„კვარა უნიკალური ფეხბურთელია, მოგების ამბიცია გვაქვს“ - რუდი გარსია რეალთან მატჩზე
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ „რეალთან“ ჩანიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგ სპეციალისტს თან გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ახლდა და გარსიამ მომდევნო მეტოქეზე დეტალურად ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგა, როგორც მწვრთნელისთვის, ისე ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული ტურნირია. როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გესმის, მნიშვნელოვანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობ და აანალიზებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ადგილობრივი ჩემპიონატი გეხმარება და ლეჩესთან კარგად ვითამაშეთ. ტოპ 4-ში შევედით და შეგვიძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ვისიამოვნოთ. რეალმა ბოლო 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო. ბოლოს ეს 2022 წელს გააკეთა და შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. სამეფო კლუბის რიგებში იმ ფინალის მონაწილე 10 ფეხბურთელი თამაშობს და რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ამბიცია გვაქვს, რომ მოსაგებად ვითამაშოთ.
როგორ ვაპირებთ ბელინგემის მსგავსი მოთამაშის შეჩერებას? რეალმა კარგი სამუშაო გასწია და ბენზემას წასვლის შემდეგ, ბელინგემის დონის ფეხბურთელი გაიფორმა. მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ უნდა ვიფიქროთ და ხოსელუს ტრანსფერიც კარგი გარიგება იყო. რეალი ძლიერი და სრულყოფილი გუნდია, მაგრამ ჩვენც ბევრი შანსი გვექნება. ყველა კომპონენტში ძლიერი ვართ და ყველა დონეზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მოგების ამბიცია გვაქვს, თავმდაბლები ვიქნებით და შევეცდებით, ჩვენი ხარისხის 120 პროცენტი გამოვავლინოთ.
შეიცვალა რამე დამოკიდებულების მხრივ ჩემსა და გუნდს შორის? როცა პირველ ორ შეხვედრას იგებ, რთულია თქვა, რომ ცუდად დაიწყე. სერია A-ში ბურთს მეტოქეებზე მეტი დროის განმავლობაში ვაკონტროლებდით და კარშიც ხშირად ვურტყამდით. ალბათ, როცა მიზანს აღწევ, ყველაფერი მარტივდება და თავდაჯერება გიბრუნდება. მაგალითად შეგვიძლია, ხვიჩა კვარაცხელია ავიღოთ. გატანილი გოლის შემდეგ, ტვირთი მოეხსნა და მოედანზე ბედნიერია. ხვიჩა უნიკალური ფეხბურთელია და დრიბლინგით მეტოქის ჩამოშორება შეუძლია, მაგრამ მარტის შემდეგ, გოლი არ ჰქონდა გატანილი და ამაზე ფიქრის გამო, ფორსირებულად თამაშობდა. შეტევებს ახლა უკეთესად ვაგვირგვინებთ და უფრო ეფექტურები ვართ. სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოგვემატებინა და სტანდარტულების უკეთ შესრულებაც გვმართებდა.
რეალი შევისწავლეთ და ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე გადავიტანოთ და ჩვენი ხარისხი გამოვავლინოთ. ხვალინდელ შეხვედრაში სწორედ ამის დემონსტრირებას ვეცდებით და მატჩს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შევხვდებით. ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ დასჭირდებათ, რადგან ნაპოლი ბომბივით იქნება, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ 3-3 ქულა აქვთ და მათი დაპირისპირება „მარადონაზე“ გაიმართება. მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.