ილია თოფურია, ჰენრი სეხუდო, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თოფურიას ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია“ - როგორია ჰენრი სეხუდოს პროგნოზი

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ დიდი შანსია, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ და ილია თოფურიამ 20 იანვარს იჩხუბონ. „ტრიპელ სიმ“ „ვოლკისა“ და „ელ მატადორის“ ბრძოლის პრევიუ შემოგვთავაზა, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრა და პროგნოზიც გააკეთა.

„ვოლკანოვსკი სიმაღლეში 168 სანტიმეტრია და როცა შენნაირი სიმაღლის მქონე მეტოქეს ხვდები, შესაძლოა, ბევრი რამ გართულდეს, რადგან შენზე მაღალ მებრძოლებთან ჩხუბს ხარ შეჩვეული. თოფურიას სიმაღლე 170 სანტიმეტრია და ილიას შეუძლია, ეს სათავისოდ გამოიყენოს.

ვოლკანოვსკის ყველაზე ძლიერი მხარე უდიდესი საჩემპიონო გამოცდილებაა. იგი თითოეული მეტოქისთვის ბრწყინვალედ ემზადება, სრულყოფილი მებრძოლია, შესანიშნავი ცრუმოძრაობები აქვს და დარტყმებს ჩინებულად ამზადებს. მისი სუსტი მხარე არის ძალის ნაკლებობა, რომლის წყალობითაც, მოწინააღმდეგეების ერთი დარტყმით დანოკაუტება შეუძლია და ამასთან, მის ჩხუბებში იყო მომენტები, როცა საშინელ პოზიციაში აღმოჩნდა.

ილია თოფურიას ძლიერ მხარეებს რაც შეეხება, ელ მატადორი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ძლიერი ხელები და ბრწყინვალე კრივი აქვს და თუ საჭირო გახდა, ჭიდაობის გამოყენებაც შეუძლია. მისი მთავარი მინუსი მაღალ დონეზე ჩხუბის მცირე გამოცდილებაა. იგი კრივზე ზედმეტადაა დამოკიდებული და ისეთი დგომი აქვს, მეტოქეებს, ფეხით განხორციელებული დარტყმებით, მისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.

როგორია ჩემი პროგნოზი? ურთულესია ეჭვი შეიტანო ვოლკანოვსკის მსგავს მებრძოლში, რომელმაც ქამარი უამრავჯერ დაიცვა, მაღალ წონით დივიზიონში ავიდა და ისლამ მახაჩევს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია. მაინც თოფურიას მხარეს ვიხრები, მაგრამ ძნელია ვოლკანოვსკისნაირი მებრძოლის წინააღმდეგ წახვიდე, რომელსაც ელიტარულ მეტოქეებთან უჩხუბია. თუ ილიამ ფეხით განხორციელებული დარტყმების თავიდან არიდება შეძლო და ქართული ჭიდაობა გამოიყენა, მგონია, რომ კი არ გაიმარჯვებს, დომინანტურ სტილში მოიგებს. თუმცა, საკითხავია, ამას გააკეთებს თუ არა. დიდი ალბათობით, 20 იანვარს გავიგებთ ვინ მოიგებს და ვინ იცის, იქნებ ამ ქარდზე ჩემი და მერაბ დვალიშვილის ჩხუბიც იხილოთ“.

ცნობისთვის, MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას დაპირისპირება UFC 297-ის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც კანადა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია