„სუპერ ქომაგები გვყავს, ნაკრებს აღმასვლა აქვს“ - სანიოლის ასისტენტი Daily Mail-ს ესაუბრა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ ვებმა, რომელიც სამწვრთნელ შტაბს ახლახან შეუერთდა, Daily Mail-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ვებმა საკუთარ კარიერაზე ილაპარაკა და „ჯვაროსნებში“ მუშაობასაც შეეხო.
„საქართველოს ძალიან კარგი კულტურა აქვს და ნაკრებს სუპერ გულშემატკივრები ჰყავს. ისინი, თბილისში მდებარე 55 000-იანი სტადიონის ტრიბუნებიდან, ფეხბურთელებს მატჩის ბოლო წუთამდე ქომაგობენ. ქართველ მოთამაშეებს თავიანთი საქმე ძალიან უყვართ და საქართველოს ნაკრებს აღმასვლა აქვს.
პირველი სანაკრებო შეკრებით სიამოვნება მივიღე და ამ თვეში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩავალ. ვილისთან მუშაობა ძალიან კარგი რამაა. მას წლებია ვიცნობ და ტოპ კლასის მწვრთნელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კარგადაა ორგანიზებული და იქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. საერთო ჯამში, მთელი კულტურა და მიღებული გამოცდილება ძალიან მომწონს“.
ცნობისთვის, დევიდ ვებს „კრისტალ პალასისა“ და „ტოტენჰემის“ აკადემიაში უმუშავია. იგი „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ ყოფილი სკაუტი გახლავთ და 2019 წელს, „ჰადერსფილდის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2022 წლის დეკემბერში, იგი „იორკში“ დაინიშნა, თუმცა თებერვალში პოსტის დატოვება მოუწია.