბრალდებები, რაც გარიგებებს, მსაჯების მოსყიდვებსა და ესკობარისეულ სხვა მეთოდებს უკავშირდება, შავ ლაქად გასდევს.

ამ ჭორების ყველაზე დიდი მასშტაბი ურუგვაულ „დანუბიოსთან“ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაზე მოდის. ურუგვაიში გუნდებმა 0:0 ითამაშეს, მედელინში კი „ატლეტიკომ“ მეტოქე 6:0 გაანადგურა. აი, რას წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი ამის შესახებ:

„ატლეტიკო ნასიონალის“ ფანები ამ ტიტულს არ იზეიმებენ, თუ ეცოდინებათ ის ყველაფერი, რაც მატჩს წინ უძღოდა. მედელინელებს კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ იგივე უნდა ითქვას „დანუბიოზეც“, რომელიც იმ სეზონში შეუჩერებელი იყო.

მსაჯებისა და სხვა პირების მიმართ მუქარისა და დაშინებების გარეშე, „ატლეტიკო“ ვერ მოიგებდა და, მით უმეტეს, 6:0-ს. მსაჯებს ეუბნებოდნენ, რომ კოლუმბიური გუნდი ფინალში ნებისმიერ ფასად უნდა გასულიყო ან საქმე ცუდად წაუვიდოდათ. ეს მატჩი ისტორიის სრულიად სამარცხვინო ფურცელია“.

სხვათა შორის, აღნიშნულ საქმეზე, მსაჯებზე ზეწოლისა და მუქარის თაობაზე, „პოპეიე“ დაიკითხა, თუმცა იმის დეკადების შემდეგ დამტკიცება, რომ შედეგზე გავლენა გარემოებებს ჰქონდა, რთული აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, „ატლეტიკო ნასიონალი“ კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა და ტიტულამდე ერთადერთ ბარიერად „ოლიმპია“ რჩებოდა. თუკი შედეგებით ვიმსჯელებთ, პარაგვაელებს საერთაშორისო დონეზე არასდროს ჰყოლიათ ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც 1989-91 წლებში, როცა „ლიბერტადორესის თასის“ ზედიზედ 3 ფინალი ითამაშეს (1 მოიგეს და ორჯერ დამარცხდნენ). ტურნირის დაარსებიდან (1960 წ.) დღემდე, „ოლიმპია“ ფინალში სულ 7-ჯერ გავიდა, აქედან 3-ჯერ აღნიშნულ 2-წლიან პერიოდში, სხვა დროს კი ზედიზედ ორი ფინალიც არასდროს უთამაშია.

პლეი-ოფის სხვა ეტაპების მსგავსად, ფინალიც ორმატჩიანი იყო და კოლუმბიელთათვის ყველაფერი ცუდად დაიწყო. 25 მაისს, ასუნსიონში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და ერთი კვირის შემდეგ, მედელინში საგრძნობი ფორით ჩავიდნენ, თუმცა იქ რომ ადვილად არაფერი დასრულდებოდა, ეგეც კარგად იცოდნენ.

მედელინში, „ესტადიო ელ კამპინზე“, პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მეორე ნახევრის პირველსავე წუთზე კი პარაგვაელთა კაპიტანმა, ფიდელ მინიომ წნეხს ვერ გაუძლო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0. ესკობარის გუნდს, თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად, კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა. 65-ე წუთზე, ალბეირო უსურიაგამ მეორეც შეაგდო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

მედელინელთათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - პირველი დარტყმა „ოლიმპიას“ მეკარემ შეასრულა და იგიტამ ბურთი მოიგერია, თუმცა 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში 4:4 იყო. ვიდეოში ნახავთ, რომ პენალტი თავად იგიტამაც დაარტყა და ეს ზუსტად გააკეთა.

4:4-ზე ნამდვილი დრამა დაიწყო! „ატლეტიკო ნასიონალის“ ფეხბურთელებს 3-ჯერ მიეცათ შანსი, თასი თავისი გუნდისთვის მოეტანათ, მაგრამ ვერც ერთმა გაიტანა და 8-8 დარტყმის შემდეგ ტაბლოზე ისევ 4-იანები ენთო. გადამწყვეტი მომენტი ვიდალ სანაბრიას აცილებული პენალტის შემდეგ დადგა, როცა ბურთთან ლეონელ ალვარესი მივიდა. მე-4 შანსი, რომ კოლუმბიურმა გუნდმა კონტინენტის მთავარი ტურნირი პირველად მოიგოს! ალვარესს ნერვები ეყო, მეკარე მოატყუა და 50 000 კაცი ერთიანად, საჩემპიონო ღრიალით წამოახტუნა.

მატჩის შემდეგ ესკობარმა „ატლეტიკო ნასიონალის“ ფეხბურთელები რანჩოში მიიპატიჟა და გამარჯვება მათთან ერთად იზეიმა. ერთ-ერთი იქ მყოფის თქმით, პაბლოსთვის ფეხბურთელები მეგობრები იყვნენ, მათ ფულზე წინ აყენებდა და თითოეული მათგანის ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა. კოლუმბიის მოსახლეობას სიამაყის გრძნობა გაუჩნდა, რადგან ჰყავდათ გუნდი, რომელიც კონტინენტზე საუკეთესო იყო.

„ატლეტიკო ნასიონალმა“ რამდენიმე კვირაში, ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო კლუბ მექსიკურ „პუმასთან“ „კოპა ინტერამერიკანა“ გაითამაშა და მეტოქეს ორივე მატჩი მოუგო - 4:1 და 2:0. „მწვანეებმა“ კიდევ ერთი ტიტული დაისაკუთრეს და ამერიკის გარეთ თამაშის უფლება და უკვე დიდი საერთაშორისო თასისთვის ბრძოლის შანსი მოიპოვეს.

მედელინელებს თავი არც კონტინენტს მიღმა შეურცხვენიათ! არიგო საკის ლეგენდარული „მილანი“ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება. 1989 წელს „როსონერიმ“ ჩემპიონთა თასი მოიგო, რაც ნიშნავდა იმას, რომ 1989 წლის 17 დეკემბერს, „საკონტინენტთაშორისო თასისტიტულისთვის, ფრანსისკო მატურანას ბიჭებს სუპერ ვარსკვლავებით გაძეძგილი და უმაგრეს ფორმაში მყოფი იტალიური გრანდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. ლეგენდარული საკის დიდი გუნდის საერთაშორისო წარმატებები სწორედ იმ წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებში მსოფლიოში საუკეთესო გუნდობის უპირობო სტატუსის მოპოვებითა და ტიტულებით გაგრძელდა.

ქვედა აბზაცში „შავ-წითელთა“ და „მწვანეთა“ შემადგენლობებს ჩამოგიწერთ და ერთად გადავხედოთ, რა ხალხი თამაშობდა. უშუალოდ მატჩი ძალიან დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა, მედელინელებმა მილანელებს არაფერი დაუთმეს, ნაღდი სამხრეთული ტემპერამენტით შეასკდნენ და 119-ე წუთამდე გაუძლეს, მაგრამ მერე კლასმა თავისი გაიტანა და ალბერიგო ევანიმ, ლამაზი ჯარიმით, ტიტული „მილანს“ გაუფორმა.

„მილანი“ (4-4-2): ჯოვანი გალი - მაურო ტასოტი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფრანკო ბარეზი (კაპ.), პაოლო მალდინი - ფრანკ რაიკაარდი, დიეგო ფიუსერი, რობერტო დონადონი, კარლო ანჩელოტი - მარკო ვან ბასტენი, დანიელე მასარო. მთ. მწვრთნელი: არიგო საკი.

„ატლეტიკო ნასიონალი“ (4-4-2): რენე იგიტა - ლუის ერერა, გაბრიელ გომესი, ანდრეს ესკობარი, ჯოვანის კასიანი - ლეონელ ალვარესი, ხოსე რიკარდო პერესი, ხაიმე არანგო, ალექსის გარსია (კაპ.) - ნივერ არბოლედა, ხონ ხაირო ტრელესი. მთ. მწვრთნელი: ფრანსისკო მატურანა.

პაბლო ესკობარის ეპოქაშიატლეტიკო ნასიონალმა“ თითო-თითოჯერ მოიგო: კოლუმბიის ჩემპიონატი (1991); „ლიბერტადორესის თასი“ (1989) და „კოპა ინტერამერიკანა“ (1989).

ესკობარს თანდათან სერიოზული პრობლემები შეექმნა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა უწევდა. ცხადია, ეს ამბები „ატლეტიკო ნასიონალის“ მდგომარეობასა და შედეგებზეც აისახა, კლუბს სტაბილურად ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად გადაქცევა არ გამოუვიდა. აღარ იყო ის ფუფუნება და სტაბილურობა, რასაც „დონ პაბლომ“ „მწვანეები“ წლების განმავლობაში შეაჩვია.

ადგილობრივ ფეხბურთში ნარკოკარტელებისგან ფულის ჩადება ესკობარის სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვეტილა და გამიკვირდება, მათგან დაფინანსებული რამდენიმე კლუბი დღესაც რომ არ არსებობდეს.

ნარკოფეხბურთის გავლენა კოლუმბიის ნაკრებზე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მატურანა, „ატლეტიკო ნასიონალის“ პარალელურად, 1987-90 წლებში ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო. „ლოს კაფეტეროსის“ ძირითად ბირთვს მაშინ სწორედ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები შეადგენდნენ. 1990 წლის მუნდიალზე, რომელიც 1962 წლის შემდეგ ნაკრებისთვის პირველი იყო და 1/8 ფინალამდე მივიდნენ, მედელინური კლუბიდან 9 ფეხბურთელი თამაშობდა.

