დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა აკლდა - იტალიური მედია ხვიჩაზე
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე'' მადრიდის „რეალთან'' 2:3 დამარცხდა.
ანგარიში მე-19 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგორმა გახსნა. პირველი ტაიმი მადრიდის „რეალმა’’ ვინისიუსისა და ბელინგემის საოცარი გოლებით მოიგო - 1:2. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ’’ ანგარიში გაათანაბრა, ოსიმენმა პენალტი მოიპოვა და შანსი პიოტრ ჟელინსკიმ გამოიყენა -2:2. 78-ე წუთზე ვალვერდემ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა, თუმცა მსაჯმა მერეტის ავტოგოლი დააფიქსირა,„სამეფო კლუბმა'' ამ გოლით 3 ქულა მოიპოვა.
იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს:
Eurosport: „პირველ ტაიმში რამდენჯერმე ეფექტურად იმოქმედა, ვერტიკალურად თამაშობდა. მეორე ტაიმში თამაშში უფრო ჩაერთო, მაგრამ დამაგვირგვინებელ მომენტში ნაკლებად ცივსისხლიანი იყო’’.
Mediaset: „შესვენების შემდეგ უფრო სწრაფად მოქმედებდა, უფრო მეტად აგრესიული იყო, რაც „ნაპოლის’’ თამაშზე აისახა, მასპინძელთა შეტევები უფრო მწვავე გახდა’’.
Calcionapoli 1926: „მაქსიმალურად ცდილობს სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა როცა მეტოქის ფეხბურთელები მჭიდროდ გეთამაშებიან, შეტევების გამწვავება რთულია. მისი დრიბლინგი სახიფათოა, თუმცა მოედანზე ცოტა სივრცეა’’.
ხვიჩა კვარაცხელია პირველ ტაიმში შეტევებს ვერ ამწვავებდა, თუმცა შესვენების შემდეგ შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის'' ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა.
რუდი გარსიამ ქართველი გარემარბი შეუცვლელად ათამაშა. ხვიჩა ბურთს 62-ჯერ შეეხო, 37 პასი შეასრულა, 31 ზუსტი იყო. მის აქტივში 3 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 14 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, ხოლო ჰაერში ორივე ორთაბრძოლა დათმო. ბურთი 16-ჯერ დაკარგა.
„ნაპოლიმ'' პირველ ტურში „ბრაგას'' მოუგო. ასე რომ ორი ტურის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის აქტივში 3 ქულაა.
2 ტურის შემდეგ „რეალი'' 6 ქულით პირველ ადგილზეა, „ნაპოლი'' და „ბრაგა'' 3-3 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ, ბერლინის „უნიონი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მესამე ტურში „ნაპოლი'' ბერლინის „უნიონს'' ესტუმრება, „რეალი'' - „ბრაგას'' (24 ოქტომბერი, 23:00).