იბერია 1999, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიორგი დევდარიანი
Aa
Aa

დევდარიანი საბურთალოში? - თეთრაძის შეცვლის მთავარი კანდიდატია

CrystalSport-ის ცნობით, "საბურთალო" მოლაპარაკებას გიორგი დევდარიანთან აწარმოებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, გარკვეულ დეტალებზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.

ომარ თეთრაძის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას უჩა სოსიაშვილი ასრულებს, თუმცა „საბურთალოს'' ხელმძღვანელებს სურთ, რომ ამ თანამდებობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გიორგი დევდარიანმა იმუშავოს, რომელიც ბოლოს თბილისის „ლოკომოტივს'' წვრთნიდა (2016-17), ამჟამად კი ინდივიდუალური მომზადების ცენტრის, „ფეოლას'' დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

დევდარიანი თბილისის „თბილისს'' (2002-04), საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს (2010-12, 2014-15), თბილისის „დინამოს'' (2012), გორის „დილას'' (2013), საქართველოს 17-წლამდე ნაკრებსა (2013-14) და თბილისის „ლოკომოტივს'' (2016-17) წვრთნიდა. ასევე, „ტრაბზონში'' შოთა არველაძის ასისტენტი იყო (2015). გარდა ამისა, „საბურთალოს'' აკადემიაში ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა, აკადემიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა.

გარდა ამისა უნდა ითქვას რომ 2017 წლის შემდეგ გიორგი დევდარიანს პროფესიულ ფეხბურთში არ უმუშავია, ბოლო წლებში „ფეოლა'' დააფუძნა და ახალგაზრდების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

საკადრო ცვლილებები „საბურთალოში''

მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძის გარდა „საბურთალოს'' მისი ასისტენტები, გიორგი ნავალოვსკი და გუგა ნერგაძე დაემშვიდობნენ. ასევე, საბურთალო“ ანალიტიკოსმა თემო ბაგრატიონმა, ადმინისტრატორმა მიხეილ კალატოზიშვილმა და ფიზმომზადების მწვრთნელმა ვიალიზ ანატოლიმ დატოვეს.

თეთრაძის წასვლის შემდეგ უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „ტორპედოსთან'' ითამაშეს და ქუთაისში დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (5:0). „საბურთალომ'' ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო, ამ ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია და 8 გოლი გაუშვა. ასეთი დიდი ჩავარდნა „საბურთალოს'' ბოლო წლებში არ ჰქონია.

CrystalSport-ი წერდა, რომ თბილისურ კლუბში არაჯანსაღი გარემოა, რის შექმნასაც კლუბის დამფუძნებლის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ქმედებებმა ხელი შეუწყო, „სამგურალთან’’ მარცხის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი საფეხბურთო დონით, საფეხბურთო კლასით უკმაყოფილო იყო. გარდა ამისა, როცა გუნდი ზესტაფონიდან თბილისში ბრუნდებოდა, ხეჩიკაშვილმა უკანა გზაზე დაგეგმილი კვება გააუქმა და გუნდი თბილისში კვების გარეშე დაბრუნდა. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მატჩი დიდი ენერგიის გაღებას მოითხოვს და შემდეგ ზესტაფონიდან თბილისში ავტობუსით ჩამოსვლას დაახლოებით 3 საათი სჭირდება. 

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, რაც კლუბში არსებულ დაულაგებელ და არაჯანსაღ ვითარებას ხაზს უსვამს, „სამგურალთან'' მარცხის შემდეგ, როცა თეთრაძე გუნდიდან პირველად წავიდა, „საბურთალოს'' თეთრაძის ასისტენტი გუგა ნერგაძე ამზადებდა. კლუბმა ნერგაძეს უთხრა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებდა, თეთრაძე უნდა შეეცვალა, თუმცა შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა, შეთანხმება დაარღვია და თეთრაძე დააბრუნა. გამომდინარე იქიდან, რომ „საბურთალომ'' გადაწყვეტილება შეცვალა, ნერგაძემ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. კლუბის მენეჯმეტს გადადგმულ ნაბიჯებში დამაჯერებლობა აკლდა. ნერგაძე „საბურთალოდან'' „თელავთან'' მატჩის წინ წავიდა, მას შემდეგ რაც თეთრაძის დაბრუნება დადასტურდა. საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისის „დინამოსთან'' წაგებული თამაშის შემდეგ თეთრაძე გუნდს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები