ლონგსტაფს მბაპეს მაისური უნდოდა | მას ტრიპიერმა დაასწრო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ნიუკასლი“ საკუთარ კედლებში „პარი სენ-ჟერმენს“ დაპირისპირდა. „კაჭკაჭებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 4:1 იმარჯვეს, მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი, შონ ლონგსტაფი კი უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა.
„ვეცდები, კილიან მბაპეს მაისური გავუცვალო და ის ჩემს პატარა ძმას ვაჩუქო. იმედია, ყველაფერი გამომივა“, - განაცხადა ლონგსტაფმა TNT Sports-თან საუბრისას. ინგლისელმა ფეხბურთელმა სიტყვა შეასრულა და მბაპეს მაისურის მიღება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, TNT-ის საფეხბურთო გადაცემის წამყვანების უკან კირან ტრიპიერმა გაიარა, რომლის შვილიც „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურს ატარებდა. ერთ-ერთი წამყვანი, რიო ფერდინანდი შეტრიალდა და აღმოაჩინა, რომ ტრიპიერის შვილს მბაპეს მაისური ჰქონდა. როგორც გაირკვა, კირანმა თანაგუნდელს აჯობა და მბაპეს მაისური მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ მიმდინარე სეზონამდე, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 20 წლის წინ თამაშობდა. ასევე გეტყვით, სატურნირო ცხრილში ინგლისელები 4 ქულით გალიდერდნენ. მეორე პოზიციას 3 ქულით ფრანგები იკავებენ. მესამე ადგილზე 2 ქულით „მილანი“ მოგვევლინა, ხოლო ბოლო საფეხურზე 1 ქულით „დორტმუნდია“.