შონგამ თამაში 95-ე წუთზე გადაარჩინა - სამგურალმა გაგრასთან ქულები დაკარგა
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „სამგურალისა'' და „გაგრას'' შეხვედრა ზესტაფონში 2:2 დასრულდა.
მას შემდეგ რაც გიორგი ჭელიძემ „სამგურალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის მოვალეობას მიხეილ აშვეთია ასრულებს.
ანგარიში 28-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ პენალტიდან გახსნა. 36-ე წუთზე იაპონელ ტაკაი კაგაიამას ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა. „გაგრას'' მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ რთული დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სამგურალის'' ლეგიონერმა დენის ბალანიუკმა პენალტი მოიპოვა და ეს შანსი თავად გამოიყენა - 1:1. 51-ე წუთზე ტაიკი კაგაიამამ „სამგურალი'' დააწინაურა. „გაგრამ'' ანგარიში მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე გაათანაბრა, მუსელიანის საგოლე პასით ჯუსტინ შონგამ შეაგდო.
28 ტურში „სამგურალმა'' 43 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 2 ქულით ჩამორჩება. 29-ე ტურში „სამგურალი'' ზესტაფონში აუტსაიდერ „შუქურას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 15:00).
28 ტურში „გაგრამ'' 23 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა და ბოლოადგილოსან „შუქურას'' 15 ქულით უსწრებს, მე-8 ადგილზე მყოფ „სამტრედიას'' 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია. 29-ე ტურში „გაგრა'' „პეტრიაშვილზე'' „თელავს'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 18:00).
ფოტო: „სამგურალის'' პრესსამსახური