სანიოლი: პასუხისმგებლობას ვიღებ, ესპანეთთან თამაშის გეგმა მთლიანად არასწორი იყო
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განვლილ მატჩებზე და გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.
შესარჩევი ციკლი და რთული ქვეჯგუფი
„ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში დიდი ბრძოლა გველოდა წინ. ისინი სხვა სამყაროდან არიან, სხვა დონეზე. გვერჩივნა უფრო მარტივი ჯგუფი შეგვხვედროდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვფიქრობ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. დიახ, ბოლო კვირებში ალბათ რაღაცები კარგად ვერ გავაკეთეთ. ევოლუციაც ეს არის, ზოგჯერ ხაზი ზემოთ ადის, ზოგჯერ კი ქვემოთ. აუცილებელია, რომ ძალისხმევა რეგულარულად ჩავდოთ, რომ შედეგს მივაღწიოთ“.
დასკვნები ჯერ ნაადრევია?
„შედეგებზე ჯერ აქცენტს ვერ გავაკეთებ, რადგან შედეგების გარდა ბევრი ფაქტორი არსებობს. ჩვენი სათამაშო სტილი უნდა გავაანალიზოთ. როგორც უკვე ვთქვი აქცენტი განვითარების პროცესზე გავაკეთეთ და არა შედეგზე. თუმცა ბოლოს ჩვენი თამაშის ხარისხი არც ისე კარგი იყო. კმაყოფილები არ ვიყავით რაც ნორვეგიაში ვნახეთ. მეტის გაკეთება შეგვეძლო“.
კატასტროფული მატჩი ესპანეთთან
„ესპანეთთან კატასტროფული მატჩის შემდეგ ფეხბურთელების რეაქცია მომეწონა. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.
ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო მთლიანად არასწორი, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ასევე არასწორი იყო მოთამაშეთა მიდგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ის ჩავარდნა იყო, რომელიც ნებისმიერ გუნდს ერთხელ მოსდის. ეს იყო კატასტროფა და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.
რაც შეეხება ნორვეგიას, იმ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. არ ვიცი თქვენ რას ეძახით საგოლე მომენტებს, მაგრამ ეს ფაქტი იყო. ნორვეგიასთან შესაძლებლობები იყო, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ“.
სოლბაკენის ფრაზა ჩვენ ნაკრებზე
„რაც შეეხება ნორვეგიელთა მწვრთნელის ნათქვამს, მათი საგოლე მომენტების რაოდენობას, რომ გადავხედოთ, გასათვალისწინებელია მათი მოთამაშეების დონე, ყველა მათგანი უმაღლესი დონის გუნდში გამოდის. ამიტომ, მის ადგილას მე აქცენტს საკუთარ გუნდზე გავაკეთებდი და არა მეტოქის კოლექტივზე. მის კრიტიკას არ ვიღებ, სჯობს მის საქმეს მიხედოს“.
კვარაზე დამოკიდებულება
„რა თქმა უნდა, როცა ასეთი ლიდერი ფორმაში არ არის, ამით გუნდიც ზარალდება, თუმცა ამით თავის მართლებას არ ვაპირებთ. ხვიჩა უკვე ფორმაში დგება, ის შრომას განაგრძობს და მჯერა კვიპროსთან ის ყველაფერს დაამტკიცებს.
ხვიჩა სწორ გზაზე დგას და მჯერა ის თვითრწმენას დაიბრუნებს“.
რატომ არ შეწყდა შოტლანდიასთან მატჩი?
„ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ასეთ მომენტებში ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ. ასეთ დროს ყველაფერს ფიფა წყვეტს.
3 წუთის შემდეგ მსაჯს ვთხოვე, რომ შეხვედრა უნდა შეგვეწყვიტა. შოტლანდიის მწვრთნელმაც იგივე თქვა. მაგრამ მსაჯმა უარი გვითხრა“.
რომელ რგოლში უჭირს ნაკრებს დღეს ყველაზე მეტად?
„ჯერ დასკვნები ნაადრევია. მთავარია ერთა ლიგაზე პლეი-ოფში რას ვიზამთ. პლეი-ოფამდე ნაკრებში შანსს ბევრი ახალი მოთამაშე მიიღებს“.
პრობლემატური საყრდენის პოზიცია
„არ ვეთანხმები ამ აზრს, რომ ამ პოზიციაზე პრობლემები გვაქვს. ჩვენ სათამაშო სისტემა შევცვალეთ. კანკავამ ნაკრებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისი წასვლის შემდეგ კი ჩვენ სისტემა შევცვალეთ, არ ვთვლი, რომ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს“.
იქნებიან, თუ არა ახალწვეულები ნაკრებში
„უახლოეს ორ მატჩში შანსი ბევრ მოთამაშეს მიეცემა. მათ უნდა დამანახონ, რომ ისინი განვითარდნენ და შემდეგ მათ შანსი მიეცემა. თუ ამ შანსებს გამოიყენებენ, მაშინ შემდეგ მე ცვლილებებს განვახორციელებ“.
ტაქტიკის ცვლილება
„არ ვაპირებ პირდაპირ ეთერში ტაქტიკაზე ვისაუბრო. ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან, როგორ ვითამაშებთ. ერთს ვიტყვი, მთავარია დისციპლინა, გუნდური დისციპლინა, გუნდური მიდგომა, ასეთ შემთხვევებში წარმატებები გვაქვს, თუ ამას სწორად ვაკეთებთ. აქამდე ეს გვქონდა და მარტშიც ამის ხილვა მსურს.
ცვლილებები იქნება, არ იქნება ის გუნდი, რომელმაც ნორვეგიასთან ითამაშა. ახალი სისხლი ყოველთვის მნიშვნელოვანია“.
რას ვერ მიაღწია ჯერჯერობით ნაკრებში?
„ვიტყოდი, რომ მინდა უფრო მეტი ძალისხმევა გამოავლინოს. ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც უამრავი ენერგია აქვთ, მაგრამ ამას ვერ ავლენენ, რადგან სათამაშო სტრუქტურას კარგავენ, მიდგომას, რიგ ეპიზოდებში მათი ემოციები მათ ტვინს აკონტროლებს, რაც ცუდია. თუ ეს გამოსწორდა, უფრო მეტ გოლს გავიტანთ“.