კარგი თაობების, დიდი ფულისა და საფეხბურთო ბუმის ინერცია იყო ისიც, რომ კოლუმბიელთა მთავარმა გუნდმა 1994-ისა და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზეც ითამაშა.

ერთი სიტყვით, ავად თუ კარგად, ნარკოკარტელების მიერ ჩადებულმა დიდმა ფულმა კოლუმბიური ფეხბურთის დაბადება განაპირობა და ბოლო სამი ათწლეულია სწორედ ამ ფესვებზე დაშენებულ ფეხბურთელთა თაობებსა და მათ მიერ შექმნილ კოლუმბიურ ფეხბურთს ვუყურებთ.

ქვეყანაში, სადაც ყავა სოციუმის იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ეროვნულ სასმელად ითვლება, პაბლო ესკობარმა და ნარკობიზნესში ჩართულმა სხვა დიდმა მწარმოებლებმა ფეხბურთი შვეს და ხალხში მისი აზარტი გააჩინეს. ყავიდანაა კოლუმბიის ნაკრების მეტსახელიც: „Los Cafeteros“.

იმპერიის დაცემა: ესკობარის სიკვდილი და მედელინის კარტელის გაქრობა

პაბლო ესკობარისგან გამწარებული ათასობით ადამიანი სათანადო მომენტს ელოდებოდა, რათა შურისძიება დაეწყო. წლების განმავლობაში აფეთქებული ბომბების, ტყვიების ზუზუნის, დაუსრულებელი სისხლისღვრისა და ადამიანთა გატაცება-გაუბედურების ფონზე, იოლად წარმოსადგენია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რამდენად დიდი იყო ნარკობარონის მიმართ ყელში მოწოლილი ბოღმის გაბარიტები.

ეს მთლიანი ბოღმა და ღვარძლი ორგანიზაცია „Los Pepes“-ში (პაბლო ესკობარის მიერ დაზარალებულ ადამიანთა ერთობა) გაერთიანდა. „პაბლიტო“ ბოლო პერიოდში არათუ ეროვნულ მთავრობასა და ხსენებულ „Pepes“-ს გადაემტერა, არამედ საერთო ენისა თუ ინტერესის გამონახვა უახლოეს გარემოცვასთან და ყოფილ თანამოაზრეებთანაც კი აღარ გამოსდიოდა. პოლიციასთან დაუნდობელი ბრძოლის ფონზე, ნელ-ნელა შემოაცალეს უახლოესი და ყველაზე სანდო ადამიანებიც: ბიძაშვილი - გუსტავო გავირია რივერო, რომელიც პაბლოსთან ერთად გაიზარდა და ფინანსურ საკითხებს განაგებდა; გონსალო როდრიგეს „გაჩა“; ხონ ხაირო არიასი („პინინია“); ცოლისძმა - მარიო ენაო ვალიეხო, რომელიც ნარკობიზნესში აქტიურად იყო ჩართული და პაბლო ბავშვობიდანვე ენდობოდა.

მოკლედ, ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი, უამრავი მტრის, ეროვნული მთავრობისა და პოლიციის წინააღმდეგ, სრულიად მარტო დარჩა. პარანოიამ შეიპყრო და არავის ენდობოდა, მთაში გახიზვნასაც ფიქრობდა, თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმა და გეგმის ნებისმიერ ფასად შესრულება, რაც წლების განმავლობაში მისი უმთავრესი სიძლიერე იყო, აღარ შეეძლო. ფული და გავლენაც ნელ-ნელა შემოელია, რამაც პრაქტიკულად ხელ-ფეხი შეუკრა და შეცდომების დაშვებას უმატა.

ერთ-ერთი გარდამტეხი შეცდომა ჯერ კიდევ „ელ კათედრალში“ ყოფნისას დაუშვა, როცა თავის ერთ-ერთ უერთგულეს პარტნიორ ხერარდო მონკადას დაუპირისპირდა. „ელ პატრონმა“ ჯერ თავის მსახურ „ჩოპოს“ მონკადასთვის ფული მოაპარინა, შემდეგ კი როცა მისმა პარტნიორმა ამაზე უკმაყოფილება გამოთქვა სასიკვდილოდ თვალისდაუხამხამებლად გაიმეტა. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ესკობარი საბოლოო ჩიხში სწორედ მონკადას მოკვლისა და ამის გამო ციხიდან გაქცევის შემდეგ მოექცა.

1993 წლის 2 დეკემბერს, „ელ პატრონის“ 44-ე დაბადების დღის მეორე დღეს, მშობლიურ ქალაქ მედელინში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიღუპა. მისი და ამბობს, რომ სიკვდილის მომენტში პაბლოს ბუცები ეცვა. ესკობარის მიერ 1976 წელს დაარსებულმა მედელინის კარტელმაც არსებობა იმავე წამიდან შეწყვიტა.

გაზიარება: