წიტაიშვილის ჰეთ-თრიკი - ბათუმის დინამომ შუქურა გაანადგურა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქობულეთის „შუქურა'' ბათუმში, „ჯონი ბაკურიძეზე'' ბათუმის „დინამოსთან'' 0:6 განადგურდა. 6-დან 3 გოლი ანდრე დემჩენკოს გუნდმა პენალტიდან გაიტანა.
ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ზარიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, პენალტი მოსიაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო დაინიშნა.
22-ე წუთზე წიტაიშვილის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში 2:0 გახდა (თამაშის წესი ვაწაძის წინააღმდეგ დაირღვა).
31-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ანგარიში გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის შემტევმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა. ასევე გეტყვით, რომ ღუდუშაური მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
View this post on Instagram
გიორგი წიტაიშვილმა 34-ე წუთზე დუბლი შეასრულა (ღუდუშაურის საგოლე პასი), 41-ე წუთზე კი - ჰეთ-თრიკი (ჩაბრაძის საგოლე პასი).
მეორე ტაიმში ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე ალექსანდერ იაკობსენმა პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. თერთმეტმეტრიანი გრიგოლ ჩაბრაძემ მოიპოვა.
ბათუმის „დინამომ'' 28 ტურში 62 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს'' 10 ქულით უსწრებს. 28-ე ტურში თბილისის „დინამო'' „პეტრიაშვილზე'' გორის „დილას'' მიიღებს (3 ოქტომბერი, 20:00).
ქობულეთის „შუქურამ'' 28 მატჩში მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, კლუბის წარუმატებელ გამოსვლაზე დიდი გავლენა ფინანსურმა პრობლემებმა მოახდინა.
29-ე ტურში ბათუმის „დინამო'' „საბურთალოს'' „მიხეილ მესხი 2''-ზე შეხვდება (8 ოქტომბერი, 20:00), „შუქურა'' კი წყალტუბოს „სამგურალს'' ესტუმრება (8 ოქტომბერი, 15:00).
ფოტო: ბათუმის „დინამოს'' პრესსამსახური