აზაროვის კარგი მატჩი - შახტარმა ანტვერპენს 0:2-დან მოუგო
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დონეცკის „შახტარი“ ბელგიაში „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა.
ირაკლი აზაროვი სასტარტოში იმყოფებოდა და კარგი მატჩიც ჩაატარა. გიორგი გოჩოლეიშვილი კი თადარიგში დარჩა და მოედანზე არ გამოჩენილა.
ბელგიელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. პირველი გოლისას აზაროვს გვერდი მარტივად აუარეს, თუმცა ირაკლი პოზიციურად შემცდარ გუნდელს აზღვევდა და 1-2-ზე მეტოქეებთან გამკლავება გაუჭირდა.
მეორე ტაიმში აზაროვმა შეტევაში ჩვეულ სტილში იაქტიურა და პირველი გოლის მომენტში თავისი სოლიდური წვლილიც შეიტანა.
65-ე წუთზე კი მორიგი მწვავე შეტევა წამოიწყო, თუმცა გუნდელმა კარგი თამაში ვერ დაუფასა და მომენტი ხელიდან გაუშვა.
დონეცკელებმა მეორე ტაიმში 3 გოლის გატანა შეძლეს და ამ ერთი შეხედვით ურთულეს შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
მატჩის გმირი სიკანი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ერთი კი ჯარიმიდან რაკიცკიმ გაიტანა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მასპინძლებს გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა კაპიტანმა ტობი ალდერვეირელდმა პენალტი კარს ააცილა.
ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარი“ მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ სტუმრად გამართავს.