საოცარი მატჩი მარადონაზე - ხვიჩას ნაპოლი რეალთან დამარცხდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე'' მადრიდის „რეალთან'' 2:3 დამარცხდა. ნეაპოლში სანახაობრივი მატჩი შედგა, გუნდებმა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს. ასევე აღსანიშნავია „სამეფო კლუბის'' საოცარი გოლები.
ანგარიში მე-19 წუთზე ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგორმა გახსნა. პირველი ტაიმი მადრიდის „რეალმა’’ ვინისიუსისა და ბელინგემის საოცარი გოლებით მოიგო - 1:2.
შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ’’ ანგარიში გაათანაბრა, ოსიმენმა პენალტი მოიპოვა და შანსი პიოტრ ჟელინსკიმ გამოიყენა -2:2. 78-ე წუთზე ვალვერდემ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა, თუმცა მსაჯმა მერეტის ავტოგოლი დააფიქსირა,„სამეფო კლუბმა'' ამ გოლით 3 ქულა მოიპოვა.
მატჩის მიმოხილვა
ხვიჩა კვარაცხელია პირველ ტაიმში შეტევებს ვერ ამწვავებდა, თუმცა შესვენების შემდეგ შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის'' ფეხბურთელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. რუდი გარსიამ ქართველი გარემარბი შეუცვლელად ათამაშა.
ხვიჩა რეალის წინააღმდეგ
ხვიჩა ბურთს 62-ჯერ შეეხო, 37 პასი შეასრულა, 31 ზუსტი იყო. მის აქტივში 3 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 14 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, ხოლო ჰაერში ორივე ორთაბრძოლა დათმო. ბურთი 16-ჯერ დაკარგა. დრიბლინგის 5 მცდელობიდან 4 წარმატებული იყო.
„ნაპოლიმ'' პირველ ტურში „ბრაგას'' მოუგო. ასე რომ ორი ტურის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის აქტივში 3 ქულაა.